ანგიოპლასტიკა, რომელიც ტვინის შევიწროებულ სისხლძარღვს აფართოებს – ურთულესი ნევროლოგიური სტატუსის მკურნალობის უახლესი მეთოდი

ანგიოპლასტიკა, რომელიც ტვინის შევიწროებულ სისხლძარღვს აფართოებს – ურთულესი ნევროლოგიური სტატუსის მკურნალობის უახლესი მეთოდი

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროება საშიშ გართულებებს იწვევს და დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში, ფატალური შედეგითაც კი სრულდება.

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების საშიშ გართულებათაგან აღსანიშნავია ინსულტი. ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების ძირითადი მიზეზებია:

  • სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერტონული დაავადება;
  • სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიური ლაბილურობა;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • სისხლძარღვის კედლისა და ტვინის ქსოვილის დაზიანება და სხვა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება ანგიოპლასტიკა, რომელიც ტვინის შევიწროებულ სისხლძარღვს აფართოებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროფესიონალ ნეიროქირურგებთან ერთად წარმატებულ ოპერაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლინიკის უნიკალური ბიპლან ანგიოგრაფი. SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12 ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ანგიოპლასტიკის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.

– ბატონო გიორგი, რა არის ანგიოპლასტიკა, როდის დგება ანგიოპლასტიკის საჭიროება?

– ანგიოპლასტიკა ტვინის შევიწროებულ სისხლძარღვს აფართოებს, გამტარიანობას აღადგენს სპეციალური ბალონის ან მედიკამენტის საშუალებით, რისი უმთავრესი მიზანიც სისხლმომარაგების უზრუნველყოფაა. ანგიოპლასტიკის ჩვენებაა, როცა სისხლძარღვი შევიწროებულია და შესაბამისად, უფუნქციო, ანუ არ ხდება სისხლის მიწოდება იმ უბანში, რომელ უბანსაც არსებული სისხლძარღვი კვებავს.

შეგიძლიათ აღგვიწეროთ პროცესი, თუ როგორ ტარდება ანგიოპლასტიკა?

– პირველ რიგში ფასდება კლინიკური სურათი. ანგიოპლასტიკა სისხლძარღვშიდა მანიპულაცია, მცირეინვაზიური ოპერაციაა, რომლის დროსაც ქირურგს ბარძაყის არტერიიდან მხოლოდ ჩხვლეტის საშუალებით, კონკრეტულ შევიწროებულ სისხლძარღვში შეჰყავს სპეციალური კათეტერები. სისხლძარღვის გაფართოება, მთლიანობის აღდგენა ხდება სპეციალური ბალონის საშუალებით ან მედიკამენტის გამოყენებით. აღნიშნული ოპერაცია სრულდება ორმკლავიანი ანგიოგრაფით. სწორედ კლინიკის ანგიოგრაფი გვაძლევს ამ ურთულესი ოპერაციების წარმოების საშუალებას.

რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

– ოპერაციის ხანგრძლივობა 30 წუთია. პაციენტი კლინიკაში რჩება მხოლოდ 4 დღე და მალევე უბრუნდება ცხოვრების აქტიურ წესს.

როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ანგიოპლასტიკა ჩაუტარდა?

– 55 წლის პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით სისხლძარღვოვან რეჟიმში, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით (პაციენტები კვლევის ამ მეთოდით მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სარგებლობენ), თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა უკონტრასტოდ, ანგიოგრაფიით. აღნიშნული კვლევების საშუალებით განისაზღვრა როგორც თავის ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობა, ისე თავის ტვინის პერფუზია. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, კონტაქტში არ შემოდიოდა და მხოლოდ მტკივნეულ გაღიზიანებაზე რეაგირებდა, ერთეული ბგერებით. ორმკლავიანი ანგიოგრაფით ჩატარდა ცერებრული ანგიოგრაფია და დიაგნოსტირდა ტვინის უკანა არტერიის ტოტალური ანგიოსპაზმი (სპაზმი, რომელიც სისხლის მიწოდებას აფერხებს).

სპეციალური კათეტერის საშუალებით, დამიზნებით, შევიწროებულ სისხლძარღვში შევიყვანეთ სპეციალური პრეპარატი – სისხლძარღვი სრულად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პაციენტის მდგომარეობა საოპერაციო მაგიდაზევე გაუმჯობესდა, დაიწყო მეტყველება, გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ოთხივე კიდურში მოძრაობა თანაბარი გახდა. პაციენტი 4 დღეში გაეწერა კლინიკიდან. მსურს განვმარტო, რომ ამ დიაგნოზითა და მსგავსი ნევროლოგიური სტატუსით პაციენტები განწირულები იყვნენ რეანიმაციაში ხანგრძლივი დროით ყოფნისთვის ან ღრმა ინვალიდობისათვის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგს გიორგი ეგუტიძეს ნომერზე 599 78 66 54.

გისურვებთ ჯანმრთელობას!