კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდის განვითარებისთვის ორი მეცნიერი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ამერიკელი ჯეიმს ელისონი და იაპონელი ტასუკუ ჰონჯო 2018 წლის ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ.

კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდის განვითარებისთვის, მედიცინის დარგში, მეცნიერები ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ. 

ნობელის კომიტეტის წევრების განცხადებით, აღნიშნული კვლევა ღირსშესანიშნავ ნაბიჯს წარმოადგენს კიბოსთან საბრძოლველად. 

„ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და ეს ახალი ამბავი კვლავაც დაუჯერებელია. ნობელის კომიტეტმა სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ ეს იყო ნობელის პირველი პრემია, რომელიც კიბოს მკურნალობის მეთოდების აღმოჩენისთვის გაიცა. მსურს, ხმა მივაწვდინო კიბოთი დაავადებულ ყველა პაციენტს და ვუთხრა – ჩვენ გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა ელისონმა.

მეცნიერი ჯეიმს ელისონი (იმუნოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე და იმუნოთერაპიის პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი, ტეხასის უნივერსიტეტის ექიმ ანდერსონის კიბოს ცენტრი) შეისწავლიდა ცილას, რომელიც იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში ასრულებდა ერთგვარი „მუხრუჭის“ როლს. მან აღმოაჩინა, რომ ამ მუხრუჭისგან გათავისუფლება იმუნურ უჯრედებს საშუალებას აძლევდა თავს დასხმოდა კიბოს უჯრედებს.

„ზოგადი მეცნიერი გახლავართ. ჩემთვის ამ კვლევაში ჩართვის მიზანი არ ყოფილა კიბოს განკურნების გზების ძიება. კვლევაში ჩავერთე, რადგან გამეგო თუ როგორ ფუნქციონირებს T ლიმფოციტური უჯრედები“, – აცხადებს მეცნიერი.   

T ლიმფოციტური უჯრედები ლეიკოციტების ერთ-ერთი ტიპი, იმუნური სისტემის ნაწილია და ორგანიზმს ეხმარება ინფექციისგან დაცვასა და შესაძლოა კიბოსთან ბრძოლაში.

ექიმ ანდერსონის კიბოს ცენტრის ცნობით, ელისონის აღმოჩენამ მიგვიყვანა იმუნური საკონტროლო პუნქტების ბლოკადის პირველ წამალთან.

ამ მეთოდის გამოყენებით შექმნილია წამალი, რომელიც 2011 წლის შემდეგ დამტკიცებულია კიბოს გარკვეული ფორმების სამკურნალოდ, კერძოდ, მელანომის, კოლორექტალური კიბოს, თირკმლის კიბოს ერთ-ერთი სახეობის – თირკმელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობის დროს. აღსანიშნავია, რომ წამლის ეფექტი სხვა ტიპის კიბოს მკურნალობაში ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაზეა.

ელისონი გეგმავს, განაგრძოს კვლევა, ფოკუსირდეს იმუნური სისტემის კომპლექსურ პასუხზე კიბოს წინააღმდეგ და აღმოაჩინოს პოტენციური მკურნალობის ახალი სამიზნეები.

დეკემბერში ელისონს პატივს მიაგებენ ნობელის ცერემონიაზე სტოკჰოლმში და როგორც აცხადებს, მოუთმენლად ელოდება მეორე გამარჯებულის, ჰონჯოს გაცნობას.

ანალოგიური აღმოჩენა გააკეთა ტასუკუ ჰონჯომ (კიოტოს უნივერსიტეტში 34 წლის განმავლობაში პროფესორად მუშაობდა), რომელმაც ამის საფუძველზე შეიმუშავა კიბოსთან ბრძოლის სპეციფიკური მეთოდი. მან იმუნურ უჯრედებზე აღმოაჩინა ცილა და გვაჩვენა, რომ ამ ცილასაც შეეძლო ყოფილიყო მსგავსი მუხრუჭი, თუმცა გააჩნდა სხვა მექანიზმი. მის მეთოდზე დაფუძნებული მკურნალობა აგრეთვე ეფექტურია კიბოსთან საბრძოლველად.

„ყოველწლიურად კიბო კლავს მილიონობით ადამიანს და არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა. კიბოსთან ბრძოლა ჩვენი იმუნური სისტემის სტიმულირების გზით, 2018 წლის ნობელის ლაურეატებმა საფუძველი დაუდეს კიბოს მკურნალობის სრულიად ახალ მეთოდს“, – განაცხადა ნობელის კომიტეტმა „ტვიტერზე“.

ცნობისათვის, 1901-2017 წლებში ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გაიცა 108-ჯერ და დაჯილდოვდა 214 ადამიანი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.