საქართველოში აქტუალური პრობლემა – მორბიდული სიმსუქნე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვანი საზრუნავი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბწონიანია.

სიმსუქნეს 21–ე საუკუნის შავ ჭირს უწოდებენ. სიმსუქნე ძირითადად არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს: ქრონიკული სტრესით, უძილობით, ჰიპოდინამიით, გენეტიკური განწყობით, ჰორმონული დარღვევით და სხვა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მჯდომარე სამსახური ან ტელევიზორის წინ ნებივრობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მაგრამ მიუხედავად რეკომენდაციებისა, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ავიწყდება თუ რა საფრთხეს შეიცავს უმოძრაობა.

მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულია დაახლოებით 100 მილიონამდე ადამიანი, ხოლო საქართველოში მორბიდული სიმსუქნე აღენიშნება დაახლოებით 100 000–მდე ადამიანს. სიმსუქნე და ჭარბი წონა არაა მხოლოდ ვიზუალური, კოსმეტიკური პრობლემა და ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
როგორ ვებრძვით ჭარბ წონას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში? ამ შეკითხვით მივმართეთ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგს, ანა ჭოხონელიძეს. ქალბატონმა ანამ სწორედ ჭარბ წონაზე წარმოადგინა მოხსენება 24 ნოემბერს, რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაში“, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის 71 წლისთავისადმი და აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 128 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა.
„ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიით და უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს, სათანადოდ გამოვიკვლიოთ პაციენტი. დიაგნოსტიკის შემდეგ პაციენტს ენდოკრინოლოგის მიერ ენიშნება კვების ინდივიდუალური რაციონი (სწორი კვება, რომელიც მორგებულია პაციენტის დღის რეჟიმზე და არ უქმნის დისკომფორტს, არ გრძნობს შიმშილს). საჭიროების შემთხვევაში ხდება მკურნალობის სხვა მეთოდების შერჩევა, იქნება ეს მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობა“, – აცხადებს ენდოკრინოლოგი.

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ტარდება ბარიატრიული ოპერაციები. როდის ინიშნება მკურნალობის ეს მეთოდი?
ბარიატრიული ქირურგია არ ითვლება პლასტიკური ქირურგიის დარგად, ეს არის ქირურგია, რომელიც სრულდება სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებების კორექციისა და მათი პრევენციის მიზნით. ბარიატრიული ჩარევის შემდეგ მკვეთრად იკლებს, ზოგჯერ კი აბსოლიტურ რეგრესს განიცდის თანმხლები დაავადებები. ბარიატრიული ჩარევის ჩვენებაა თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი>40 ან 35–40 სმ–ის ფარგლებშია და მას აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტი ტიპი 2, არტერიული წნევის მაღალი ციფრები.


– როგორია ჩვენი კლინიკის სტატისტიკა ამ კუთხით?
– ჩვენს კლინიკაში რამდენიმე წელია წარმატებით ტარდება ბარიატრიული ოპერაციები ულტრათანამედროვე აპარატურით – უსისხლო მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში ჩარევა ტარდება ღია წესითაც. ოპერაციებს ატარებენ გამოცდილი ქირურგები, ლექსო ლაგვილავა და შოთა ძაგანია. წინასაოპერაციოდ პაციენტის მომზადებას უზრუნველყოფს ენდოკრინოლოგი. როგორც პრე, ისე პოსტოპერაციულ პერიოდში საჭიროებისამებრ, პაციენტის მართვაში ჩართულია კლინიკის პროფესიონალთა გუნდი: კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, თერაპევტი, რადიოლოგი, ანგიოლოგი, ნევროლოგი. პოსტოპერაციულად პაციენტები მუდმივად იმყოფებიან ენდოკრინოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.


– რას გვეტყვით სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე?
– სიმსუქნის გამომწვევი მიზეზებია: არაჯანსაღი ცხოვრების წესი (არასწორი კვება, უმოძრაობა), გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონული დარღვევები, ძილის ფაზების დარღვევა.


– როგორ ხდება სიმსუქნის დიაგნოსტირება?
– სხეულის მასის ინდექსის გამოყენება სიმსუქნით დაავადებული მოზრდილი პაციენტების შეფასებისთვის. სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება წონის განაყოფით მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატზე. ნორმაში სხეულის მასის ინდექსი 18,5–24,9–მდეა, 25–29,9 – ჭარბი წონა, 30–34,9 I ხარისხის სიმსუქნე, 35–39,9 II ხარისხის სიმსუქნე, ხოლო 40 III ხარისხის სიმსუქნე, თუმცა სხეულის მასის ინდექსი არ არის უნივერსალური დიაგნოსტიკური კრიტერიუმი მოზარდებში, 65 წელს გადაცილებულ პირებში, ჭარბად განვითარებული კუნთური მასის მქონე პირებსა და ორსულებში. წელის გარშემოწერილობით: ნორმა< (მამაკაცებში) 94, (ქალბატონებში)<80. ჭარბი წონაა 94–102, 80–88, სიმსუქნე>102,>88.


– არის თუ არა კავშირი სიმსუქნესა და გენეტიკას შორის?
– კვლევებით დადგენილია, რომ მრავალი სხვა ქრონიკული დაავადებების მსგავსად, არსებობს კავშირი გენეტიკურ განწყობასა და სიმსუქნეს შორის. თუმცა შესაძლებელია, სიმსუქნე განუვითარდეს ადამიანს გენეტიკური განწყობის მიუხედავად თუ ის იკვებება ჭარბად და არასწორად, არ არის სათანადოდ ფიზიკურად აქტიური.


– სად გადის ზღვარი დიეტასა და შიმშილს შორის?
– ხშირად ადამიანები ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლას იწყებენ თვითნებურად, ექიმის ჩართვის გარეშე. ამ დროს მიმართავენ ინტერნეტში მოძიებულ არაფიზიოლოგიურ, პოპულარულ დიეტებს ან სულაც შიმშილს, რაც შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის სავალალო შედეგით დასრულდეს. ორგანიზმს გააჩნია მთელი რიგი რეგულაციური მექანიზმები, რითაც არეგულირებს მადას. თავის ტვინში მოთავსებულია როგორც შიმშილის, ასევე სიმაძღრის ცენტრები, რომელთა აგზნებაც ხდება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით. გრელინი (აძლიერებს მადას) ე.წ. შიმშილის ჰორმონი გამომუშავდება კუჭში, ქოლეციტოკინი ე.წ. სიმაძღრის ჰორმონი გამომუშავდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანში (აქვეითებს მადას), ლეპტინი – სიმაძღრის ჰორმონი გამომუშავდება ცხიმოვან ქსოვილში. საკვების სახეობა, გლუკოზა, სუნი, ვიზუალი ააგზნებს შიმშილის ცენტრს. თავის ტვინთან ძღომის სიგნალი აღწევს 20 წუთში. ამის გამო აუცილებელია საკვები მივიღოთ ნელა. არაფიზიოლოგიური, დაბალკალორიული დიეტა და შიმშილი ორგანიზმის მხრიდან აღიქმება როგორც სტრესი, რაც არღვევს მთელი რიგი ჰორმონების ფიზიოლოგიურ რიტმს და რეგულაციურ მექანიზმებს. ამის გამო ხანგრძლივ პერსპექტივაში წონაში მატების რისკ–ფაქტორია, ვინაიდან როგორც კი ორგანიზმი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ადამიანი წონაში იმატებს. დღისა და ღამის განმავლობაში, 800 კილოკალორიაზე დაბალი ენერგეტიკული ღირებულების დიეტა შესაძლებელია პრაქტიკულ შიმშილად ჩაითვალოს. ასევე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის მონოკომპონენტიანი (ცილოვანი) დიეტის ხანგრძლივი პერიოდით დაცვა.


– რა საფრთხეს გვიქმნის სიმსუქნე?
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სიმსუქნე აღიარებულია XXI საუკუნის არაინფექციურ ეპიდემიად. ის მიეკუთვნება ქრონიკულ დაავადებებს და ICD კლასიფიკაციით მინიჭებული აქვს კოდი. სიმსუქნე ფსიქო–სოციალური პრობლემაა და გვხვდება ყველა ასაკისა და სოციალურ ფენაში. სიმსუქნე არ არის კოსმეტიკური პრობლემა და შეჭიდულია სხვა ქრონიკულ დაავადებებთან, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის რისკი იზრდება 4–ჯერ, არტერიული ჰიპერტენზიის სამჯერ, ვენების ვარიკოზის 3–ჯერ. ამასთან, იზრდება ჰიპოთირეოზის, ფილტვების ჰიპოვენილაციის, ასთმის, ძილის აპნოეს, ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის, კოლორექტული კიბოს, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, უნაყოფობის, ლიბიდოს დაქვეითების რისკი. იკლებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ორსულებში იმატებს არტერიული ჰიპერტენზიის, გესტოზის, გესტაციური დიაბეტის, ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტის, ნაადრევი მშობიარობის, პერინატალური ლეტალობის რისკები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 11 91 19;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგს, ანა ჭოხონელიძეს ნომერზე 595 57 43 17;

გისურვებთ ჯანმრთელობას!