გაიცანით თქვენი შვილი დაბადებამდე! ულტრათანამედროვე აპარატი Voluson E 10 საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ნაყოფის ცხოვრებას საშვილოსნოში

გაიცანით თქვენი შვილი დაბადებამდე! ულტრათანამედროვე აპარატი Voluson E 10 საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ნაყოფის ცხოვრებას საშვილოსნოში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია უახლესი პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატით Voluson E 10.

Voluson E 10–ის საშუალებით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში.
აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ დახმარებით, 2015 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ პატარებს აქვთ უნიკალური შანსი წლების შემდეგ იხილონ თავიანთი მუცლადყოფნის პერიოდი.
ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“, მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი ელენე შათირიშვილი.
ქალბატონი ელენე ექოსკოპიის აპარატის შესახებ გვესაუბრება.
– რა ფუნქციებით გამოირჩევა ეს აპარატი?
– აპარატი აღჭურვილია განსაკუთრებული ელექტრონული კონვექსის ტიპის 4D გადამწოდით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად რეალურ გამოსახულებას. უაღრესად მნიშვნელოვან აპლიკაციებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია HD LIVE და HD LIVE SMOOTH. მოგეხსენებათ, თუ რამდენად ემოციურია მშობლისთვის გაიცნოს პატარა დაბადებამდე. ამ დაუვიწყარი შეგრძნების შესაძლებლობას გთავაზობთ Voluson E 10. აპარატი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ნაყოფის მიმიკა. ეკრანზე მომავალი მშობლები ხედავენ თუ როგორ გუნება–განწყობილებაზეა მათი შვილი. გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს მისი ნაყოფის ემოცია. წარმოიდგინეთ მშობლის რეაქცია, როცა საშვილოსნოში მყოფ პატარას რეალურ დროში ხედავს – ექოსკოპიის კაბინეტში ძალიან ხშირად ნახავთ შვილის ხილვით გამოწვეულ ბედნიერების ცრემლებს. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამეანო კვლევაში ეს არის ჩვენი დროის ყველაზე განვითარებული, დახვეწილი სისტემა.
STIC სისტემა საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში შევაფასოთ ნაყოფის გული, თუ როგორ ფუნქციონირებს ის. ამ აპარატის კიდევ ერთ დადებით თვისებას წარმოადგენს ის, რომ რეალურ დროში შეგვიძლია დავინახოთ ნაყოფის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა. პირველივე ტრიმესტრიდან ვახდენთ ნაყოფის ჩონჩხის, ტვინისა და სახის კუნთების ვიზუალიზებას.
– შესაძლებელია თუ არა ექოსკოპიის აპარატით ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ნაყოფის განვითარების ანომალიები?
– დიახ, 4D გადამწოდის წყალობით შესაძლებელია ადრეული ვადებიდანვე გამოვავლინოთ ნაყოფის ისეთი პათოლოგიები, რაც ადრე შეუძლებელი იყო! უამრავი ულტრათანამედროვე ფუნქცია ექიმს საშუალებას აძლევს დასვას დიაგნოზი ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს აპარატი საშუალებას გვაძლევს ადრეულ ვადაზე აღმოვაჩინოთ ნაყოფის განვითარების ანომალიები, შესაბამისად, თავიდან ვირიდებთ რიგ გართულებებს. ხოლო HD LIVE SILUET საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ვადაზე დავინახოთ ნაყოფის შინაგანი ორგანოები.
– ქალბატონო ელენე, გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ შეაფასოთ ნაყოფის მდგომარეობა, სამეანო კვლევებთან ერთად, აპარატის წყალობით რა პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი?
– აღსანიშნავია, რომ ეს თანამედროვე აპარატი მხოლოდ სამეანო კვლევებში არ გამოიყენება. იგივე ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო–მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას. ელასტოგრაფიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ ახალწარმონაქმნის ხასიათი, მაგალითად, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. აპარატის წყალობით შეგვიძლია 95%–ით განვსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა. მუცლის ღრუში ჩინებულად ვხედავთ შინაგან ორგანოებს, მათ ფუნქციონირებას. აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება. გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.
– გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ დაახლოებით, საშუალოდ, რა დრო სჭირდება პროცედურას?
– საშუალოდ, გამოკვლევისთვის ძველ აპარატებს 20–30 წუთი სჭირდებოდათ, თუმცა ამ აპარატის უპირატესობაა დროის დამზოგველობა, თითქმის განახევრებულია პროცედურისთვის განკუთვნილი დრო.
გისურვებთ ჯანმრთელობას!