რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს და რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხივური თერაპია მკურნალობის პროცესში?

რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს ყელის კიბოს და რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხივური თერაპია მკურნალობის პროცესში?

ონკოლოგიური დაავადებები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ჯანმრთელობისათვის.

მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიოსა და საქართველოში.

საქართველოს ჯანდაცვის 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქალთა პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული ხუთი ლოკალიზების ონკოლოგიური დაავადება არის: ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, კოლორექტალური კიბო.

საბედნიეროდ, საშვილოსნოს ყელის კიბო განეკუთვნება ისეთ დაავადებათა რიცხვს, რომელიც ექვემდებარება ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, ასევე შესაძლებელია მისი პრევენცია რეგულარული სკრინინგით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი ირინა ჯობავა.

– ქალბატონო ირინა, რა სიმპტომებით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის კიბო და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოხატულია თუ არა ნიშნები?

როგორც ზემოთ აღინიშნა, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ. დაავადების პიკი მოდის 40-50 წლის ასაკის ქალთა ჯგუფში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება, სიხშირის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 30-40 წლამდე ქალთა ასაკობრივ ჯგუფში.

საშვილოსნოს ყელის კიბო, სხვადასხვა სტადიაზე, შესაძლოა, სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს. საწყის სტადიებზე საშვილოსნოს ყელის კიბო, როგორც კიბოსწინარე დაავადებები, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დაავადების განვითარების შემდგომ ეტაპზე კი უკვე ჩნდება შესამჩნევი ვიზუალური ცვლილებები, კერძოდ:

  • პათოლოგიური გამონადენი (სისხლიან-იქოროზული) მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში;
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს;
  • ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია (7 დღეზე მეტი).

ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ჰემატურია (შარდში სისხლი), ყაბზობა (დეფეკაციის გაძნელება), ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი (შეშუპება), ანემია.

ამ სიმპტომებიდან ერთის ან თუნდაც რამდენიმეს არსებობა არ ნიშნავს, რომ გაქვთ კიბო, მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

– რას გვეტყვით საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე?

დღესდღეობით საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითად რისკ–ფაქტორად და გარკვეულწილად მიზეზადაც მიჩნეულია ადამიანის პაპილომა ვირუსი HPV. აღსანიშნავია, რომ ამ აღმოჩენისთვის, 2008 წელს, გერმანელ მეცნიერს ჰარალდ ცურ ჰაუზენს ნობელის პრემია მიენიჭა.

სტატისტიკური მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ზე მეტ შემთხვევაში ვლინდება ადამიანის პაპილომა ვირუსის ონკოგენური ქვეტიპების (HPV 16 და 18) დნმ-ი დაინფიცირება. ვირუსით დასნებოვნებიდან სიმსივნური პათოლოგიის განვითარებამდე შეიძლება ათეული წელი გავიდეს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი გარემოებები:

  • ქალის სქესობრივი ცხოვრების თავისებურებანი;
  • სქესობრივი ცხოვრების ადრეულად (16 წლამდე) დაწყება;
  • ხშირი აბორტები და მშობიარობა;
  • სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა, პროსტიტუცია;
  • დაუცველი სექსი;
  • ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები;
  • თამბაქოს მოხმარება.

აგრეთვე საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება უმკურნალებელი, ე.წ. ფონური დაავადებებისაგან (პროცესებისგან): საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული), ფსევდოეროზია, ლეიკოპლაკია, პოლიპები, კონდილომები, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ანუ კიბოსწინარე დაავადებები.

– რა მეთოდით იკვლევენ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დაინერგა სკრინინგ–ცენტრებში მიმართვის აუცილებლობა. 2008 წელს ქალაქ თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებით, საქართველოში ამოქმედდა ეროვნული სკრინინგ ცენტრი და განხორციელება დაიწყო პროგრამამ, რომელმაც მიზნად დაისახა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფების ქალბატონებში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების ადრეულ სტადიაში გამოკვლევა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული სკრინინგ პროგრამაში, რაც მოიცავს:

  • ექიმ-გინეკოლოგის კონსულტაციას (გასინჯვა სარკეების დახმარებით);
  • საშვილოსნოს ყელის ენდოსკოპიურ გამოკვლევას-კოლპოსკოპია (რომლითაც შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის 7,5,40-ჯერადი გადიდება და დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ);
  • Pap-ტესტის ანალიზს, რაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს. ძმარმჟავას 3-5%-იანი ხსნარის აპლიკაციით ფასდება საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის მკვებავი სისხლძარღვების ტერმინალური ქსელის მდგომარეობა;
  • საშვილოსნოს ყელიდან აღებული მასალის ბიოპტატის ლაბორატორიულ, ციტოლოგიურ ან მორფოლოგიურ გამოკვლევას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკურ ალგორითმში შედის: უბგ, ცისტოსკოპია, ირიგოსკოპია, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია, PET-CT-პოზიტრონ-ემულსიური ტომოგრაფია.

- იმ შემთხვევაში თუ დიაგნოსტირდა საშვილოსნოს ყელის კიბო, როგორია მკურნალობის მეთოდები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ონკოლოგიურ პაციენტებს ვმკურნალობთ მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის კიბოს შემთხვევის განხილვა და მკურნალობის გადაწყვეტა ხდება ონკოკონსილიუმზე, ონკოლოგთა ჯგუფის, ანუ ე.წ. „Tumor Board“-ის მიერ, რომელიც შედგება ონკო–ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის, ესპანეთიდან და აშშ–დან მოწვეული რადიაციული თერაპიის ექსპერტებისაგან. 

სადღეისოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ, სხივურ და სისტემური თერაპიის მკურნალობის მეთოდებს.

საშვილოსნოს ყელის ოპერაბელურ I(A,B,C)-IIA სტადიის შემთხვევაში მკურნალობის პირველ ეტაპზე კეთდება ოპერაცია საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია რეგიონული ლიმფოდისექციით. მკურნალობის შემდგომ მეთოდად კი ადიუვანტური სხივური ან სხივური/ქიმიოთერაპია გამოიყენება.

– კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი. საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს რა შემთხვევაში ტარდება რადიოთერაპია?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის თანამედროვე, 2018 წლის ტყუპი სხივური ამაჩქარებლებით Trubeam-ით და Vitalbeam-ით, რაც პაციენტებს შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას აძლევს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სხივური თერაპიით.

რადიოთერაპია ტარდება როგორც ადიუვანტური (პოსტოპერაციულ პერიოდში), ისე ნეოადიუვანტური მეთოდით, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმზე: სიმსივნის სტადიაზე, უჯრედის ჰისტომორფოლოგიურ სახეზე, ასაკზე, პაციენტის სომატურ მდგომარეობაზე.

უმნიშვნელოვანესია პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა.

დაგეგმარება (სიმულაცია) – მკურნალობის დაწყების წინ, სპეციალური მომზადების შემდეგ, ტარდება მცირე მენჯის კომპიუტერულ–დიაგნოსტიკურ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარება.

დასხივება (მკურნალობა), სხივური თერაპიის ყოველდღიური პროცედურა ტარდება IGRT (გამოსახულებაზე მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. 

მკურნალობის პროცესში ჩართულნი არიან: რადიაციული ონკოლოგი, სამედიცინო ფიზიკოსი, რადიაციული თერაპიის ტექნიკოსი.

– საშვილოსნოს ყელის კიბო და ბრაქითერაპია. რას გვეტყვით მკურნალობის ამ მეთოდზე?

ბრაქითერაპია რადიოთერაპიის ერთ-ერთი სახეა. ბრაქითერაპია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ახლო მანძილს“. ასევე ცნობილია როგორც შიდა რადიოთერაპია. ბრაქითერაპიის დროს, სპეციალური აპლიკატორების საშუალებით, რადიაციული სხივის მიწოდება ხდება პირდაპირ სიმსივნეში (ინვაზიურად) ან სიმსივნის ზედაპირზე (კონტაქტურად). ბრაქითერაპია საშუალებას გვაძლევს, რომ სიმსივნური ქსოვილი დავასხივოთ მაღალი დოზით და მაქსიმალურად მოვიცვათ იგი. ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ ჯანმრთელი ქსოვილები.

– რას გვეტყვით ინვაზიურ ბრაქითერაპიაზე, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს გამოიყენება? 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება ბრაქითერაპიის ინვაზიური მეთოდები, კერძოდ:

  • ღრუსშიგნითა ბრაქითერაპია, როცა აპლიკატორი      უშუალოდ თავსდება საშვილოსნოს ყელის არხსა და საშვილოსნოს ღრუში და საშოს თაღებში;
  • ინტერსტიციული (ქსოვილშიდა) ბრაქითერაპია;
  • აპლიკაციური (სპეციალური აპლიკატორი იდგმება საშოში).

აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს IA-IA1 სტადიის დროს ბრაქითერაპია წარმოადგენს ქირურგიის ალტერნატივას და ამ შემთხვევაში, პაციენტის სრული გამოჯანმრთელება 95-98%-ითაა მოსალოდნელი. აგრეთვე ბრაქითერაპია, როგორც მონოთერაპია გამოიყენება პალიატიური ჩვენებით სისხლდენების შეჩერებისა და ტკივილის მოხსნის მიზნით. რაც შეეხება დაავადების სხვა სტადიების დროს, ბრაქითერაპია გამოიყენება, როგორც შერწყმული სხივური თერაპია დისტანციური სხივური თერაპიის შემდგომ. მკურნალობის სქემები სხვადასხვა სტადიის დროს სხვადასხვაგვარია, ვხელმძღვანელობთ ABS–სა (აშშ–ის ბრაქითერაპიის საზოგადოების) და ლონდონის პროტოკოლებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს უახლოეს მომავალში დაემატება ბრაქითერაპიის სრული სერვისი უახლესი მოდელის აპარატით, რაც საშუალებას მოგვცემს ერთ სივრცეში, სრულყოფილად ვუმკურნალოთ არა მარტო გინეკოლოგიური ლოკალიზების, არამედ სხვა ლოკალიზების სიმსივნეებს.

– რადიოთერაპიის შემდეგ რა სამკურნალო ღონისძიებები ტარდება?

მკურნალობის დასრულების შემდეგ ხდება პაციენტების მუდმივი მონიტორინგი ონკოლოგთან.

პირველ წელიწადს კონტროლი ხდება 2 თვეში ერთხელ:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია, ციტოლოგიური კვლევა;
  • მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • PET-CT-პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (მკურნალობის დასრულებიდან 4 თვის თავზე);
  • გულმკერდის ორგანოების რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

მეორე და მესამე წელს 3 თვეში ერთხელ, შემდეგ მე-4-5 წელს კონტროლი საჭიროა 6 თვეში ერთხელ.

თუ პაციენტს აღენიშნა დაავადების პროგრესი, რაც გამოიხატება ადგილობრივი რეციდივით ან მეტასტაზით რეგიონულ ლიმფურ ჯირკვლებში, ან შორეული მეტასტაზით, მკურნალობა ხდება მულტიდისციპლინური მიდგომით – ოპერაციული, ან სისტემური ქიმიოთერაპიული მეთოდებით.

ქალბატონებო, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან უმთავრესია, რადგანაც ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოს) დროული აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რადიაციულ ონკოლოგს, ბრაქითერაპევტს ირინა ჯობავას ნომერზე 555 44 94 74.

გისურვებთ ჯანმრთელობას!