საშვილოსნოს ყელის კიბო ექვემდებარება ადრეულ დიაგნოსტირებას, პრევენციას და მკურნალობას – რა იწვევს დაავადებას, როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

საშვილოსნოს ყელის კიბო ექვემდებარება ადრეულ დიაგნოსტირებას, პრევენციას და მკურნალობას – რა იწვევს დაავადებას, როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

საბედნიეროდ, საშვილოსნოს ყელის კიბო  განეკუთვნება ისეთ დაავადებათა რიცხვს, რომელიც ექვემდებარება ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, ასევე შესაძლებელია მისი პრევენცია რეგულარული სკრინინგით.

სწორედ ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და ისარგებლოთ სკრინინგ–პროგრამით.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!   

საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა, რომელიც ძირითადად, უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას მრავალი წელი სჭირდება. საწყის ეტაპზე დაავადება არ ავლენს შესამჩნევ ცვლილებებს, ამიტომ ქალები ხშირად დაგვიანებით მიმართავენ ექიმს.

ამ დაავადების დროული აღმოჩენისა და მისგან განკურნების შესაძლებლობა დღეისათვის უკვე არსებობს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი მინდია იობაშვილი.  

–  რამდენად ხშირია ეს დიაგნოზი საქართველოში და ძირითადად, რა ასაკის ქალები ავადობენ?

– სტატისტიკური მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებით მეორე ადგილი უკავია. საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე მეტად 40 წლის შემდგომ ასაკში გვხვდება, თუმცა არის შემთხვევები 20–დან 30 წლამდე ქალებშიც. 20 წლამდე ასაკში საშვილოსნოს ყელის კიბო თითქმის არ გვხვდება.

–  რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოხატულია თუ არა ნიშნები?

–  საშვილოსნოს ყელის კიბო საწყის სტადიებზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

შემდგომ ეტაპზე კი ჩნდება შესამჩნევი სიმპტომები: პათოლოგიური გამონადენი საშოდან, კონტაქტური სისხლდენები, ტკივილი.

საშვილოსნოს ყელის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნებადია.

– რა იწვევს საშილოსნოს ყელის კიბოს?

–  ამ დაავადების განვითარების მიზეზები და რისკ–ფაქტორებია:

  • ადრეული სქესობრივი ცხოვრება;
  • მრავალი სქესობრივი პარტნიორი;
  • გენეტიკური ფაქტორები;
  • მრავალი ხელოვნური აბორტი და მშობიარობა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ჰორმონული კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება (5 წელზე მეტი);
  • საშვილოსნოს შიგა კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება;
  • ბარიერული კონტრაცეპტივების უგულებელყოფა;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • პაპილომა ვირუსული ინფექცია;
  • ჰიპოვიტამინოზი.

– რამდენად შესაძლებელია სკრინინგით ადრეული ცვლილებების გამოვლენა და რა მეთოდით იკვლევთ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– ამ კვლევებისთვის დღეისათვის არსებობს  ოქროს სტანდარტი და ეს არის ორი ტესტის: PAP-ტესტის და HPV-DNA–ს კომბინაცია. PAP–ტესტი ნიშნავს საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას პაპანიკოლაუსის მეთოდით, ხოლო HPV-DNA ადამიანის პაპილომა ვირუსის დნმ–ის ტესტია.

ეს კვლევები აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბო ან დროულად გამოვავლინოთ დაავადება საწყის ეტაპზე.

აღნიშნული მეთოდები დანერგილია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და წარმატებით ხორციელდება.

– რას წარმოადგენს კოლპოსკოპია და პაპ–ნაცხის ანალიზი?

– კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასების ძალზე მარტივი და ამავდროულად ეფექტური მეთოდია. კოლპოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელისა და საშოს ეპითელიუმის შეფასება, დაზიანებული უბნის გამოვლენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანობაზე საეჭვო ცვლილებების დიფერენცირება, ნაცხისა და ბიოფსიის მიზნობრივი აღება.

რაც შეეხება გამოკვლევას, ტარდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, მენსტრუაციის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.

პაპ–ტესტი კი გულისხმობს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიათა ციტოლოგიურ დიაგნოსტირებას. მასალის აღება მაქსიმალურად ინფორმაციულია 28 დღიანი ციკლის დროს, მე–8 – 21–ე დღეებს შორის შუალედში.

– როგორ  ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, გამოკვლევების რომელ თანამედროვე მეთოდებს იყენებთ?

– შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ბიოფსიით და ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლით.

– რა უნდა იცოდეს მკითხველმა ლაპარასკოპიულ ოპერაციაზე, მის უპირატესობაზე?

– ლაპარასკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და ადვილად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი ნაკლებია, თითქმის ნულს უტოლდება. ნაკერები უფრო ადვილად ხორცდება მათი ზომის წყალობით.

ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულთათვის (ამ დაავადების მქონე პაციენტებში შეხორცების პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს).

ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციის ალბათობა მინიმალურია. ოპერაციის შემდგომი ჭრილობის დაჩირქებაც ძალზე იშვიათია მაშინ, როდესაც ღია ჩარევის დროს, განსაკუთრებით ჭარბწონიანებთან, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი დაჩირქებისკენ არის მიმართული. ოპერაციის შემდგომი თიაქარი, რომელიც ძალზე ხშირია ღია წესით ოპერაციების დროს, ლაპარასკოპიულ ოპერაციას პრაქტიკულად არ ახასიათებს.

ლაპარასკოპიული ოპერაციის შემდეგ კანზე შესაძლებელია დარჩეს მხოლოდ რამდენიმე მცირე ზომის ნაწიბური, რომელიც უმეტესად 6–9 თვეში სრულიად შეუმჩნეველი ხდება.

–  გაგვაცანით კიბოსწინარე დაავადებები.

– კიბოსწინარე დაავადებები არის ფონური პროცესების და ჰისტოლოგიურად ან ციტოლოგიურად დადგენილი ზომიერი და მძიმე დისპლაზიის ერთობლიობა.

ფონური დაავადებებია: ანთებითი პროცესები (ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები), ჰორმონული დისბალანსი, ნერვული სტრესი.

დისპლაზია კი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიაა, რაც ეპითელიუმის დიფერენცირების დარღვევას, ანუ შრიანობის დაკარგვას, ატიპიას ნიშნავს.

განასხვავებენ მსუბუქ, ზომიერ და მძიმე დისპლაზიებს. CIN1, CIN2, CIN3 (Carcinoma in situ). დისპლაზიამ შესაძლოა განიცადოს უკუგანვითარება, შესაძლოა იყოს სტაბილური ან პროგრესირდეს.

– როგორ ვრცელდება პაპილომა ვირუსი და რა შემთხვევაში ქმნის კიბოს განვითარების რისკს?

– ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) არის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული, უპირატესად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში.

ამჟამად იდენტიფიცირებულია HPV-ის 100–მდე ტიპი, მათ შორის 30–მდე არის ტროპული გენიტალური ტრაქტის მიმართ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესაძლო განვითარების გათვალისწინებით, ანსხვავებენ HPV მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს.

დაბალი რისკის ტიპებია: 6,11,40,42,43,44,53,54,61,72,73 და 81, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ გენიტალური კონდილომების და საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის დაზიანება.

მაღალი რისკის ტიპებს მიეკუთვნება 13 ტიპი: 16,18,31,33,35,39,45,51,52,56,58,59,66,68. მათ შორის ყველაზე უფრო ონკოაგრესიულია 16 და 18 ტიპი. მათი ხანგრძლივი პერსისტენციის დროს  შესაძლოა განვითარდეს როგორც დაბალი, ასევე მაღალი ხარისხის დაზიანება, როგორიც არის საშვილოსნოს ყელის კიბო.

– როგორ მკურნალობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– სამწუხაროდ, პაციენტები დაავადების განვითარების ისეთ ეტაპზე მოგვმართავენ, რომლის დროსაც აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა.

Carcinoma in situ-ს დროს მიზანშეწონილია საშვილოსნოს ტოტალური  ექსტირპაცია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა (ყელი, ტანი, დანამატები ფალოპის მილები, საკვერცხეები).

რეპროდუქციულ ასაკში ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია საშვილოსნოს ყელის კონიზაცია. დაავადების განვითარების შემდგომ სტადიებზე საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია (ორგანოს ამოკვეთა რეგიონულ ლიმფურ კვანძებთან ერთად). კომბინირებული მკურნალობა: ქირურგიული და შერწყმული სხივური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში ქიმიოთერაპია. ბოლო სტადიებზე, როდესაც ქირურგიული ჩარევა აღარ არის მიზანშეწონილი, პაციენტს ენიშნება სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.

–     რა დანიშნულებით გამოიყენება გინეკოლოგიაში მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია?

– მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს კვლევის ყველაზე ინფორმაციულ მეთოდს, მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა. ეს გახლავთ მეთოდი, რომელიც გამოიყენება რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის.

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური ტექნოლოგია, რომელიც ქმნის სამგანზომილებიან, დეტალურ ანატომიურ გამოსახულებას. კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია, შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მას იყენებენ დაავადების დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსს მინდია იობაშვილს ნომერზე 577 11 68 48;

გისურვებთ ჯანმრთელობას!