კიბოს დამარცხება შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაში

კიბოს დამარცხება შესაძლებელია ნებისმიერ სტადიაში

თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციური მეთოდების დახმარებით კიბოს განკურნება შესაძლებელია.

ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, ჯერ კიდევ საბოლოო განაჩენად მიიჩნევა.

თანამედროვე ონკოლოგიაში არც თუ იშვიათად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებულ პაციენტებსაც აქვთ გადარჩენის შანსი. გვაქვს ორი არჩევანი – ან უნდა ვენდოთ თანამედროვე მედიცინას, რომელიც გვთავაზობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამოსავალს პაციენტის სასიკეთოდ ან დავრჩეთ უმოქმედოდ და ჩავეჭიდოთ ცრუ იმედებს.
იმის დასადასტურებლად თუ როგორ გაიზარდა წლების განმავლობაში კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი, საინტერესოა გადავხედოთ National Cancer Institute–ს სტატისტიკას აშშ–ში 1975–დან 2013 წლამდე. წარმოგიდგენთ ამ სტატისტიკის ამსახველ გრაფიკს, სადაც ნათლად ჩანს, რომ 1975 წელთან შედარებით, 2013 წლამდე 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 20%–ითაა გაზრდილი (წყარო).

ეს შედეგები განპირობებულია კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებასთან, ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოზის დასმას, რადგან კიბოს სხვადასხვა ტიპი მოითხოვს სპეციფიურ სამკურნალო რეჟიმს. ეს ხშირ შემთხვევაში გულისხმობს მკურნალობის მეთოდების, ქირურგიის, ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის და სხვა მოდალობების წინასწარ განსაზღვრულ კომბინაციას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სულ მალე იფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ტექნიკით და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი. ამ პროექტის მეშვეობით, პაციენტებს შევთავაზებთ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, რაც სამედიცინო თვალსაზრისით უკვე მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენს კლინიკაში სამომავლოდ ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება ექნებათ მზრუნველ გარემოში მიიღონ ინდივიდუალიზირებული უმაღლესი ხარისხის ონკოლოგიური მკურნალობის სრული სერვისი, მათ შორის, თანამედროვე ტიპის ლაბორატორიული კვლევები და სხვა სადიაგნოზო საშუალებები, ხოლო მკურნალობისთვის გამოვიყენებთ ყველა მეთოდს მათ შორის ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, იმუნო და ტარგეტულ თერაპიას. რადიოთერაპია განხორციელდება Varian-ის ფირმის ხაზოვანი ამაჩქარებლით TrueBeam, რომელიც მკურნალობის შანსს აძლევს ისეთ პაციენტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ ჩაიტარებდნენ სხივურ თერაპიას. გარდა ამისა მაღალი ხარისხის მკურნალობის უზრუნველსაყოფად დაინერგება ისეთი ეფექტური მეთოდი როგორიცაა Tumor Board, როდესაც სპეციალისტთა გუნდი ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე ირჩევს თითოეული პაციენტისთვის საუკეთესო ინდივიდუალურ ტაქტიკას.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს აქვს მეგობრული ურთიერთობები ამ სფეროში მოღვაწე მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებთან და თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი Tumor Board–ის მუშაობაში.
გახსოვდეთ, რომ მკურნალობის სწორი კურსის დაგეგმვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით კიბოს დამარცხება შესაძლებელია. იყავით თვითდაჯერებული, არასდროს დანებდეთ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

გისურვებთ ჯანმრთელობას!