ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოს ჰემოფილიის ასოციაციასა და ლიტვის ჰემოფილიის ასოციაციას შორის შეტყუპების ხელშეკრულება გაფორმდა

  • 19 მაისი 2017

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ლიტვის ჰემოფილიისა და საქართველოს ჰემოფილიის ასოციაციებს შორის შეხვედრა შედგა.

ჰემოფილია სისხლის მძიმე თანდაყოლილი და განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას. ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და დაავადების გამო სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს. ჰემოფილიას ხშირად ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა, თუმცა სისხლდენა შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ორგანოში, ძლიერი, მასიური და მტკივნეული სისხლჩაქცევებითა და სისხლდენებით – სახსრებში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში.

ღონისძიება ჩატარდა 16–17 მაისს ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიების ფარგლებში ორ ასოციაციას შორის დამეგობრების (შეტყუპების) პროგრამა ოფიციალურად გაფორმდა. ღონისძიებას ესწრებოდა და კურირებდა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კოორდინატორი, იულიან ტსოლოვი.

ე.წ. შეტყუპების პროგრამის ძირითადი პრინციპია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ჰემოფილიის საზოგადოებების შეტყუპება, დამეგობრება. მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლით.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტმა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორმა, რომანოზ ხომასურიძემ. როგორც ბატონმა რომანოზმა განაცხადა, ეს არის საქართველოს ჰემოფილიის ასოციაციის არსებობის განმავლობაში რიგით მეორე შეტყუპების პროგრამა. პირველი შეტყუპების პროგრამა განხორციელდა მინესოტას შტატის ასოციაციასთან.
 
ლიტვის ჰემოფილიის ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა ეგიდიუსმა პრეზენტაციაზე სტუმრებს წარუდგინა ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორ თამაშობენ კალათბურთს ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები, როგორ სეირნობენ ნავით, ველოსიპედით, ესწრებიან გაკვეთილებს, სადაც ეუფლებიან ანტიჰემოფილიური ფაქტორ–კონცენტრატების თვითინფუზიის ტექნიკას და სხვა. ეს ბავშვები კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ ჰემოფილია არ არის განაჩენი და სწორი ტაქტიკისა და მკურნალობის მართვის წყალობით პაციენტს ისევე სრულფასოვნად შეუძლია ცხოვრება, როგორც ნებისმიერ ადამიანს.
 
ლექციას ჰემოფილიით დაავადებული ბავშვების მშობლებიც ესწრებოდნენ.

ლიტვის ჰემოფილიის ასოციაციის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ ლიტვაში მიიწვიოს 10–დან 14 წლამდე ასაკის ჰემოფილიით დაავადებული 3 ქართველი ბავშვი. ისინი ლიტვაში ლიტველ ბავშვებთან ერთად საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ. ბავშვებს ექიმი, ექთანი და ფიზიოთერაპევტი შეასწავლიან ანტიჰემოფილიური ფაქტორ–კონცენტრატების თვითინფუზიის ტექნიკას. საზაფხულო ბანაკში ბავშვები შეეჩვევიან, ისწავლიან დამოუკიდებელი ცხოვრების წესს. ამ ჟესტით 2 ქვეყანასა და ორგანიზაციას, ასევე ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებს შორის ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდება.

ღონისძიება დაგვირგვინდა თემით „სტომატოლოგია და ჰემოფილია“. პრეზენტაცია წარმოადგინა ექიმმა სტომატოლოგმა, ირაკლი ჩაჩუამ, რომელმაც სტომატოლოგიური კლინიკა გახსნა, სადაც ემსახურებიან ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტებსაც. ის სტუმრებს პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ ესაუბრა, კერძოდ რას უნდა მიაქციოს ყურადღება ჰემოფილიით დაავადებულმა ადამიანმა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ყოველ 6 თვეში, სტომატოლოგთან ვიზიტი.
 
სტუმრებმა დაათვალიერეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრი.
  

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.