როდის უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?

  • 02 ნოემბერი 2016

ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზა რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს.



გინეკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ახალი მიდგომების შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი მინდია იობაშვილი გვესაუბრა.

„ქალების უმრავლესობა ექიმს მიმართავს მაშინ, როცა იწყება დისკომფორტი მცირე მენჯის ღრუში და მტკივნეული შეგრძნებები. დროული დიაგნოსტიკა დაავადებათა თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. პროფილაქტიკური გასინჯვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაავადებების დიდი ნაწილი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – აცხადებს მინდია იობაშვილი.

დიაგნოსტიკის რომელ მეთოდს გამოყოფდით?
– გინეკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს.
რეპროდუქციულ ორგანოთა მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაციას იძლევა ულტრაბგერითი კვლევა.
თანამედროვე აპარატებით შესაძლებელია მცირე კალიბრის სისხლძარღვების დათვალიერება, მიომური კვანძების ან სხვა წარმონაქმნების აგებულების განსაზღვრა და ამ მონაცემების საფუძველზე მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება.
საკმაოდ ინფორმაციული მეთოდია ჰისტეროსკოპია - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხელსაწყოთი საშვილოსნოს ღრუს შიგნიდან დათვალიერება. თანამედროვე ჰისტეროსკოპს ძალიან მცირე დიამეტრის მილი აქვს, ამიტომ საშვილოსნოს ყელი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ იხსნება. ამ პროცედურის დროს შესაძლებელია მცირე წარმონაქმნების ენდომეტრიუმის პოლიპებისა და სინექიების მოცილებაც.
მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ყველაზე ინფორმაციული არაინვაზიური კვლევაა. არაერთი გინეკოლოგიური დაავადების: ავთვისებიანი სიმსივნეების, საშვილოსნოსა და საკვერცხეების მოცულობითი წარმონაქმნების, ენდომეტრიოზის, დიაგნოსტიკისთვის მისი ჩატარება გაიდლაინებითაა მოწოდებული.

კერძოდ, რა დანიშნულებით გამოიყენება გინეკოლოგიაში მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია?
– მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება საშვილოსნოსა და საკვერცხეების როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტიკაში პათოლოგიური პროცესის გავრცელების, კერძოდ, მეზობელ ორგანოებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებში, ინვაზიის გამოსავლენად. გარდა ამისა, მას დიდი როლი აკისრია ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის ეფექტის შეფასებაში.

რამდენად შესაძლებელია მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება ორსულისთვის?
– დადგენილია, რომ 15-წუთიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (რაც რეალურად საკმარისი ხანგრძლივობაა კვლევისთვის) არ ზრდის ნაყოფის სიმახინჯეების განვითარების რისკს, ამიტომ მას თამამად იყენებენ ორსულებთან, ახალშობილებთან.

რას გვეტყვით მკურნალობის აქტუალურ მეთოდზე – ლაპაროსკოპიაზე?
– ლაპაროსკოპიულ მეთოდს წამყვანი როლი აკისრია უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ამ მეთოდით შესაძლებელია საშვილოსნოს მილების გამტარობის შემოწმება, მათი პლასტიკა, საკვერცხეების კაუტერიზაცია (სოლისებური ამოკვეთა) პოლიკისტოზის დროს და უშვილობის გამომწვევი სხვა პათოლოგიების მკურნალობა. დასავლეთის წამყვან კლინიკებში გინეკოლოგიაში ღია წესით ჩატარებული ოპერაციები წარსულს ჩაბარდა და სპეციფიკური ჩვენების გარეშე აღარ ტარდება. ჩვენს კლინიკაშიც 24 საათის განმავლობაში ლაპაროსკოპიულად იკვეთება საკვერცხის კისტა, მიომა, საშვილოსნო. თუმცა ყველა ქირურგი, რომელიც ამ მეთოდს იყენებს, ღია წესით ოპერაციის ტექნიკასაც უნდა ფლობდეს.

რას გვეტყვით მედიცინის სხვა სიახლეებზე გინეკოლოგიაში?
– თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევაა სიმსივნეთა სისხლძარღვოვანი ემბოლიზაცია. ამ მეთოდს მიმართავენ ფიბრომიომის დროს, რომელიც 10-დან 4 ქალს აღენიშნება. პროცედურა ნაკლებტრავმულია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ბარძაყის არტერიის გავლით და ანგიოგრაფიული კონტროლით. კვანძების მკვებავი სისხლძარღვები ემბოლიზდება (იხშობა) და კვანძის კვება წყდება, რაც მის ზომას ამცირებს. ქალი მეორე დღეს ეწერება სახლში.

და ბოლოს, რას ურჩევდით ქალებს?
– ქალებს ვურჩევდი, ჩაიტარონ რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვები და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. ეს მიანიჭებთ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, რაც ქალის მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოა!

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსს მინდია იობაშვილს ნომერზე 577116848




კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.