ქალბატონების 20–25%–ს გადატანილი აქვს ცისტიტი – რა იწვევს ცისტიტს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ–ანთებითი პროცესია.

როგორც წესი მამაკაცებთან შედარებით ქალბატონებში უფრო ხშირად ვლინდება და ამას განაპირობებს ქალის ანატომია. მიუხედავად დაავადების სირთულისა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქალბატონი ცისტიტს სერიოზულად არ აღიქვამს და ხალხური მეთოდებით, სახლში თვითნებურად იწყებს მკურნალობას. ეს მიდგომა ყოვლად დაუშვებელია, რადგან გაითვალისწინეთ, რომ ამ გზით მხოლოდ იმ სიმპტომებს ებრძვით, რომელიც გაწუხებთ, ორგანიზმში არსებული ინფექცია კი მწვავდება.

სინამდვილეში ცისტიტი უფრო მეტია, ვიდრე გახშირებული შარდვა ან საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება. ცისტიტის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა არაერთი კვლევა მათ შორის ლაბორატორიული, ულტრაბგერითი თუ რენტგენოლოგიური. მკურნალობის ყველა მეთოდს გთავაზობთ ქირურგიის ეროვნული ცენტრი. ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა და შესაბამისად, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და დიაგნოსტირებისთვის საჭირო სერვისები ერთ სივრცეშია მოწყობილი. ერთდროულად შეგიძლიათ ჩაიტაროთ სისხლისა თუ შარდის ანალიზი, ბაქტერიოლოგიური კვლევა და სხვა.
რადგან დაავადება ძალიან აქტუალურია და ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს გადავწყვიტეთ, რომ მკითხველს ცისტიტის და ზოგადად საშარდე გზების ინფექციის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ.
ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგი ნინო შონია.


– ქალბატონო ნინო, რა სიმპტომებით ვლინდება საშარდე გზების ინფექცია?
– საშარდე სისტემა მოიცავს თირკმელს, შარდსაწვეთს, შარდის ბუშტსა და შარდსადენს. ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ამ ნაწილში. იყოფა 2 ნაწილად, ზედა საშარდე გზების ინფექციად, რომელიც თირკმლის ანთებას გულისხმობს და პიელონეფრიტს ვუწოდებთ, ასევე ქვედა საშარდე გზების ინფექციად, რომელიც მოიცავს შარდსაწვეთს, შარდის ბუშტს და შარდსადენს. აღსანიშნავია, რომ პიელონეფრიტი უფრო მძიმედ მიმდინარე პათოლოგიაა. შესაძლოა ორივე შემთხვევაში მსგავსი სიმპტომოკომპლექსი გამოვლინდეს. ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ცხელება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შემცივნება, ოფლიანობა, მტკივნეული შარდვა, წელის ტკივილი, საერთო ზოგადი სისუსტე.
– რას გვეტყვით საშარდე გზების ინფექციის გამომწვევ მიზეზებზე?
– ორგანიზმის სხვა სითხეების მსგავსად, შარდი თუ მასში ბაქტერია არაა, სტერილურია. ბაქტერიის არსებობა უკვე ანომალიაა და საშარდე გზების ინფექციის საფრთხეც იზრდება. ზედა საშარდე გზების ინფექციის, პიელონეფრიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს პირველადად და მეორეულად. პირველადი ჰემატოგენური გზით გავრცელებული ინფექციაა, ხოლო მეორადი, უროლოგიური პათოლოგიები. ვლინდება მაშინ, როცა ირღვევა შარდის პასაჟი და შარდის ინფექციაც სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. მეორადის მიზეზი შეიძლება იყოს შარდკენჭოვანი დაავადებები, საშარდე სისტემის ანომალიები, პროსტატის ჰიპერტროფია, შარდსაწვეთის რეფლუქსი და სხვა.
ძირითადი გამომწვევი მიზეზია ნაწლავის ჩხირი, შემდეგ კი გასათვალისწინებელია სტაფილოკოკი, ენტეროკოკი, იშვიათად კლებსიელა. საშარდე გზების გამომწვევი რისკები საკმაოდ ფართოა, მაგალითად, დადგენილია, რომ ორსულების 2–დან 8%–ს გადატანილი აქვს საშარდე გზების ინფექცია, რაც გამოწვეული უნდა იყოს შარდსადენზე ნაყოფის ზეწოლის შედეგად შარდის პასაჟის დარღვევით. ასევე რისკ–ფაქტორს მიეკუთვნება შარდის ბუშტის კატეთერიზება, შარდკენჭოვანი დაავადებები, სხვადასხვა პათოლოგია. მწვავე პიელონეფრიტი იწყება უეცარი მაღალი ტემპერატურული რეაქციით, ვლინდება წელის ტკივილი, ზოგადი ადინამია, შარდის პასაჟის დარღვევა. პაციენტი შარდვისას უჩივის ტკივილს. სიმპტომებში შედის მუცლის ტკივილი, საერთო სისუსტე და ოფლიანობა.
– ყურადღება გავამახვილოთ ცისტიტზე. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
– მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს უბრალო გაციება და ასევე ინტიმური კავშირი, რომელსაც უწოდებენ ახალდაქორწინებულთა ცისტიტს. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული) ალერგიული, გასათვალისწინებელია ქვების არსებობა, შარდის ბუშტის სიმსივნე, აუტოიმუნური დაავადება, მედიკამენტების მოქმედება (ქიმიოთერაპიის, სხივურის თერაპიის შემდეგ). ცისტიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია ნაწლავის ჩხირი, ასევე ქლამიდია, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების უსისტემო გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება, ტოქსიური საშუალებების, ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია შარდში. არაბაქტერიული ცისტიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ფსიქოგენური, იმუნოლოგიური, ნეიროპათიებით გამოწვეული ცისტიტი. აგრეთვე შარდის ბუშტის კედლის შრის უკმარისობის შედეგად განვითარებული ცისტიტი. ვარაუდობენ, რომ შარდის ბუშტის ანთების ძირითადი გამომწვევი მიზეზია შარდის ბუშტის კედლის ამომფენი სტრუქტურის მოლეკულის ნაკლებობა, რის გამოც შარდის ბუშტში არსებული ნივთიერებები ადვილად შეაღწევენ შარდის ბუშტის კედელში და იწვევენ ანთებას.
ცისტიტი უმთავრესად ქალებს აწუხებთ და მამაკაცებთან შედარებით, ქალბატონებში ცისტიტის გამოვლენის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო ხშირია. ეს დაკავშირებულია სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან კერძოდ, ქალების შემთხვევაში შარდსადენი უფრო ფართო, სწორი და მოკლეა, რომლის სიგრძეც 2,5–3 სანტიმეტრამდე მერყეობს და შესაბამისად, საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადენში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში. ქალების 20–25%–ს გადატანილი აქვს ცისტიტი, ხოლო 10%–ში ქრონიკული, მორეციდივე სახე აქვს. რასაკვირველია, ცისტიტი მამაკაცებშიც გვხვდება, მაგრამ ნაკლები პროცენტულობით. ამ შემთხვევაში შარდსადენი უფრო ვიწრო და გრძელია, 15–30 სმ.
ცისტიტის შემთხვევაში პირველი სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება და რომელიც ადამიანს აწუხებს, ეს არის გახშირებული შარდვა. ნორმალურ, ჯანმრთელ მდგომარეობაში მოშარდვის აქტი 24 საათში 4–5–ჯერ სრულდება, მაგრამ ცისტიტის დროს გახშირებულია. ამასთან, შარდვა არის მტკივნეული, მცირე ულუფებით, შეიძლება გამოვლინდეს ადრეული ძილის ან ღამის შეუკავებელი ჭინთვები, საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, გაძნელებული შარდვა, მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილი. შარდს შეიძლება ჰქონდეს უსიამოვნო სუნი. ახასიათებდეს მუქი ან ფერმკრთალი შეფერილობა. სხეულის ტემპერატურის უნიშვნელო მატება, შარდვის შემდეგ სისხლის წვეთები, ტკივილი სახსრებში და წელის არეში. ცისტიტის დროს მოშარდვის ბოლოს სისხლის გამოყოფის მიზეზი შარდის ბუშტის ლორწოვანის ანთებაა. რაც შეეხება მუქ ფერსა და სუნს – ეს მიუთითებს იმაზე, რომ შარდში ლეიკოციტებისა და ბაქტერიების სიჭარბეა. ცისტიტის დროს იშვიათია მაღალი ტემპერატურული რეაქციები, რადგან შარდის ბუშტის კედლიდან უმნიშვნელო რაოდენობით, მაგრამ მაინც გაიწოვება ბაქტერია. თუ მაღალი ცხელებაა, ტემპერატურა 39–40 გრადუსამდეა და მას თან სდევს შემცივნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღმავალი ინფეციის ფონზე განვითარდა პიოლონეფრიტი.
– როგორ ხდება ცისტიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– საშარდე სისტემის ინფექციის დიაგნოსტირება ემყარება პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას, მონაცემების დეტალურ შეგროვებას, ლაბორატორიულ, ულტრაბგერით და რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. საჭიროა გულის სიხშირისა და წნევის, ტემპერატურის განსაზღვრა, კანის ტურგორის შემოწმება. ახალგაზრდა მამაკაცების შემთხვევაში ტარდება მცირე მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოსტირება ექოსკოპიური კვლევით. ახალგაზრდა ქალებს ენიშნებათ ორსულობის ტესტი.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შარდის ანალიზს და ამ ანალიზის ინტერპრეტაციას. შარდი უნდა შევაგროვოთ წესის დაცვით. მოშარდვამდე აუცილებელია შორისის არის დაბანა, რათა თავიდან ავიცილოთ შარდის კონტამინაცია ბაქტერიებით, რომლებიც შარდსადენის ირგვლივ კანზე ბინადრობენ. მოშარდვის დაწყებამდე შარდის პირველი ულუფა არ უნდა ავიღოთ, ის უნიტაზში უნდა ჩავიდეს, ხოლო კონტეინერში, რომელიც ლაბორატორიას უნდა ჩავაბაროთ, სასურველია შეგროვდეს შუა ულუფა დაახლოებით 20–დან 50 მილილიტრამდე, ხოლო მოშარდვა უნდა გაგრძელდეს უნიტაზში. დაუშვებელია შარდის სხვა ქილაში შეგროვება და შემდეგ სტერილურ კონტეინერში გადატანა. შარდი უნდა შეაგროვოთ წესის მიხედვით, პირდაპირ კონტეინერში.
საშარდე გზების ინფექციაზე ლაბორატორიულად მეტყველებს შარდში ლეიკოციტების, ბაქტერიების, ცილის ან სისხლის კვალის არსებობა. სისხლის ანალიზში შეიძლება შეგვხვდეს ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ანემია. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექოსკოპიურ კვლევებს. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ არის თუ არა შარდის პასაჟის დარღვევა.
ცისტიტის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს შარდის ბუშტის ექოსკოპიურ კვლევას, კერძოდ, ყურადღებას ვაქცევთ კედლის სისქეს და სისადავეს, შიგთავსის სიბლანტეს. თუ შარდში ვლინდება დიდი რაოდენობით სისხლი და ეს ვიზუალურადაც თვალსაჩინოა, შესაძლოა ჩატარდეს ცისტოსკოპია (შარდის ბუშტის დათვალიერება), შარდკენჭოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფია შემდეგ კი უროლოგთან კონსულტაცია.
– რა კავშირია ცისტიტსა და არასწორ ჰიგიენას შორის?
– ცისტიტის ჩამოყალიბებაში არსებით როლს თამაშობს აღმავალი ინფექცია, შესაბამისად, ჰიგიენის დაცვა უპირობოდ აუცილებელია! ცისტიტის დროს სასურველია მიიღოთ ხანმოკლე თბილი შხაპი, რომელიც ასრულებს არა მხოლოდ ჰიგიენის ფუნქციას, არამედ რელაქსაციის ერთგვარი საშუალებაა, პაციენტს შვებასაც გვრის. უნდა დაიბანოთ წინა მხრიდან უკანა მიმართულებით. გამოიყენეთ თბილი, გადადუღებელი წყალი. ისარგებლეთ მსუბუქი საპნით ან ინტიმური ჰიგიენური საშუალებებით. არ არის სასურველი ცხელი წყალი, ხანგრძლივი შხაპი, რადგან მის გამო შეიძლება დაირღვეს შარდის ბუშტის კედლის სისხლის მიკროცირკულაცია. დაუშვებელია შარდის შეკავება, რადგან შარდის შეკავების დროს შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებისთვის კარგი გარემო იქმნება. ამასთან, სასურველია შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა. მოშარდვის შემდეგ წმენდა უნდა მოხდეს წინა მხრიდან უკანა მხარეს. რაც შეეხება ინტიმურ კავშირს. რეკომენდებულია სექსუალური კავშირის შემდეგ მოშარდვა, რადგან ამ ხერხით შარდსადენში დაგროვილი ბაქტერიები იდევნება. მნიშვნელოვანია, რომ კუჭ–ნაწლავი მოწესრიგებული იყოს, ყაბზობა არაა სასურველი. შეეცადეთ არ გაცივდეთ, განსაკუთრებით მოერიდეთ რუჯის დროს, გადახურების შემდეგ საცურაო აუზისა თუ ზღვის ცივ წყალში სწრაფად ჩასვლას. ატარეთ ბამბის თეთრეული, უარი თქვით ტანზე მოტკეცილ სამოსზე. არაა სასურველი ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ჯდომა. მიიღეთ 2 ლიტრამდე სითხე, რაციონში ჩართეთ ნახარშები, მაგალითად, შტოშის ნახარში, რომელიც შარდის მჟავიანობას ზრდის, ბაქტერიების გამრავლების პრევენციის მიზნით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგს ნინო შონიას ნომერზე 577 32 77 43.
გისურვებთ ჯანმრთელობას!




კლინიკის სიახლეები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ორ ორსულს ტყუპები შეეძინა! ერთმა მშობიარემ გოგონები გააჩინა, მეორემ – ვაჟები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ფილიალ „ახალ სიცოცხლეში“ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა.