მწვავე პიოპნევმოთორაქსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

მწვავე პიოპნევმოთორაქსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

ფილტვი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა.


ოფიციალური სტატისტიკით, მთელ მსოფლიოში ფილტვის დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ფილტვის დაავადებებს შორის გავრცელებულია მწვავე პიოპნევმოთორაქსი. ეს პათოლოგიური მდგომარეობა გულისხმობს პლევრის ღრუში ჩირქისა და ჰაერის დაგროვებას, რაც ფილტვის პარენქიმაში არსებული დესტრუქციული პროცესების შედეგია. 

რა სიმპტომებით ხასიათდება მწვავე პიოპნევმოთორაქსი, რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, შესაძლებელია თუ არა მწვავე პიოპნევმოთორაქსის პრევენცია?

ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ზოგადი და თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სერგო ციცხვაია.

– რა სიმპტომებით ხასიათდება მწვავე პიოპნევმოთორაქსი?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე პიოპნევმოთორაქსი არის პლევრის ღრუში, ფილტვის ქსოვილში არსებული ჩირქოვანი კერის გახსნის შედეგი, ეს კი იწვევს ჩირქისა და ჰაერის დაგროვებას, ანუ პიოპნევმოთორაქსს. ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც განპირობებულია ერთი მხრივ ინტოქსიკაციით და მეორე მხრივ ფილტვის ქსოვილის კოლაბირებით (შეკუმშვით). გამოხატულია შემდეგი კლინიკური სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ცხელება, შემცივნება, ჰაერის უკმარისობა, ცილოვანი ბალანსის დარღვევა და სხვა.  

– რა იწვევს პიოპნევმოთორაქსს?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, პიოპნევმოთორაქსი არის ფილტვის პარენქიმაში (ქსოვილში) განვითარებული ჩირქოვანი პროცესების დესტრუქციის შედეგად განვითარებული ემპიემა ანუ ჩირქგროვა პლევრის ღრუში. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პირველადად ფილტვის ქსოვილში განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიები, მაგალითად, პნევმონია, ინფარქტ–პნევმონია, ფილტვის განგრენა, ფილტვის დესტრუქციული, დაჩირქებული კიბო და სხვა. რაც შეეხება გამომწვევ მიკრობებს, ამ შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ოქროსფერ სტაფილოკოკს, ასევე გრამ–დადებით და ანაერობულ მიკროორგანიზმებს. თანამედროვე კვლევების მიხედვით, დესტრუქციული პროცესებისთვის დამახასიათებელია პოლიმიკრობული ინფექცია, ანაერობულ–აერობული ასოციაციების სახით.

– როგორ ხდება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მწვავე პიოპნევმოთორაქსის დიაგნოსტირება?
– დიაგნოსტირებაში მთავარი ადგილი უჭირავს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს. ჩვენს კლინიკაში უპირატესობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, განსაკუთრებით კი ინფარქტ–პნევმონიების შემთხვევებში.

– როგორ მკურნალობთ პიოპნევმოთორაქსს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– არსებობს მკურნალობის 2 მეთოდი: კონსერვატული და ქირურგიული. მკურნალობას ვიწყებთ პლევრის ღრუს დრენირებით, ჩირქის მუდმივი ევაკუაციით პლევრის ღრუდან. ასევე ვიწყებთ პლევრის ღრუს ამორეცხვას ანტისეპტიური საშუალებებით, პარალელურად ბაქტერიოგრამის შესაბამისად ვაწარმოებთ ჩირქოვანი კერის მკურნალობას ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ვაძლიერებთ იმუნურ სისტემას, ვახდენთ დარღვეული ცილოვანი ბალანსის კორეგირებას. მიღწეული შედარებით კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ ე.წ. „ცივ პერიოდში“ გეგმიური წესით ხდება რადიკალური ოპერაციის ჩატარება, რაც გულისხმობს ჩირქოვანი ბუდის მთლიან ამოღებას – პლევრექტომია დეკორტიკაციას (დელორმის ოპერაცია). ამ პათოლოგიის მიზეზია ფილტვის პარენქიმაში ჩირქოვანი კერის არსებობა, ზოგჯერ პარალელურად საჭირო ხდება ფილტვის რეზექციის ჩატარება, ანუ ლობექტომია.   

– შესაძლებელია თუ არა მწვავე პიოპნევმოთორაქსის პრევენცია?
– ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება მიმართული უნდა იყოს ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი პროცესების განვითარების საწინააღმდეგოდ, რადგანაც ეს წარმოადგენს მწვავე პიოპნევმოთორაქსის ჩამოყალიბების მიზეზს. ვინაიდან ფილტვის აბსცესი უმეტეს შემთხვევაში ვითარდება არასრულყოფილად ნამკურნალევი მწვავე პნევმონიის შედეგად, ამიტომ აუცილებელია პნევმონიის სრული განკურნება.

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
– გახანგრძლივებული პნევმონიის შედეგად, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია ვერ იძლევა სასურველ შედეგს, გამოხატულია მაღალი ცხელება, შემცივნება, ჩირქოვანი ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი – ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს კლინიკას და გაკეთდეს განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევები. სასურველია ჩატარდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგს, სერგო ციცხვაიას ნომერზე 599 49 18 66

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს ნომერზე 577119119


გისურვებთ ჯანმრთელობას!


ავტორი ეკატერინე ციცხვაია


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად