შეიძლება თუ არა დიაბეტით დაავადებულისთვის ჩურჩხელა, გოზინაყი, საცივი, „ხალადეცი“ და ბაჟე?

შეიძლება თუ არა დიაბეტით დაავადებულისთვის ჩურჩხელა, გოზინაყი, საცივი, „ხალადეცი“ და ბაჟე?

შაქრიანი დიაბეტი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით, ანუ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებით.

იმისთვის, რომ გლიკემიის ციფრები მუდმივად ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს, დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია დიეტოთერაპია, ისევე როგორც ტაბლეტოთერაპია ან ინსულინთერაპია. 

დიაბეტიანებს ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ ნახშირწყლების მცირე შემცველობით.

როგორ უნდა იკვებოს დიაბეტის მქონე ადამიანმა საახალწლო დღესასწაულზე?

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე. 

ჩურჩხელა, გოზინაყი, საცივი, „ხალადეცი“, ბაჟე

ჩურჩხელა, გოზინაყი და ლაბასხმული (ხალადეცი) დიაბეტით დაავადებულებმა არ უნდა მიირთვან. ბაჟე ნებადართულია, საცივი ზომიერად. ყველა ბურღულეული ნახშირწყლების დიდ რაოდენობას შეიცავს და სწორედ ამიტომ სასურველია, რომ თითო მიღებაზე მიირთვათ 8 სუფრის კოვზი ღომი. რაც შეეხება მჭადს – რეკომენდებულია ერთ კვებაზე 1 პატარა მჭადი (50 გრამი).  

ფხალეული

ქალბატონი სოფიო აცხადებს, რომ ფხალეული ნებადართულია და შეგიძლიათ მიირთვათ ნიგვზით შეკმაზულიც.

თევზეული

მოხარშული თევზეულის მიღება სასარგებლოა.

რძის პროდუქტები

დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება მიირთვას ყველი (სასურველია ყველი, რომელსაც მცირე რაოდენობით აქვს მარილი), უშაქრო ხაჭო და მაწონი.

ხილი

როგორც ქალბატონმა სოფიომ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, დიაბეტის დროს შესაძლებელია ადამიანმა მიირთვას ციტრუსი, კივი და ვაშლი (100–150 გრ) დღეში ორჯერ, საკვების მიღებიდან 2 ან 2.5 საათის შემდეგ. ბანანი ნახევარი თითო კვებაზე. დაუშვებელია ყურძენი, კარალიოკი, ხურმა, ბალი, თუთა, ლეღვი. 

ბოსტნეული

რეკომენდებულია მიირთვათ: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, მწვანილეული. ეს ბოსტნეული მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, მაგრამ მაინც სასურველია დაიცვათ ზომიერება. არ უნდა მიირთვათ სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, ლობიო, ბარდა.  

მინერალური წყალი, ტკბილი სასმელი, ალკოჰოლი, ხილიწვენი, კომპოტი

„შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი. თქვენი ჯანმრთელობისთვის არ არის რეკომენდებული ალკოჰოლი, ხილის წვენი, ტკბილი და გაზიანი სასმელები, კომპოტი“, – აცხადებს ქალბატონი სოფიო.

ხორცი

ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგი გირჩევთ, რომ მიირთვათ საქონლის, ხბოს, ქათმის, ინდაურის მოხარშული ხორცი. ყოვლად დაუშვებელია ღორი და ცხვარი. ამასთან, მოხარშული ხორცი რეკომენდებულია, რომ მიირთვათ სადილზე, ძირითადი კერძის სახით.

მაიონეზით მომზადებული სალათები

შეგიძლიათ მიირთვათ მაიონეზით მომზადებული სალათები ზომიერად, დღეში ერთხელ სადილზე. თუმცა ის არ უნდა შეიცავდეს კარტოფილსა და პარკოსნებს. დაუშვებელია ამ ინგრედიენტებით მომზადებული სალათი!

ტკბილეული (ნამცხვარი, შოკოლადი, კანფეტი)

როგორც ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგმა ინტერვიუში განაცხადა, ნებისმიერი სახის ტკბილეული დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის მავნებელია, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში, როცა სუფრა მრავალფეროვანი კერძებითაა გაწყობილი და შესაბამისად, ცდუნებაც იზრდება რეკომენდებულია დიაბეტური ტკბილეული, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით!

საწებელი, მჟავე მწნილეული

საწებელი ნებადართულია მცირე რაოდენობით. მჟავე მწნილეულის ნორმა დღის განმავლობაში 200 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. თუ წნევა გაწუხებთ, უპირატესობა მიანიჭეთ მწნილს მარილის ნაკლები დოზის შემცველობით.

ცომეული (პიცა, იმერული, ლობიანი)

„ლობიანი კატეგორიულად იკრძალება. ნებადართულია დღეში მხოლოდ ერთი ნაჭერი იმერული ხაჭაპური ან პიცა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად პიცისა და იმერულის მიღება არ შეიძლება. ან ერთი ნაჭერი პიცა უნდა მიირთვათ, ან იმერული ხაჭაპური. მსურს მკითხველს განვუმარტო, რომ როცა საკითხი დიაბეტს ეხება, რაციონში ცომეული მთლიანად იზღუდება. უნდა შეიძინოთ მხოლოდ დიაბეტური პური. ამ შემთხვევაშიც ზომიერების დაცვა გმართებთ, მაგალითად, თითო მიღებაზე დასაშვებია მხოლოდ 50–დან 100 გრამამდე დიაბეტური პურის მიღება“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ექიმ–ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55.

გისურვებთ ჯანმრთელობას!