რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ სეზონური ალერგიის დროს?

რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ სეზონური ალერგიის დროს?

გაზაფხულს თან ახლავს სეზონური ალერგია.

ალერგია გარემო ფაქტორის მიმართ ადამიანის მომატებული მგრძნობელობაა. მას ორგანიზმში იმუნური სისტემა აბალანსებს. იმუნურ სისტემას დაცვითი მექანიზმი აქვს – ანტისხეულებს გამოიმუშავებს. როდესაც ორგანიზმში ანტიგენი ჭარბობს და ანტისხეულებს ბრძოლა აღარ შეუძლიათ, ალერგიული რეაქცია ვითარდება.

სეზონური ალერგიისთვის დამახასიათებელია: ცხვირცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თვალების წვა და ქავილი. ტემპერატურა ალერგიის ნებისმიერ დაავადებას ახასიათებს. შეიძლება პაციენტს ყელში ქავილის შეგრძნება ჰქონდეს.

სეზონური ალერგიული რეაქციები მარტ-აპრილის თვიდან იწყება. თუ ძალიან თბილი ამინდებია და მცენარეებიც ადრე აყვავილდა, დაავადებაც შედარებით ადრე იჩენს თავს.

სეზონურ ალერგიაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგი, თინა მურადაშვილი.

ქალბატონი თინა ალერგიულ ადამიანებს ურჩევს, რომ თავი შეიკავონ ქარიან ამინდში ქუჩაში სეირნობისა და ვარჯიშისგან. ამასთან, სასურველია კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდოთ: თხილი, სტაფილო, ფორთოხალი, მზესუმზირა, მაიონეზი, მდოგვი, ხალვა, ჩიფსი, ჰამბურგერი, ტკბილი და გაზიანი სასმელი – ყველა ის პროდუქტი, რომელიც კონსერვატებს შეიცავს. ამასთან, ძლიერ ალერგიულ საკვებად ითვლება: მარწყვი, პომიდორი, ყავა, შოკოლადი, თევზეულობა, ფორთოხალი.
როგორც ქალბატონმა თინამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ხშირია კვებითი ალერგიაც და გაზაფხულზე ყველაზე ძლიერი ალერგენია მარწყვი. თუ კვებითი ალერგია გაწუხებთ, სასურველია ახალი ხილი შემოსვლიდან პირველ კვირებში არ მიიღოთ, მოგვიანებით მიირთვათ. გაითვალისწინეთ, რომ კვებითი ალერგია გამონაყართან ერთად შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით: პირღებინება, ფაღარათი (ერთჯერადად) მუცლის ტკივილი.

„გაზაფხულზე, ქარიან ამინდში როცა ხე-მცენარეები ყვავიან, ალერგიული კლინიკის გამოვლენის პერიოდი იწყება. საქართველოში შესწავლილია მცენარეების ყვავილობის კალენდარი. ამ კალენდრის მიხედვით, ინფორმაციას ვიღებთ იმაზე თუ რომელი მცენარე როდის ყვავის. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც იწყება გაზაფხულზე. მეორე ეტაპია მარცვლოვანი და პურეული მცენარეების ყვავილობა, ხოლო მესამე სარეველა მცენარეების ყვავილობის პერიოდი.
მცენარეების ყვავილობის პერიოდში ძირითადად ვლინდება პოლინოზი, რომელიც ალერგიული დაავადებაა და ვლინდება სასუნთი გზებისა და თვალების ლორწოვანი გარსის ანთებით. პაციენტს აღენიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ქავილი, ცხვირიდან და თვალიდან გამჭირვალე გამონადენი, ცხვირცემინება, სუნთქვის გაძნელება, ყელში ჩახეხვისა და ფხაჭნის შეგრძნება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ერთეული სულხუთვით. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ერთმანეთისგან გაარჩიოს გაციებისა და ალერგიული რინიტის კლინიკა. ალერგიის დროს ცხვირიდან გამონადენი უხვი თხიერია, შეიძლება დაერთოს ყნოსვის დაკარგვა და ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი), ჭინჭრის ციება და დერმატიტი. გაციების დროს კი გამონადენი მოყვითალოა, ტემპერატურა დამახასიათებელი, ამასთან, სახეზეა სხეულის ტეხვის შეგრძნება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, ხოლო ალერგიის დროს კი მანამ, სანამ ალერგენი არსებობს. ასევე გაზაფხულზე ვლინდება შერეული ბრონქული ასთმა ან ალერგიული ასთმა, რაშიც დამნაშავეა ალერგენი, რომელიც გაზაფხულზე იჩენს თავს. ბრონქული ასთმის გამოვლენა ძირითადად ხდება განსაზღვრულ პერიოდში მოყვავილე მცენარეების მტვერთან კონტაქტის დროს, ხეების, ბალახების, რთულყვავილებიანი მცენარეების მტვრის, სოკოს სპორების მიმართ. სიმპტომი უფრო ხშირად ღამით ვლინდება“, – განაცხადა ქალბატონმა თინამ.

– გაზაფხულის ალერგია ხშირად ვლინდება გამონაყარის სახით. როგორ განვასხვავოთ ალერგიული გამონაყარი არაალერგიულისგან?
– დიახ, გაზაფხულის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს კანის ფორმითაც. თუ გამონაყარს თან ახლავს ქავილი, კანზე წვის შეგრძნება, შეიძლება განვითარდეს შეშუპება – ეს ალერგიულია. შეიძლება გამონაყარი ჭინჭრის დასუსხვის მსგავსი იყოს და გამოვლინდეს ანგიონევროზული შეშუპება. ბოლო დროს მოიმატა ალერგიული ვასკულიტების ფორმებმა.
ბავშვებში გამონაყარი ვლინდება ლოკალურად იღლიებში, მუხლის უკანა ზედაპირსა და იდაყვებზე. სასურველია, ამ პერიოდში ბავშვმა არ მიირთვას ახალშემოსული ხილი და მოვარიდოთ დამნაშავე ალერგენებთან კონტაქტს.

- რას გვეტყვით სეზონურ ალერგიულ რინიტზე?
- სეზონური ალერგიული რინიტები განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებში (8–დან 20 წლამდე) იქცევს. შეიძლება თვითგანკურნებადიც კი იყოს და თავადვე ალაგდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გართულებები იჩენს თავს, რაც პოსტასთმური სინდრომით და ალერგიული ტიპის გამონაყარით გამოიხატება. ამიტომ, გართულება თავიდან რომ ავიცილოთ, შემდგომი ტაქტიკისა და მკურნალობისათვის, მშობელმა ალერგოლოგს უნდა მიაკითხოს. გადაუდებელ შემთხვევაში შეგიძლიათ, აფთიაქში წახვიდეთ, სადაც კონსულტაციას გაგიწევენ და პრეპარატს შეგირჩევენ, რომელიც დასაშვებია მიიღოთ მხოლოდ ერთი დღით და შემდეგ მიმართოთ ალერგოლოგს. ეს იქნება ერთგვარი პირველადი დახმარება, შემდეგ კი აუცილებლად ალერგოლოგს მიაკითხეთ. სეზონურის გარდა, ასევე გვაქვს მთელი წლის ალერგიული რინიტი. ეს ალერგიული რინიტი ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს. ალერგენის დადგენა ხდება ალერგოლოგთან გამოკვლევების საფუძველზე. ალერგიულ რინიტს მთელი წლის განმავლობაში იწვევს სინოტივე, ობი, სოკოები. ასევე არსებობს ოთახის მტვრის ტკიპა, რომელიც ორგანიზმის კანის უჯრედებით იკვებება. ბუდობს რბილ ქსოვილებში.

- რას გვეტყვით მზის ალერგიის შესახებ?
- როცა გაზაფხულზე მწველი მზეა, უმჯობესია ადამიანი სხივებს მოერიდოს. თუ აუცილებელი არაა, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავოს. სხვა შემთხვევაში კი მზისგან დამცავი ქუდი დაიხუროს. სასურველია, დღე ჩრდილში გაატაროს და არ ჩაიცვას მუქი ფერის ტანსაცმელი, შეიმოსოს ნატურალური ქსოვილის სამოსით.

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, რა რეკომენდაციები დაიცვან?
– როცა პაციენტი ალერგიულია ვურჩევთ რბილი ქსოვილი ტყავით შეცვალოს, ლოგინი კი ხშირად გაამზეუროს. ოთახი გაანიავოს დილით ძალიან ადრე ან გვიან, რადგან შუადღეს გარეთ მტვერია. საჭიროა, ფანჯრებისა და იატაკის სველი წესით დამუშავება. ალერგია განსაკუთრებით მწვავდება შემოდგომა-გაზაფხულზე. გამწვავებული ალერგიული ფონის მოგვარება დიეტოთერაპიითაცაა სასურველი. არ უნდა მივირთვათ მწარე, მჟავე, ტომატიანი საკვები, შემწვარი და თევზეულობა. სასურველია მიირთვათ ფაფეულობა, მაკარონი, ვერმიშელი, სუპეული, პიურე, მოხარშული ხორცი, დიდი რაოდენობით მინერალური წყალი და ჩაი, არავითარი წვენი! ერთადერთი შეიძლება მიიღოთ ჩირის, კომშის ან ვაშლის კომპოტი.

– რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ჩვენს კლინიკაში ძირითადად პაციენტები მოგვმართავენ მძიმე ფორმის ალერგიებით: მწვავე ალერგოლოზები (მედიკამენტური ალერგია), ანგიონერვოზული შეშუპება, კვებითი ალერგია, შრატისმიერი დაავადებები, ინსექტური ალერგია (მწერების ნაკბენით გამოწვეული), რომელთა ჰოსპიტალიზება ხდება ჩვენს კლინიკაში. პაციენტებს ვთავაზობთ სრულ კომფორტს, 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე, გვყავს ბევრი მადლიერი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი ბრუნდება სახლში.


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგს, თინა მურადაშვილს ნომერზე 577 11 86 43

გისურვებთ ჯანმრთელობას!