ხერხემლის ოსტეოპოროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ხერხემლის ოსტეოპოროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა, მყიფდება ძვლები და შესაბამისად იზრდება მოტეხილობის რისკი.

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ოსტეოპოროზი ყოველ მესამე ქალბატონში პოსტმენოპაუზურ ასაკში ვლინდება – ეს დაავადება 70 წელს გადაცილებული ქალებისა და მამაკაცების თითქმის ნახევარს აწუხებს.

როგორია ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, როგორ ხდება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობა, რა არის ხერხემლის მალების ოსტეოპოროზის გამომწვევი ფაქტორები, რა განსხვავებაა ვერტებროპლასტიკასა და კიფოპლასტიკას შორის?

ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგი, გაგა ბეგიაშვილი.

ბატონი გაგა გვირჩევს, რომ ხერხემლის ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მივმართოთ ნეიროქირურგს, რადგან დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა უფრო მეტად ეფექტური ხდება.

„კისრის, ზურგისა და წელის მიდამოში დისკომფორტისა და ტკივილის შემთხვევაში სასურველია, ნეიროქირურგს მიმართოთ, რადგან საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს ნეიროქირურგიული ჩარევა“, – აცხადებს გაგა ბეგიაშვილი.

– რას გვეტყვით ხერხემლის მალების ოსტეოპოროზის გამომწვევ ფაქტორებზე?
– განასხვავებენ პირველად და მეორეულ ოსტეოპოროზს. პირველადია პოსტმენოპაუზის პერიოდისა და სენილური ოსტეოპოროზი, რომელიც ქალს მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ უვითარდება, ასევე ხანში შესულთა ოსტეოპოროზი. გარდა ამისა, გამოყოფენ ახალგაზრდა ასაკში განვითარებულს და უცნობი მიზეზით აღმოცენებულ ოსტეოპოროზს.

მეორეული ოსტეოპოროზი სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების მიღების შედეგად ვითარდება, მაგალითად: ენდოკრინული, რევმატული, რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის, სისხლის, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე. აგრეთვე, ალკოჰოლიზმის, ნერვული ანორექსიის, კვების დარღვევის, ოვარიოექტომიის შემდეგ და სხვა. შესაძლებელია, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც გამოვლინდეს.

– როგორია ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები?
– რაც შეეხება ხერხემლის ოსტეოპოროზის დიაგნოსტირებას. როდესაც პაციენტს ხერხემლის არეში ჩივილები აღენიშნება, ნეიროქირურგთან მიმართვის შემთხვევაში უტარდება ხერხემლის სვეტის მაგნიტურ–რეზონანსური ტომოგრაფია, ასევე კომპიუტურული ტომოგრაფია, ხერხემლის სვეტის შეფასება და ოსტეოპოროზის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

– როგორ ხდება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოსტეოპოროზის მკურნალობა?
– რაც შეეხება ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობის ქირურგიულ მკურნალობას. როგორც მწვავე, ასევე ხანდაზმული მოტეხილობის შემთხვევაში ტარდება მინიინვაზიური ქირურგიული მკურნალობა; ეს გახლავთ კიფოპლასტიკა ან ვერტებროპლასტიკა, რომლის შემდგომაც პაციენტი რამდენიმე საათში აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

– რა განსხვავებაა ვერტებროპლასტიკასა და კიფოპლასტიკას შორის?
– კიფოპლასტიკის მეთოდი ძირითადად, გამოიყენება მოტეხილობის მწვავე პერიოდში რაც გულისხმობს მოტეხილი მალის სხეულის აღდგენას, მისი ანატომიური ზომების დაბრუნებას და გამყარებას ბალონით და ბიოცემენტით. რამდენიმე საათში პაციენტს შეუძლია, ფეხზე წამოდგეს და 24 საათში აქტიურ
ცხოვრებას დაუბრუნდეს. აღნიშნული მეთოდის წყალობით, პაციენტს დიდი ხნის განმავლობაში წოლითი რეჟიმი აღარ უწევს. ვერტებროპლასტიკის შემთხვევაში, ხანდაზმული მოტეხილი მალის სხეულის გამყარება ბიოცემენტით ხდება, რათა აღნიშნულ სეგმენტში მოტეხილობის გამო გამოწვეული ჰიპერმობილობა შემცირდეს და მოძრაობისას შესაბამის მიდამოში ტკივილი მოიხსნას.

– რა თანამედროვე ქირურგიული ჩარევის სახეები არსებობს ხერხემლის მალების ტრავმული დაზიანების დროს?
– ხერხემლის მალების ტრავმული დაზიანების დროს, ზოგჯერ საჭიროა, ხელოვნური პროტეზით მალის სხეულის გამოცვლა განხორციელდეს. ადრე ჩვენს ქვეყანაში ხერხემლის ოსტეოპოროზის შემთხვევაში, აღნიშნული ოპერაციების ჩატარება შეუძლებელი იყო, ვინაიდან მყიფე მალის სხეულებში საფიქსაციო საშუალებების ჩადგმა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ დღეს არსებული კიფოპლასტიკისა და ვერტებროპლასტიკის მეთოდების წყალობით, ხერხემლის ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილი მალის სხეულის გამოცვლა შესაძლებელი გახდა.


გისურვებთ ჯანმრთელობას!