რა არის „სპორტული გული“ და რა ტიპის ფიზიკური ვარჯიშია განსაკუთრებით სასარგებლო?

გული

„სპორტული გული“ თანამედროვე სპორტული მედიცინის, კერძოდ კი სპორტული კარდიოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მოგეხსენებათ, რეგულარული, ზომიერი ფიზიკური ვარჯიში წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. ფიზიკური აქტივობა ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციონირებაზე დადებითად მოქმედებს. ვარჯიში სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების (პროსტატის, ძუძუს, ნაწლავების სიმსივნე), ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, არტერიულ წნევას, დეპრესიას, შფოთვებს, დემენციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში „სპორტული გულის“ თემაზე პრეზენტაცია ჩაატარა კარდიოლოგმა, ექოკარდიოსკოპისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნანა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ახალი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური მეთოდი, Speckle tracking 2D strain ექოკარდიოგრაფია, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა სპორტულ მედიცინაში სპორტსმენების ფუნქციური რეზერვის პროგნოზირებისა და ფიზიკური დატვირთვის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევის საკითხებში.   

ჩვენი რესპონდენტია ქალბატონი ნანა, რომელიც მკითხველს გულის ჯანმრთელობის შესახებ სასარგებლო რჩევებს აძლევს.

,,სპორტული გული’’ (სპორტული გულის სინდრომი, დატვირთვის კარდიომეგალია) წარმოადგენს ფიზიკური დატვირთვის საპასუხოდ გულის ადაპტაციური და შეგუებითი ხასიათის მორფო–ფუნქციური და ელექტროფიზიოლოგიური ცვლილებების სიმპტომოკომპლექსს. ხანგრძლივი და ინტენსიური ვარჯიშები და ასევე მუდმივი სწრაფვა ახალი რეკორდებისკენ, რომელიც ხშირად რეკომენდირებული ნორმების ჩარჩოებს სცილდება, იწვევს ადამიანის გამძლეობის საზღვრების გადაწევას და ზოგჯერ არასახარბიელო შედეგებითაც მთავრდება. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დატვირთვის ტიპები სხვადასხვა მექანიზმებით ახდენენ ,,სპორტული გულის’’ განვითარებას, რაც პარკუჭის კედლის სისქისა და მისი მოცულობის ცვლილებით (რომლებიც განაპირობებენ მიოკარდის მასის მატებას) გულის სხვადასხვა ფიზიოლოგიური რემოდელირების ტიპების ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. თავდაპირველად ეს პროცესები ადაპტაციური ხასიათისაა, ხოლო შემდგომში დატვირთვების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მომატების პირობებში შეიძლება დეზადაპტაციურ პროცესებში გადავიდეს პათოლოგიური გულის ჩამოყალიბებით, ეს კი შეიძლება გახდეს სპორტსმენის დიდი სპორტიდან ჩამოშორების მიზეზი. სწორედ ამიტომ სპორტულ კარდიოლოგიის ერთ–ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ,,სპორტული გულის’’ პათოლოგიაში გადასვლის, ანუ ე.წ. რუხი შკალის საზღვრების ნაადრევი გამოვლენა სპორტსმენთა ინვალიდობისა და უეცარი კარდიალური სიკვდილის თავიდან აცილების მიზნით“, –განაცხადა ქალბატონმა ნანამ.

– განსაკუთრებით რა ტიპის ფიზიკური აქტივობაა სასარგებლო?
– განასხვავებენ ფიზიკური დატვირთვის ორ ძირითად ტიპს – დინამიკურს (აერობული, იზოტონური) და სტატიკურს (ანაერობული, იზომეტრული), თუმცა ასეთი დაყოფა შეიძლება ითქვას პირობითია და სპორტის ცალკეული სახეობა თითოეული ამ ტიპის კომბინაციაა.
ფიზიკური აქტივობის სარგებლობაზე საუბრისას კი პირველი რაც უნდა იყოს გათვალისწინებული არის ფიზიკური აქტივობებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, ორგანიზმის სისტემების მდგომარეობის გათვალისწინებით: სტატიკური, ანუ ძალისმიერი ვარჯიშები ემსახურება კუნთების ზრდას, მათ გამკვრივებასა და გაძლიერებას. ამ დროს ჟანგბადის მოხმარება მინიმალურია და ის იმ კუნთის მასის პროპორციულია, რომელზედაც მოდის დატვირთვა. ანაერობული დატვირთვები ზრდის ძვლის ქსოვილის, კუნთების სიმკვრივეს, აძლიერებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს ძილს და ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურთ. დინამიკური ტიპის, გამძლეობაზე დაყრდნობილი ფიზიკური აქტიურობის დროს, ჟანგბადზე მოთხოვნილება საგრძნობლად იზრდება. მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშები ძირითადად მოქმედებენ გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე და ზრდიან მათ ფუნქციონირებას, ამიტომ მათ კარდიოდატვირთვებსაც უწოდებენ, ხოლო მაღალი ინტენსივობის აერობული ვარჯიშები განაპირობებენ არამარტო გულის, არამედ კუნთების დატვირთვასაც და აღარ წარმოადგენს მხოლოდ აერობულ დატვირთვებს და ამიტომ მათ კომპლექსურს უწოდებენ. ამ დროს იხარჯება ენერგიის დიდი რაოდენობა. ვარჯიშების დაწყება თავდაპირველად ხდება სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სპეციფიკური ვარჯიშები, რომელიც კუნთების გარკვეული ნაწილის გაუმჯობესებას ემსახურება.
სიარული, ზომიერი სირბილი, ცურვა – ვარჯიშების ყველაზე იდეალური სახეობაა ნებისმიერი ასაკისა და სხეულის აღნაგობის პირებისთვის. ის საჭიროებს მინიმალურ დაძაბვას, მაგრამ მოაქვს მაქსიმალური სარგებელი, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გულის მუშაობას, ამცირებს სტრესს და დაძაბულობას, ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეჯისა და ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით, ზრდასრულმა ადამიანმა უნდა ივარჯიშოს ზომიერი დატვირთვით 30 წუთი კვირაში არანაკლებ ხუთი დღე და მაღალი ინტენსივობით 20 წუთი კვირაში არანაკლებ 3 დღე.

– რას გვეტყვით გულის დაავადების პირველ ნიშნებზე?
– ქოშინი მცირე მანძილზე გადაადგილების დროს, ზოგჯერ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. ტკივილი გულის არეში, გონების დაკარგვა, არითმია (გულის რითმის დარღვევა), ზოგჯერ კიდურების შეშუპება.

– რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არსებულ ექოკარდიოგრაფიაზე Speckle tracking 2D strain?
– Speckle tracking - 2D Strain ექოკარდიოგრაფია ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც მიოკარდის დეფორმაციის შესწავლით მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პათფიზიოლოგიური მექანიზმების ახსნისა და ასიმპტომური სტადიის ნაადრევი გამოვლინების შესაძლებლობას იძლევა. ეს მეთოდიკა დიაგნოსტიკის ასპარეზზე გამოჩნდა 2004 წელს და საფუძვლად დაედო მიოკარდის სპირალური შენების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მიოკარდი წარმოადგენს ორი სპირალურად დახვეული ბოჭკოების შრის ერთობლიობას. Speckle tracking (Speckle -ლაქა, tracking-თვალთვალი, დაკვირვება) ექოკარდიოგრაფიული კვლევის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს სხვადასხვა სიმკვრივის მქონე ორი გარემოს საზღვარზე ულტრაბგერითი სხივების ბუნებრივი გარდატეხვის შედეგად წარმოქმნილი ლაქების – აკუსტიკური მარკერების მოძრაობაზე დაკვირვება. ამ მოძრაობის ანალიზით ორგანზომილებიან რეჟიმში განისაზღვრება გამოსაკვლევი სეგმენტების გადაადგილება, გადაადგილების სიხშირე (სიჩქარე), დეფორმაცია და დეფორმაციის სიჩქარე და გულის ბრუნვითი პროცესები. 2D strain ტექნოლოგია სამ სიბრტყეში – სიგრძივი, ცირკულარული და რადიალური მიმართულებით მიოკარდის დეფორმაციის შედეგების ანალიზითა და გულის შემობრუნებისა (Rotation) და შემოგრეხვა/გახსნის (Twisting/Untwisting) პროცესების აღწერით მიოკარდის სეგმენტური და გლობალური კუმშვადობის, ასევე მისი ბრუნვითი მექანიკის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

სამედიცინო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ზომიერი არახანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა ზრდის შემობრუნება–შემოგრეხვის პროცესებს, მაშინ როდესაც ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში მოსვენებულ მდგომარეობაში - ამცირებს. მაგალითად, ფეხბურთელებს მოსვენებულ მდგომარეობაში არასპორტსმენებისაგან განსხვავებით დაქვეითებული აქვთ შემოგრეხვა/გახსნის პროცესები. ამით ისინი მოსვენებულ მდგომარეობაში ახდენენ შემოგრეხვის რეზერვის აკუმულირებას, რომელსაც შემდგომში ინტენსიური და ხანგრძლივი დატვირთვის პირობებში იყენებენ. ამასთან ასაკის ზრდასთან ერთად მოსვენებულ მდგომარეობაში შემოგრეხვის პროცესების გაზრდა დატვირთვის დროს - შემცირებულია. ზემოთ აღწერილ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობებს იძლევა სწორედ 2D strain ტექნოლოგია. ამიტომ მან ფართო გამოყენება ჰპოვა სპორტულ მედიცინაში.

ეს კვლევა არის თქვენი ჯანმრთელობის გარანტია.
ყველა ადამიანმა, სპორტსმენმა თუ რიგითმა მოქალაქემ, რომელიც ხშირად იტვირთება ფიზიკურად და სურს, რომ დაიზღვიოს თავი შესაძლო გართულებებისგან, საჭიროა ჩაიტაროს აღნიშნული კვლევა.
მობრძანდით, ჩაიტარეთ გამოკვლევა და მშვიდად განაგრძეთ თქვენთვის სასურველი და საყვარელი საქმიანობა რისკისა და საფრთხის გარეშე!


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს, ექოკარდიოსკოპისტს, ნანა ნიკოლაიშვილს ნომერზე 577 738 164

გისურვებთ ჯანმრთელობას!


ავტორი   ეკატერინე ციცხვაია


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.