ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

ხერხემალი ურთულესი კონსტრუქციაა. მისი მცირედი დაზიანებაც კი ცხოვრების ხარისხს ხშირად შესამჩნევად აუარესებს. ერთ-ერთი გამოსავალი ამ დროს ოპერაციული მკურნალობაა.

არც ისე დიდი ხანია, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ხერხემლის ოპერაციის ნაკლებტრავმული, მინიინვაზიური მეთოდები დაინერგა. ეს მეთოდები დღითი დღე იხვეწება და ვითარდება. საქართველოში ამ მიმართულების პიონერი ქირურგიის ეროვნული ცენტრია. ნეიროქირურგი  გაგა ბეგიაშვილი ხერხემლის დაზიანებებს სწორედ მინინვაზიური მეთოდებით მკურნალობს:

- ხერხემლის დაავადებათა 170-მდე მიზეზია ცნობილი. თვით ამ დაავადებათაგან ყველაზე ხშირად მალათაშუა დისკოს თიაქრები და პროტრუზიები (მცირე ზომის თიაქრები) გვხვდება. ამ დროს ადამიანი უჩივის ხელების, ფეხების, თითების დაბუჟებასა და წვას, კისრის, საზარდულის, კუდუსუნის მიდამოს ტკივილს, მიმართავს სხვადასხვა პროფილის ექიმებს და დაგვიანებით ხვდება (ზოგჯერ კი საერთოდ ვერ აღწევს) ნეიროქირურგთან, რომელიც დროულად დაადგენდა ან გამორიცხავდა ხერხემალში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს და გადაწყვეტდა, არის თუ არა საჭირო ოპერაციული მკურნალობა. მაგალითად, ზოგჯერ ზურგის ტვინიდან გამომავალი ფესვის არხი იმდენად ვიწროა, რომ პროტრუზია საკმარისია ნევრალგიის - ნერვული წარმოშობის ტკივილის - გამოსავლენად. კონსერვატიული მკურნალობით ასეთ პაციენტებთან, ბუნებრივია, ვერაფერს გავხდებით.

- მაშ, რას გვთავაზობენ ნეიროქირურგები პროტრუზიის სამკურნალოდ?

- თანამედროვე მსოფლიოში პროტრუზიის მკურნალობის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად ნუკლეოპლასტიკაა მიჩნეული. ეს გახლავთ მინიინვაზიური ანუ დახურული, უსისხლო ოპერაცია და გულისხმობს დისკოს ღრუში პულპის შევსებას სპეციალური ჟელეთი, რომელიც ხერხემალს მაამორტიზებელ ფუნქციას უნარჩუნებს. ნუკლეოპლასტიკა მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა დისკოს ფიბროზული რგოლი დარღვეული არ არის. მისი დარღვევა თიაქარს იწვევს, რაც ღია ოპერაციის ჩვენებად მიიჩნევა.

ხშირად გვხვდება მალის სხეულის ჰემანგიომა, სიმსივნე და ოსტეოპოროზიც. ჰემანგიომამ და სიმსივნემ შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, ხოლო ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობის რისკი 45 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ქალს და ყოველ მესამე მამაკაცს ემუქრება. ჰემანგიომაც და სიმსივნეც ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, აშკარა სიმპტომებს არ იწვევს და მათი აღმოჩენა მხოლოდ ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით არის შესაძლებელი. თუ ნეიროქირურგთან მისვლა დაგვიანდა, შესაძლოა, მალის სხეულის უნებლიე მოტეხილობაც გამოიწვიონ.

მოტეხილი ფრაგმენტი ზოგჯერ ზურგის ტვინსა და მისგან გამომავალ ნერვის ფესვს აწვება. ავადმყოფს გამუდმებით აწუხებს ტკივილი, ეზღუდება მოძრაობის უნარი. ამ დროს მივმართავთ ვერტებროპლასტიკას - მეთოდს, რომელიც მოტეხილი მალის სხეულის გამაგრებას ისახავს მიზნად. ეს მეთოდიც მინიინვაზიურია. კანის გავლით შევდივართ მალის სხეულში და შიგნით ბიოლოგიური ცემენტი შეგვყავს. ცემენტი სიცარიელეს ავსებს და მალა მაგრდება. ასეთი ოპერაცის ჩატარება შესაძლებელიაა როგორც მწვავე, ისე ხანდაზმული დაზიანების დროს.

- ვერტებროპლასტიკის გარეშე როგორია პაციენტის პერსპექტივა მალის მოტეხილობის დროს?

- მალის დაზიანების მკურნალობის კლასიკური მეთოდია ღია ოპერაცია, რომლის დროსაც მალის სხეულს იღებენ და ხერხემალს ჭანჭიკებითა და ღეროებით აფიქსირებენ. ეს საკმაოდ ტრავმული მეთოდია - იკეტება ხერხემლის, სულ ცოტა, სამი სახარი, რაც შემდგომ დამატებით პრობლემებს წარმშობს. პაციენტს ორი კვირიდან ერთ თვემდე ხანგრძლივობის წოლითი რეჟიმის დაცვა უწევს, მოგვიანებით კი შესაძლოა დისკოს თიაქარი განუვითარდეს, უჭირს გადაადგილება, საზოგადოდ, სოციალური ცხოვრება.

ოპერაციის გარეშე ხერხემლის მოტეხილობის მკურნალობის ერთადერთი გზა წოლითი რეჟიმია, რომელიც 2-3 თვეს გრძელდება, მერე კი პაციენტს კორსეტით სიარული უწევს. დიდხანს წოლა, განსაკუთრებით - ასაკოვან პაციენტებთან, უამრავ პრობლემას იწვევს.

ვერტებროპლასტიკის შედეგად არც ერთი სახსარი არ იკეტება, ოპერაციის ჩატარება 1-დან 5-მდემალაზეა შესაძლებალი.

ხერხემლის მწვავე დაზიანებისას ტრავმიდან ათი დღის განმავლობაში მიღებულია კიფოპლასტიკის ჩატარება. ეს ოპერაცია აქამდე არათუ საქართველოში, მთელ ამიერკავკასიაშიც არ ჩატარებულა. კიფოპლასტიკაც მალის სხეულში მინიინვაზიური მეთოდით შესვლას გულისხმობს. თავდაპირველად შეგვყავს ბალონი, რომელიც მალის სხეულს ანატომიურ ზომებამდე აფართოებს, მერე კი, უკვე გაფართოებულ ბალონში, ცემენტი შეგვაქვს.

ორივე ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ პაციენტი უკვე აქტიურია და არც რეაბილიტაციის პერიოდში, არც შემდგომ არავითარი აქტივობა არ ეზღუდება.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა მალის სიმსივნის დროს?

- ხერხემლის პირველადი თუ მეორეული სიმსივნური პროცესების დროს საქართველოში უმთავრესად რადიკალურ ოეპრაციას მიმართავენ, რაც მალის სხეულის ამოღებას და ჭანჭიკებითა და ღეროებით ხერხემლის სტაბილიზაციას გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, უმჯობესია, ჯერ ბიოფსია ჩატარდეს და სიმსივნის წარმომავლობა გაირკვეს. თუ აღმოჩნდა, რომ ის სხივურ ან ქიმიურ თერაპიას დაექვემდებარება, რადიკალური ოპერაცია შესაძლოა აღარც კი გახდეს საჭირო და პაციენტს მალა შეუნარჩუნდეს.

- ჩამოთვლილი ოპერაციებიდან რომლები ტარდება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

- პრაქტიკულად ყველა. საზოგადოდ, ხერხემლის ყოველგვარ ოპერაციას ვატარებთ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების დროს. ფართოდ ვიყენებთ ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. პირველად საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაში სწორედ ჩვენ დავიწყეთ ოსტეპოროზის, ჰემანგიომისა და მალის სხეულის სიმსივნის მკურნალობა ვერტებროპლასტიკითა და კიფოპლასტიკით. უახლოეს მომავალში ნუკლეოპლასტიკის დანერგვასაც ვგეგმავთ. სიმსივნის შემთხვევაში ვატარებთ ბიოფსიას. ვაკეთებთ ოპერაციებს მესამე-მეოთხე ხარისხის სკოლიოზის დროს.

ასე რომ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. კისრის, გულმკერდისა თუ წელის არეში ნებისმიერი დისკომფორტის დროს მიმართეთ ნეიროქირურგს, ჩაიტარეთ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - თანამედროვე ოპერაციული მკურნალობა.