უსისხლოდ მოგვარებული მამაკაცური პრობლემა !

  • 13 სექტემბერი 2016

პროსტატის ადენომა მამაკაცების ‘’თავის ტკივილის’’ ყველაზე ხშირი მიზეზია. ის გავლენას ახდენს როგორც პირად ისე სოციალურ

ცხოვრებაზე.  დღეს უკვე წარმატებით არის შესაძლებელი ამ დაავადების დროული დიაგნოსტიკა  და მკურნალობის თანამედროვე  მეთოდებით სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნება. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილი პროსტატის ადენომის მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ გავესაუბრეთ აღნიშნული ცენტრის ექიმ–უროლოგს, ბატონ შოთა ბუგიანიშვილს

ბატონო შოთა, რა ჩივილებს უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება რომელსაც შესაძლებელია პროსტატის ადენომა აწუხებდეს?
პირველ რიგში აღნიშნული პათოლოგიის შემთხვევაში გასათვალიწინებელია ასაკი, 50 წლის ზევით ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს კონსულტაცია უროლოგთან ,იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას რაიმე  რაიმე ჩივილი .  რაც უფრო ხანდაზმულია  პაციენტი მით უფრო ხშირია პროსტატის ადენომის პრობლემები, თუმცა დღეს არც თუ იშვიათად ეს დაავადება ახალგაზრდა ასაკშიც იჩენს თავს.  ყურადღება უნდა მიექცეს აწუხებს თუ არა ღამით გახშირებული შარდვა ანუ ნიქტურია, შარდის ნაკადის მოდუნება, პერიოდულად წვა მოშარდვის დროს ანუ სტრანგურია, პერიოდულად შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. შესაძლებელია ყველა აღნიშნული სიპტომი ერთდროულად არ ჰქონდეს პაციენტს თუმცა ერთ–ერთი მათგანის არსებობა უკვე უროლოგთან მიმართვის საფუძველია.

როგორ ხდება პროსტატის ადენომის  დიაგნოსტირება?

პირველ რიგში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა ხდება სისხლში (PSI), ეს არის ონკომარკერი რომლის საშუალებითაც ვადგენთ ავთვისებიან გადაგვარებასთან ხომ არა გვაქვს საქმე. საეჭვო პასუხის შემთხვევაში ვაწარმოებთ  პროსტატის ტრანსრექტალურ ბიოფსიას. ყველაზე მარტივი და აპრობირებული მეთოდი არის საშარდე სისტემის ექოსკოპიური გამოკვლევა ნარჩენი შარდის და პროსტატის მოცულობითი ზომების განსაზღვრით.ასევე უროფლოუმეტრია რითაც ჩვენ ვსაზღვრავთ შარდის ურეთრიდან გამოდინების ხარისხს და ბოლოს, ყველაზე ძველი და ცნობილი მეთოდი – რექტალურ–დიგიტალური კვლევა.

ბატონო შოთა,  პროსტატი ს ადენომის მკურნალობის რა მეთოდები არის დანერგილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიის  დეპარტამენტში?
არსებობს პროსტატის ადენომის მკურნალობის როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სელექციური ალფა1 ბლოკატორებით, ფიტო და  ჰორმონალური პრეპარატებით თერაპიას განყენებულად, ან ერთდროულად – კომბინირებულად. კონსერვატიული მკურნალობის ეფექტიანობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რამდენად დროულად მიმართავს პაციენტი ექიმს და რამდენად ადრეულ სტატიაზე იქნება დაავადება დიაგნოსტირებული. კონსერვატიული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი.

ბატონო შოთა, ქირურგიული ჩარევის კუთხით რა შეიცვალა დღეს თანამედროვე მედიცინაში?
არსებობს  პროსტატის ადენომის ოპერაციის რამოდენიმე მეთოდი, თუმცა ძირითადად პრაქტიკაში დანერგილია ორი მეთოდი, ეს არის  პროსტატის ადენომექტომია ღია წესით ე.წ. სისხლიანი ოპერაცია, როდესაც ღია განაკვეთით ვახდენთ წინამდებარე ჯირკვლის ცირკულარულად ამოღებას. მეორე მეთოდი გახლავთ თანამედროვე უსისხლო ოპერაცია – TUR ტრანსურეთრული რეზექცია.

რა სიახლეებს სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიის დეპარტამენტი პროსტატის ადენომის მქონე პაციენტებს სამკურნალოდ?
ჩვენი სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უნიკალური გერმანული ხაზის აპარატით, ეს გახლავთ Olympus წარმოების ბიპოლარული მოწყობილობის ნაკრები, რომელიც უნივერსალურია მიკროქირურგიის მიმართულებით. აღნიშნული აპარატის მეშვეობით ხდება სპეციალური ხსნარით შარდის ბუშტის გამორეცხვა, რაც გამორიცხავს ტურსინდრომის განვითარებას, რომელსაც ხშირად ჰქონდა ადგილი მონოპოლარული ტურის დროს, ხშირი იყო ელექტრული ველის მოქმედებით შარდის ბუშტის და სფინქტერების ნერვკუნთოვანი აპარატის დაზიანება, ხშირი იყო სისხლდენებით გართულება, ინფექციებით გართულება. დღესდღეობით  საშუალება მოგვეცა ბიპოლარით ვაწარმოოთ ოპერაციები უსისხლოდ ისეთ კარდიოლოგიურ  პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჩანერგილი ელექტროსტიმულატორები, ასევე სხვა მეტალურ–ელექტრული იმპლანტები, რისი საშუალებაც ადრე არ გვქონდა. ბიპოლარით ჩატარებული ოპერაციების დროს სისხლისდენით გართულებები იშვიათია, ასევე იშვიათია ინფექციური გართულებები. თუ ადრე მონოპოლარული ტურით შეზღუდული იყო პროსტატის ადენომის მასა, ანუ საშუaლება იყო მაქსიმუმ 50–60 გრამი ადენომატოზურად შეცვლილი ჯირკვლის რეზექცია, ბიპოლარული აპარატის მეშვეობით შეზღუდვა არ გვაქვს და დროის მაქსიმალური ათვისებით და მაქსიმალური ეფექტურობით შეგვიძლია ოპერაციები ვაწარმოოთ ნებისმიერი ზომის პროსტატის ჯირკვალზე.

რა უპირატესობა აქვს ბიპოლარული აპარატით ჩატარებულ ოპერაციას და რით არის იგი კარგი პაციენტისთვის?
ბიპოლარით ჩატარებული ოპერაციები პაციენტისთვის დამზოგველია, ნაკლებად ტრავმულია, არ გვჭირდება ღია განაკვეთი და რეაბილიტაციის პერიოდი არის ხანმოკლე.  თუ ადრე პაციენტს უხდებოდა 10–15 დღე სტაციონარში დაყოვნება, ამჯერად ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაცია შემოიფარგლება სტაციონარში სამ დღიანი ყოფნით. 

ბატონო შოთა, ორიოდე სიტყვით გვითხარით თქვენი დეპარტამენტის სამომავლო გეგმების და დაგეგმილი ნოვაციების შესახებ?
ბიპოლარული აპარატი საშუალებას გვაძლევს  ვაწარმოოთ პროსტატის ადენომის რეზექცია პლაზმური ვაპორიზატორით, რაც გულისხმობს ქსოვილის არა კვეთას, არამედ აორთქლებას, რაც თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთ საუკეთესო მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.მას წარმატებით ვიყენებთ  ჩვენს კლინიკაში. მომავალში გათვალისწინებული გვაქვს  პროსტატის  ტრანსურეთრული რეზექცია ლაზერით , რომელიც ისეთივე ეფექტური და ატრავმულია როგორც პლაზმური ვაპორიზაცია.

ექიმთან კონსულტაციით დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ბატონ შოთა ბუგიანიშვილს შემდეგ ნომერზე 595 42 42 05




კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.