რა ღონისძიებით უერთდება ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჰემოფილიის მსოფლიო დღეს?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

17 აპრილს ჰემოფილიის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას უერთდება და ამ მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდება კონფერენცია. პრეზენტაციას გაუძღვება საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორი რომანოზ ხომასურიძე. ბატონი რომანოზი წარმოგვიდგენს 2017 წლის ანგარიშს – თუ რა აქტივობები ჩატარდა ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენციის დასრულების შემდეგ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ორგანიზებით მოეწყობა ექსკურსია თბილისში, ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისთვის. ღონისძიება დაგვირგვინდება საზეიმო ვახშმით.

მას შემდეგ, რაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ჰემოფილიის პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა, მკვეთრად გაიზარდა ბენეფიციართა მკურნალობისა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს ყველა პროფილის ექიმი. ამ ფაქტს მუდმივად  მადლიერებით აღნიშნავენ ჰემოფილიით დაავადებულები.   

რატომ აღინიშნება ჰემოფილიის მსოფლიო დღე 17 აპრილს?

ეს თარიღი დაკავშირებულია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის ფრენკ შნაბელის დაბადების დღესთან.

2018 წლის სლოგანია „ინფორმაციის გაზიარება გვაძლიერებს“.

ჰემოფილია სისხლის მძიმე თანდაყოლილი და ჯერჯერობით განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულად ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას.

ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს. ჰემოფილიას ხშირად ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა, თუმცა სისხლდენა შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ორგანოში, ძლიერი, მასიური და მტკივნეული სისხლჩაქცევებითა და სისხლდენებით – სახსრებში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში.

საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 380–ზე მეტი ადამიანი. მოგეხსენებათ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელიც სამედიცინო მომსახურეობას უწევს ჰემოფილიით დაავადებულებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი ეწვია – ცნობილმა ჰემატოლოგმა მოკლე სალექციო ჩვენება გამართა!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი ეწვია – ცნობილმა ჰემატოლოგმა მოკლე სალექციო ჩვენება გამართა!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქეთში მდებარე ერთ–ერთი პრესტიჟული კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი, ცნობილი ჰემატოლოგი სირეტ რატიპი.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოფილიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოფილიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას შეუერთდა.