რა არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების წინაპირობა?

რა არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების წინაპირობა?

ქალთა პოპულაციაში, ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს პირველი ადგილი უჭირავს.

ამ დაავადებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადრეული ან გვიანი მენსტრუალური ციკლი, ადრეული ან გვიანი მშობიარობა. აგრეთვე მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.

რა არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების წინაპირობა,რა ადგილი უჭირავს ტრავმას სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაში, როგორია სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა?

ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ონკოქირურგი, ზურა კაპანაძე.

„რამდენიმე ათეული წლის წინ ონკოლოგიურ პათოლოგიებს განაჩენად მიიჩნევდნენ. ხასიათდებოდა გარკვეული სტიგმით. დღეს ასე არაა! საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინაში უკვე არსებობს საშუალებები, რომ მოხდეს ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე, რაც შემდგომში განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტურობას, შესაძლებელია მიღწეული იქნეს ხანგრძლივი რემისია, ხოლო ზოგ შემთხვევაში 100%–იანი განკურნებაც კი“, – განაცხადა ზურა კაპანაძემ.

– რა არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების წინაპირობა?
– სარძევე ჯირკვლის სიმსივნე უმეტესწილად დაკავშირებულია ჰორმონულ დისბალანსთან, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. ქალბატონები ადრეული მენარქეთი, როცა მენსტრუალური ციკლი ეწყებათ 12 წელზე ნაკლებ ასაკში ან გვიანი, როცა ციკლი ვლინდება 14 ან 16 წლის ასაკის ზემოთ. ამასთან, ამ დაავადების წინაპირობად შეგვიძლია განვიხილოთ ადრეული მშობიარობა 18–20 წლის ასაკამდე და გვიანი მშობიარობა 30 წლის ასაკის ზემოთ, ასევე ხშირი აბორტები, კონტრაცეპტივის ხანგრძლივად და არასწორად გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრების წესიც მნიშვნელოვანია. საყურადღებო ფაქტორებია სხვადასხვა ინფექცია და კვებასთან დაკავშირებული საკითხები. სარძევე ჯირკვლის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების წინაპირობად ასევე შეგვიძლია განვიხილოთ წონაში მომატება, არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.
ამასთან, რისკ–ფაქტორს წარმოადგენს ძუძუთი კვებაზე უარის თქმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ზოგიერთი ქალბატონი ამ ბუნებრივ მოვალეობაზე ესთეტიკური შეხედულებების გამო ამბობს უარს, ეს კი ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.

– რა ადგილი უჭირავს ტრავმას სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაში?
– შესაძლებელია, ტრავმამ მოახდინოს სიმსივნის პროვოცირება.

– რა ჩივილებით ხასიათდება?
– რაც შეეხება ძუძუს კიბოს გამოვლენის კლინიკას. როგორც წესი, მოცულობითი ფორმის წარმონაქმნს ქალბატონი პირველად თავად აღმოაჩენს ხოლმე. ამ წარმონაქმნს აქვს უსწორმასწორო ზედაპირი. შესაძლებელია, კანზე გამოვლინდეს პათოლოგიური ცვლილება და სიმსივნის მოძრაობის დროს კანი გადაადგილდეს. დვრილს ჰქონდეს სპეციფიური შესახედაობა, განიცადოს დეფორმაცია; ვგულისხმობ, გვერდზე გადახრას ან ჩაბრუნებას. შეიძლება, ლიმონის ქერქის შესახედაობა ჰქონდეს. ხასიათდებოდეს სარძევე ჯირკვლიდან პათოლოგიური გამონადენით.

– რას გვეტყვით გენეტიკურ ფაქტორზე?
– გენეტიკურ ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა! განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალბატონის ოჯახის წევრები, და ან დედა სიმსივნითაა დაავადებული და მისი ასაკი ამ დროისთვის 40 წელზე ნაკლებია.
არსებობს ასეთი გენები BRCA1 და BRCA2, რომელთა მუტაცია აღენიშნებათ იმ ქალბატონების უმრავლესობას, რომელთაც უვითარდებათ სარძევე ჯირკვლების სიმსივნეები და შესაბამისად, იმ ქალბატონებში რომელთაც აქვთ სიმსივნის ოჯახური ანამნეზი რეკომენდირებულია ზემოთხსენებული გენის მუტაციის განსაზღვრა, რითიც შესაძლებელია დადგინდეს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობის რა მეთოდი არსებობს?
– ჩვენს კლინიკაში გამოკვლევის მეთოდების სრულფასოვანი სპექტრია წარმოდგენილი: ულტრაბგერითი კვლევა, მამოგრაფია, კტ კვლევა, მრტ კვლევა. ასევე ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რაც გულისხმობს სიმსივნის ბიოქიმიური მარკერების განსაზღვრას და სიმსივნის მორფოლოგიურ დიაგნოსტიკას.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს – სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების მკურნალობაში წამყვანია ქირურგიული, მედიკამენტური და სხივური თერაპია. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შესაძლებელია ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა სამივე რგოლის გამოყენებით: ეს არის როგორც ქირურგიული, ასევე ქიმიოთერაპია-იმუნოთერაპია და რადიაციული სხივური თერაპია.
მსურს, მკითხველს განვუმარტო, რომ ექიმთან დროული ვიზიტი 99%–ში, აღნიშნული დაავადებისგან სრულფასოვანი გამოჯანმრთელების საწინდარია.

– როგორია სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა?
– რაც შეეხება პრევენციას, პირველი ეს არის თვითგასინჯვა. ნებისმიერი წარმონაქმნის, უჩვეულოს გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია, განხორციელდეს ექიმთან ვიზიტი. მოგეხსენებათ, იყოფა ასაკობრივი ჯგუფები 40–დან 60 წლამდე, როცა ქალბატონებმა წელიწადში ერთხელ მაინც, რუტინულად უნდა ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლების რადიოლოგიური გამოკვლევა-მამოგრაფია, ხოლო საჭიროებისამებრ, ულტრაბგერითი კვლევა და სპეციალისტის კონსულტაცია.

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომრებზე ქალაქის: 202 25 25   |   მობილური: 577 119 119

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი ეკატერინე ციცხვაია