ტყვია სისხლში – გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ამ მავნებელი ლითონისგან დაგიცავთ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ტყვია მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

ვინაიდან ბოლო დროს საზოგადოებაში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბევრს მსჯელობენ და ამ მავნებელი ლითონის გამო განსაკუთრებით მშობლები ღელავენ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გადაწყვიტა, მკითხველს ვრცელი ინფორმაცია და გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდოს. 

გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებულ რისკ–ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, ქალები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სიფრთხილე მართებთ მაღაროელებს, მდნობელ-შემდუღებლებს, წყალსადენის ოსტატებს –  მრჩილავებს, მინის, კერამიკის  მწარმოებლებს, ავტომექანიკოსებს, მშენებლებს, მღებავებს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს წარმოადგენს ავტომობილი. იგი აბინძურებს ნიადაგსა და ჰაერს  მძიმე მეტალებით და სხვა ტოქსიური ნივთიერებებით. თხევადი საწვავის დაწვისას ყოველწლიურად ჰაერში ხვდება 180 000-დან 260 000-მდე ტყვიის ნაწილაკი, რაც 60-130-ჯერ მეტია ვულკანური ამოფრქვევების შედეგად გადმოტყორცნილი ტყვიის რაოდენობაზე.

ეს პრობლემა ავტოინსპექციის და ავტოგასამართ სადგურებზე მომუშავე პერსონალისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან გზის გასწვრივ ჰაერში გაცილებით მაღალია ამ მავნე ნივთიერების შემცველობა.

ტყვიის მაღალი შემცველობაა მცენარეთა ბოლქვებში და ძირხვენებში. იმ საკვებ მცენარეებში, რომელიც სამრეწველო რაიონებსა და გზების გასწვრივ იზრდება.

ტყვიის შემცველი  პროდუქციიდან აღსანიშნავია: სათამაშოები, სამშენებლო მასალები, საღებავები, კოსმეტიკა – განსაკუთრებით ტუჩსაცხი, კონსერვირებული პროდუქტი, ეთილირებული საწვავი, ნანადირევი ხორცი, ძველი წყალსადენი მილები.

ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ  თამბაქოს  მწეველებს.

ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე.

– სისხლში ტყვიის შემცველობა. როგორი მაჩვენებელია ამ კუთხით საქართველოში?

ეს ლითონი იმ მავნე ფაქტორებიდან ერთ–ერთია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს. თუმცა არსებობს ზღვრულად დასაშვები ნორმები. საქართველოში მცხოვრებთა მონაცემებით, (ვინც ჩაიტარა კვლევა) ეს რიცხვი ცილდება ამ მაჩვენებელს.

–   რა ფაქტორები იწვევს სისხლში ტყვიის რაოდენობის ზრდას?

– ტყვიით დაბინძურების უამრავი მიზეზია, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიული. ამ ლითონის ორგანიზმში მოხვედრა და მისი ხანგრძლივი დროით აკუმულირება, დაგროვება, ადამიანის ჯანმრთელობასა და კვებით რაციონზეცაა დამოკიდებული. ისეთი მინერალების არსებობა, როგორიცაა შრატის რკინა სისხლში, თუთია, მაგნიუმი და კალციუმი, ხელს უშლის ტყვიის დაგროვებას და მის მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე.

– რა გზით ხვდება ტყვია სისხლში?

ბუნებაში ტყვია სამი ფორმით გვხვდება: ელემენტარული, ორგანული, არაორგანული. ყველა ფორმას განსაკუთრებული მავნებლობა აქვს. ტყვია ორგანიზმში ძირითადად ხვდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტით, შესუნთქვით (ინჰალაციური გზით) და კანით. თუმცა მათი განაწილება და გავლენა ორგანიზმზე სხვადასხვაგვარია.

– რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტყვიამ?

ტყვია აზიანებს ღვიძლს, თირკმელს, ძვლის ტვინს, ძვალ–სახსროვან და ნერვულ, გულსისხლძარღვთა, რეპროდუქციულ და ენდოკრინულ სისტემებს. იწვევს ანემიას, ფანკონისმაგვარ სინდრომს, ართრიტს, გონებრივ ჩამორჩენილობას, დაღლილობის სინდრომს, უძილობას, კოლიკას, მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ალცჰაიმერის დაავადებას, ეპილეფსიურ სტატუსს აყალიბებს, აფერხებს ზრდას. გამოირჩევა კანცეროგენურობით (სიმსივნის განვითარების უნარით, თუმცა სიმსივნის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობა იწვევს და არა ცალკე მხოლოდ ტყვია).

- რას გვეტყვით სიმპტომებზე?

- უამრავი პრობლემის და ჩივილის გამოვლენა შეუძლია. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ ტყვიით მოწამვლის რომელ ფორმასთან (მწვავე და ქრონიკული) გვაქვს საქმე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასაკზე.

ჩივილებიდან, ყველაზე ხშირია: ადვილად დაღლა, შეკრულობა (რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას), მუცლის ტკივილი, გულისრევა, პერიოდულად დიარეა, არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც აღწევს 200 მმ ვცხ. სვ. და მეტს, ძილის მოშლა, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, მადის დაქვეითება და წონაში კლება, შავი არშია-ყაეთანი ღრძილებზე, სმენის დაქვეითება, თავის ტკივილები, ტრემორი კიდურების. იზოლირებულად რომელიმე ჩივილის არსებობა დიაგნოზს ვერ აკონკრეტებს.

– კეთდება თუ არა ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ანალიზი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბაზაზე ფუნქციონირებს ქართულ–გერმანული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია უმოკლეს დროში განისაზღვროს სისხლსა და შარდში ტყვიის შემცველობა. 

თუმცა მარტო მისი შემცველობა არაა მთავარი. კომპლექსური, რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებია საჭირო, ტოქსიურობის შესაფასებლად!

- როგორია თქვენი რეკომენდაცია, როგორ დავიცვათ თავი ტყვიისგან?

გასათვალისწინებელია გარკვეული რეკომენდაციები:

  •  სასურველია 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემოწმება. იზრუნეთ, რომ პატარამ დაიცვას პირადი ჰიგიენა. ხშირად გარეცხეთ საგნები, რომელსაც ბავშვი ეხება;
  • მიირთვით რკინით, თუთიით და კალციუმით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. კვების რაციონში ჩართეთ ხორცი, რძე. მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმი და შაქარი. პერიოდულად მულტივიტამინების მიღებაც არ იქნება ურიგო;
  • მეტალის ქილაში მოთავსებული ნებისმიერი სასმელი და საკვები გახსნის შემდეგ შეინახეთ მინის ჭურჭელში;
  • სველი წესით დაამუშავეთ საცხოვრებელი ბინა და სამუშაო გარემო;
  • მოარიდეთ ბავშვები დაბინძურებულ ადგილებს, არ მისცეთ თამაშის უფლება;
  • ონკანის წყლით სარგებლობისას წყალმა უნდა იდინოს რამდენიმე წუთი და დასალევად შემდეგ გამოიყენეთ;
  • საკვები მოამზადეთ მხოლოდ ცივი წყლით;
  • ბინაში სარემონტო  სამუშაოებისას (განსაკუთრებით სამღებრო) მოარიდეთ ბავშვები მტვერს;
  • იმ პირების სამუშაო ტანსაცმელი, რომელთა სამუშაო განსაკუთრებით რისკ–ჯგუფს წარმოადგენს, არ გარეცხოთ სხვა სამოსთან ერთად;
  • ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკის შემადგენლობას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ტოქსიკოლოგს, ეკა ქურდაძეს ნომერზე 577 11 86 91.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.