თავის ტვინის სიმსივნე – რამდენიმე სიმპტომი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ!

თავის ტვინის სიმსივნე – რამდენიმე სიმპტომი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ!

თავის ტვინის სიმსივნე თავის ტვინში ან მასთან ახლოს მდებარე პათოლოგიური უჯრედების წარმონაქმნია.

არსებობს თავის ტვინის სიმსივნის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ფორმა. ამასთან, არსებობს თავის ტვინის სიმსივნის პირველადი და მეორეული მეტასტაზური ფორმები.
როდესაც სიმპტომებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი თუ სიმსივნე ტვინის რომელ ნაწილში გაჩნდა, სწორედ ამიტომ ნიშნებიც მდებარეობის მიხედვით განსხვავდება. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, რომელიც სრულიად უმიზედოდ ჩნდება, მეტყველებასთან, სმენასთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, კრუნჩხვები, ემოციური და ქცევითი უნარების ცვლილებები. როგორც წესი თავის ტკივილი დილით ძლიერდება და გულისრევის შემდეგ ქრება.
ძირითადად რა ასაკში ვლინდება თავის ტვინის სიმსივნე, რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევ რისკ-ფაქტორებზე, როგორ ხდება თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტირება და როგორ მკურნალობენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
ამ თემებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ეგუტიძე.
„თავის ტვინის სიმსივნის ერთ–ერთი სიმპტომი თავის ტკივილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის ტკივილი აუცილებლად სიმსივნეზე მიგვანიშნებს. როცა სიმსივნე იზრდება და აღწევს მასშტაბურ ზომას, სიმსივნის გარშემო ჩნდება შეშუპება რაც გამოიხატება პირველადი ჩივილით – გულყრით, ეპილეფსიური შეტევით. თუ თავი ძალიან გტკივათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აუცილებელია ჩატარდეს თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი“, – განმარტავს ბატონი გიორგი.

– ბატონო გიორგი, თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ როგორია ზოგადი სტატისტიკა, იკლო თუ გაზრდილია თავის ტვინის სიმსივნეთა შემთხვევები?
– სტატისტიკურად, საქართველოშიც და მსოფლიოშიც თავის ტვინის სიმსივნეების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თვეში თავის ტვინის სიმსივნის გამო 20 ქირურგიული ოპერაცია ტარდება.

– ძირითადად რა ასაკში ვლინდება თავის ტვინის სიმსივნე?
– ასაკი განსაზღვრული არაა, შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

– რას გვეტყვით თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევ რისკ–ფაქტორებზე და რა როლი ეკისრება გენეტიკას?
– ძალიან რთულია ვისაუბროთ კონკრეტულ რისკ–ფაქტორებზე. დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. გასათვალისწინებელია ცხოვრების წესი, კვების რაციონი, ეწევა თუ არა ადამიანი სიგარეტს, არის თუ არა ჭარბი დოზით ალკოჰოლის მოყვარული.

– როგორ ხდება თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ჩვენს კლინიკაში პირველადი დიაგნოსტიკური კვლევები მაღალ დონეზეა. ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს მინიმალური ზომის თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტირება შევძლოთ. მიკროსკოპი, რომელსაც ქირურგიული ოპერაციის დროს ვიყენებთ ნამდვილად უნიკალურია. გამოირჩევა მაღალი გარჩევადობით, შესაბამისად, გაცილებით მარტივია გავარკვიოთ ქსოვილი ჯანსაღია თუ სიმსივნური.

– როგორ მკურნალობთ თავის ტვინის სიმსივნეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოსულ პაციენტს ვთავაზობთ თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ტრადიციული, ღია წესით მკურნალობის დროს (გაჭრის მეთოდი) ხდება სიმსივნის ამოკვეთა. ამასთან, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი თანამედროვე მიდგომით როგორიცაა ენდოვასკულური, მინი ინვაზიური გზა! თავის ტვინის სიმსივნეს ვთიშავთ უსისხლოდ. ენდოვასკულური მეთოდი ნაკლებად ტრავმულია და პრაქტიკულად თავის ტვინის გაჭრა საჭირო აღარაა. ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს. ის თუ რომელი ტიპის ოპერაცია ჩავატაროთ ღია წესის ან ენდოვასკულური, წყდება ქირურგების მიერ. მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა მეტწილად დამოკიდებულია დროულ დიაგნოსტირებაზე, გადამწყვეტი როლი ენიჭება თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევას. ვმუშაობთ გუნდური მუშაობის პრინციპით – კლინიკური ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი სხივური თერაპიის ექიმი, ყველა ჩართულია პროცესში.

– საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია?
– გეგმიური ჩარევების შემთხვევაში, ღია წესით ოპერაციის დროს, გვჭირდება 3–4 საათი თანმხლები პათოლოგიების გარეშე, გაურთულებელ შემთხვევებში. რეაბილიტაციის პროცესი ხანმოკლეა და პაციენტი 2–3 დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ენდოვასკულური ოპერაცია ერთ საათში სრულდება და პაციენტი მხოლოდ ერთი დღე რჩება კლინიკაში.

– შესაძლებელია თუ არა თავის ტვინის სიმსივნის პრევენცია?
– თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი არ არის განაჩენი! როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას. ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თავის ტვინის სიმსივნის აღმოჩენა ან გამოვლინდეს სხვა სახის პრობლემა.

– შესაძლებელია თუ არა, რომ ტრავმა გახდეს თავის ტვინის მაპროვოცირებელი მიზეზი?
– ტრავმის მექანიზმი წლების შემდეგ შესაძლოა გახდეს თავის ტვინის სიმსივნის მაპროვოცირებელი მიზეზი, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ტრავმა ნამდვილად შეუწყობს ხელს დაავადების განვითარებას, არასწორია! კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ თავის ტვინის აგებულებიდან გამომდინარე, სადაც ყველაფერი უჯრედის დონეზე ხდება, გამორიცხული არაა ტრავმა მაპროვოცირებელი მიზეზი გახდეს.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგს, გიორგი ეგუტიძეს ნომერზე 599 78 66 54

გისურვებთ ჯანმრთელობას!