სიკეთე გადამდებია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასიდან საქართველოს სოლიდარობის ფონდში დონაციას ახორციელებენ

სიკეთე გადამდებია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასიდან საქართველოს სოლიდარობის ფონდში დონაციას ახორციელებენ

ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს სოლიდარობის ფონდთან მემორანდუმი გააფორმა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ახორციელებენ ფონდში დონაციას.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის რიგით 26–ე პერიოდული ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2014 წლის პირველი ივნისიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს და აღნიშნულ პერიოდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის დამტკიცებული დაფინანსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ასახავს. საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი ინდივიდუალური პაციენტებისა და კატასტროფული სოციალური დანახარჯების წინაშე მდგარი ოჯახების მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ხელმძღვანელობს სტრატეგიული განვითარების გეგმით, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების ეტაპობრივ გაფართოებას. ფონდის ამოქმედების პირველივე წელს ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის ფინანსური პრობლემა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სოლიდარობის ფონდის ირგვლივ გაერთიანებულია ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების თანამშრომელი, 74 ორგანიზაცია, მათ შორის 59 კერძო კომპანია და ათიათასობით მოქალაქე.

„სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, 2014 წლის პირველი ივნისიდან, 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისა და 74 ორგანიზაციასთან, მათ შორის 59 კერძო კომპანიასთან გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 11 545 337 ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა თქვენი მხარდაჭერით სიმსივნით დაავადებული 431 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა. 173 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 258 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ–ს კლინიკებში. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა, რაც კერძო, საჯარო, არასამთავრობო სექტორის და ათიათასობით მოქალაქის ჩართულობის შედეგია თუმცა ეს საკმარისი არ არის! ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რადგან უწყვეტად შევძლოთ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სტაბილური დაფინანსების უზრუნველყოფა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მოხარულია, რომ მონაწილეობს ამ კეთილ საქმეში!

სიკეთე გადამდებია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!