კიბოს მკურნალობა – მითი თუ რეალობა?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

საქართველოში დიდი ხანია არსებობს კიბოს მკურნალობის ტრადიცია, მაგრამ ასევე არსებობდა საჭიროება და ამჟამად ჩვენთანაც ინერგება თანამედროვე მედიცინის ბევრი ის მიღწევა, რომელიც მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გამოყენებული.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სულ მალე იფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი. ამ პროექტის მეშვეობით, პაციენტებს შევთავაზებთ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, რაც სამედიცინო თვალსაზრისით უკვე მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში. პაციენტებს საშუალება ექნებათ მზრუნველ გარემოში მიიღონ ინდივიდუალიზირებული, უმაღლესი ხარისხის ონკოლოგიური მკურნალობის სრული სერვისი. რადიოთერაპია განხორციელდება Varian-ის ფირმის TrueBeam სხივური ამაჩქარებლით. პაციენტების დაგეგმარება კი მოხდება როგორც კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Large Bore CT–ზე, ასევე GE-ს ფირმის Discovery PET სკანერზე. ეს მოწყობილობები უკვე შეძენილია და მიმდინარეობს მათი მონტაჟი.

საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქართველოში იმკურნალონ და ორჯერ ან სამჯერ ნაკლებ ფასად ისარგებლონ ონკოლოგიაში არსებული ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რის გამოც უცხოეთში გამგზავრება უწევდათ. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა სრული ონკოლოგიური მომსახურება მიიღონ სამშობლოში.

დიახ, ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება შესაძლებელია და ეს მითი არ არის! ამას ადასტურებს ბევრი ადამიანის მაგალითი. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამ მოსაზრებას არათუ სკეპტიკურად უყურებენ, არამედ საკუთარ ნეგატიურ მოსაზრებას გამოხატავენ საჯაროდ და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უხეში ფორმით.

როგორც ამბობენ, წამალთან ერთად ჩინებული მკურნალია ადამიანური სითბო, თანადგომა, ყურადღება. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტისთვის ცხადია, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას და განწყობას. სწორედ ამიტომ ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც მედიცინასთან შეხება არ აქვს, არ იცნობს ონკოლოგიაში არსებულ სიახლეებს, არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაიზარდა წლების განმავლობაში კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი, როგორ განვითარდა და წინ მიიწევს კიბოსთან ბრძოლის მეთოდები და ამ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის არცოდნის მიუხედავად მაინც საჯაროდ გამოხატავს საკუთარ ნეგატიურ მოსაზრებას, უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლოა მის არაკომპეტენტურ კომენტარებსა თუ მოსაზრებებს კიბოთი დაავადებული პაციენტი ეცნობოდეს. ასეთი კომენტარებით ზოგჯერ ჩირქი ეცხებათ არა მხოლოდ ექიმებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად ებრძვიან კიბოს, ყველაფერს აკეთებენ ონკოლოგიურ პაციენტთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმედი უკვდებათ პაციენტებს, რომლებიც ამ სენს არიან შეჭიდულნი და ნაცვლად თანადგომისა და გამხნევებისა, რასაც ისინი ძალიან საჭიროებენ, მსგავსი კომენტარები მათში უნუგეშობასა და სასოწარკვეთას გამოიწვევს.

საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ყოველი ადამიანის მოსაზრებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი საქილიკო არაა, მითუმეტეს სოციალურ ქსელში! იმ ადამიანების სკეპტიკურმა კომენტარებმა, რომლებიც არ მოღვაწეობენ მედიცინაში და ამ საკითხში დილეტანტები არიან, შესაძლოა ნეგატიურად განაწყოს კიბოთი დაავადებული ადამიანი და საზოგადოებაში სრულიად დაუმსახურებლად გააჩინოს ეჭვი პროფესიონალი და საქმის ერთგული ქართველი ექიმების მიმართ. მაშინ, როცა ქართული მედიცინა ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიო სამედიცინო სივრცეში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე სისტემატურად ვაქვეყნებთ სტატიებს ჩვენს კლინიკაში მიმდინარე სიახლეებისა და მათ შორის ონკოლოგიის შესახებ. სტატიების მიზანია, მკითხველს მოვუთხროთ იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ონკოლოგიურ მკურნალობას შევთავაზებთ და ასევე ვცდილობთ ჩავუნერგოთ იმედი, შევახსენოთ, რომ დაავადების წინაშე მარტონი არ არიან, აქვთ გამოჯანმრთელების რეალური შანსი და სწორედ ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურნი არიან სოციალურ ქსელში, ვთხოვთ, რომ საკუთარი აზრის გამოხატვისას იყვნენ კორექტულები და ახსოვდეთ, რომ მათი სკეპტიკური კომენტარი შესაძლოა კიბოთი დაავადებულმა პაციენტმა ან მისმა ახლობელმა წაიკითხოს. ჩვენი კლინიკის ონკოლოგიური სერვისების ამოქმედებისთანავე, კონკრეტული პაციენტების მაგალითზე, მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს გაცილებით მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ვიდრე გუშინ. დღევანდელი ტექნოლოგიური სიახლეები და ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი ნამდვილად შეძლებს ბევრი ონკოლოგიური პაციენტის დახმარებას.

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ ეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის დევიზია და კარგი იქნება თუ ამაში მთელი საზოგადოება შემოგვიერთდება!

მადლობას გიხდით ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.