განსხვავდება თუ არა H1N1–ის და სხვა სეზონური გრიპის სიმპტომები?

განსხვავდება თუ არა H1N1–ის და სხვა სეზონური გრიპის სიმპტომები?

H1N1 გრიპი (ე.წ. ღორის გრიპი) რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადებაა.

გრიპის ეს ვირუსი ცხვირში, ყელსა და ფილტვებში მდებარე უჯრედებს აინფიცირებს.

H1N1 ვირუსი, სავარაუდოდ, განაგრძობს ცირკულირებას სეზონური გრიპის სახით რამდენიმე წლის განმავლობაში. პოსტპანდემიურ პერიოდში, სავარაუდოდ, ვირუსი კვლავ დარჩება განსაკუთრებით საშიში ახალგაზრდა პაციენტებისათვის. არ შეიცვლება რისკის ჯგუფები დაავადების მძიმე მიმდინარეობის თვალსაზრისით. ვინაიდან ვირუსს შეუძლია ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება, დაავადების სიმძიმეს, სავარაუდოდ, ისევ წარმართავს ვირუსული პნევმონია, რაც არაა დამახასიათებელი, ზოგადად, სეზონური გრიპისთვის.

H1N1 გრიპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომლის აფეთქება დაიწყო მექსიკაში 2009 წლის აპრილის ბოლოს. გამომწვევია A გრიპის ვირუსი, რომელიც გენეტიკურად ახლოს დგას ღორის გრიპის ვირუსთან. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეს შტამი არასდროს ყოფილა იზოლირებული ღორებისგან ადრე. ვირუსი იოლად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და იწვევს სეზონური გრიპისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.   

A (H1N1) გრიპის სიმპტომები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის ინფექცია. დაავადებას ახასიათებს: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, ცხვირში სისველე, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. ზოგიერთ პაციენტში ვლინდება დიარეა და ღებინება. დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი. სეზონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გააუარესოს მანამდე არსებულ ქრონიკულ დაავადებათა მიმდინარეობა.

H1N1 გრიპის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპევტი ელენე ჟორჟოლიანი.

– ადამიანების რომელი ჯგუფია განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები: ასთმა, დიაბეტი, გულის ან თირკმლის დაავადებები.

– როდის მივმართოთ ექიმს?

რეკომენდებულია დროული სამკურნალო ღონისძიებების დაწყება, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს: სუნთქვის გაძნელება, მუდმივი ღებინება, მოულოდნელი თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში. როცა დაძლიეთ გრიპის სიმპტომები და მოულოდნელად აგიწიათ სიცხემ ან გაქვთ გაუსაძლისი ხველება. ვინაიდან ღორის გრიპისა და სეზონური გრიპის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და პაციენტისთვის რთული იქნება ამ ნიშნების გამორჩევა, მიზანშეწონილია, დროულად მიმართოთ ექიმს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ვირუსის გავრცელების არეალში.

– რა გზით ვრცელდება H1N1?

სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად, H1N1 ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, კერძოდ: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებულ საგანთან შეხებით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად სავსებით შესაძლებელია, სხვა ადამიანი დაინფიცირდეს ან სხვადასხვა საგანი თუ ზედაპირი ვირუსით დაბინძურდეს. ამასთან, საგანი დაინფიცირებულად ითვლება, თუ მას თვალით, ცხვირითა და პირით შეეხო გრიპით დაავადებული პაციენტი. A (H1N1) არ ვრცელდება საკვებით და მათ შორის არც ღორის ხორცით ან სხვა თერმულად დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული) საკვებით. 

– რას გვეტყვით H1N1–ის ინკუბაციის პერიოდზე?

ინფიცირებული ადამიანიდან A (H1N1) ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს, ანუ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებული და ინფექციის გამავრცელებელია. ზრდასრული პაციენტი ინფექციის გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან 7 ან მეტი დღის განმავლობაში, ხოლო ბავშვები უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

– როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან?

ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია პირადი ჰიგიენა. ხშირად, საგულდაგულოდ, ნახევარი წუთის განმავლობაში დაიბანეთ ხელი თბილი წყლით საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით. არ შეეხოთ ისეთ საგანსა და ზედაპირს, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს. მოერიდეთ ხალხმრავალ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს. ისარგებლეთ პირბადით, რათა დაიცვათ თავი ცემინებისა თუ ხველის დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისგან. მიირთვით ვიტამინებით მდიდარი საკვები, მიიღეთ სითხე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპვტს ელენე ჟორჟოლიანს ნომერზე 597 17 87 17. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!