ელენთა – რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში და როდის დგება ამ ორგანოს ამოკვეთის საჭიროება?

ელენთა – რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში და როდის დგება ამ ორგანოს ამოკვეთის საჭიროება?

ელენთა იმუნური სისტემის ყველაზე მსხვილი ორგანოა. ჩართულია სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის ფუნქციონირებაში.

ელენთის მთავარ მასას შეადგენს რეტიკულური ქსოვილი, რომლის უჯრედებიდან ვითარდება სისხლის უჯრედები, ჰემოციტები. ელენთაშივე ხდება ხანდაზმული და ფუნქციადაკარგული ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) დაშლა. ის სისხლის დეპო ორგანოა – მასში გროვდება სისხლის მარაგი, შესაბამისად, როცა ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება, ხოლო სისხლზე მოთხოვნა იზრდება, ორგანიზმი ელენთაში არსებულ მარაგს იყენებს.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის  ქირურგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი გიგო ფიჩხაია.

სად მდებარეობს ელენთა ორგანიზმში?

ელენთა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში მდებარეობს. მოზრდილი ადამიანის ელენთის წონა 150–200 გრამია, ხოლო სიგრძე 12 სმ, სიგანე 7–8 სმ.

რატომ დიდდება ელენთა?

ელენთის გადიდებას სპლენომეგალია ეწოდება. ამ მდგომარეობას იწვევს როგორც პათოლოგიური, ისე არაპათოლოგიური მიზეზი.

რამდენიმე რისკ–ფაქტორი, რის გამოც სპლენომეგალია, ელენთის გადიდება ვითარდება:

  • ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ინფექციები;
  • სისხლის ავთვისებიანი დაავადებები;
  • ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები;
  • სხვადასხვა ტიპის ჰემოლიზური ანემია;
  • ანთებითი დაავადებები;
  • ელენთის სიმსივნური დაზიანება;
  • მეტაბოლური დარღვევა და სხვა.

რა სიმპტომებით ვლინდება ელენთის გადიდება, სპლენომეგალია

აღსანიშნავია, რომ სპლენომეგალია სიმპტომურად იშვიათად ვლინდება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რითაც ხასიათდება შემდეგია:

  • ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მუცლის ზედა მარცხენა ნახევარში;
  • საკვების მიღებამდე სიმაძღრის შეგრძნება;
  • სლოკინი;
  • დაღლილობა;
  • უმიზეზოდ წონის კლება;
  • ინფექციური სნეულებებით ხშირი ავადობა;
  • სისხლდენისადმი მიდრეკილება;
  • სიყვითლე;
  • ანემია და სხვა.

ამასთან, სპლენომეგალიას შესაძლოა თან ახლდეს ისეთი სიმპტომებიც, რომელიც ძირითადი დაავადებითაა გამოწვეული.

როგორ იკვლევს ქირურგი ელენთა გადიდებულია თუ არა?

სპლენომეგალიის (ელენთის გადიდება) დადგენა გასინჯვითაც (პალპაციით) შეიძლება, თუმცა ელენთის ზომების და ელენთაში მიმდინარე სხვა პათოლოგიური ცვლილებების უფრო ზუსტად განსაზღვრის მიზნით, კეთდება მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგები ასევე იყენებენ მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტულ კვლევებს, მაგალითად, მუცლის ღრუს კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას. ამ კვლევების ჩატარების საჭიროება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაავადებით არის გამოწვეული სპლენომეგალია.

ლენთის გადიდების მიზეზის დასადგენად ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევები, მაგალითად:

  • ღვიძლის ფუნქციური გამოკვლევა და ბიოფსია;
  • ძვლის ტვინისა და ლიმფური კვანძების ბიოფსია.

როდის დგება ელენთის ამოკვეთის, სპლენექტომიის საკითხი?

ელენთის ამოკვეთას სამედიცინო ენაზე სპლენექტომია ეწოდება.

სპლენომეგალიის (ელენთის გადიდება) დროს გეგმიური სპლენექტომიის, ელენთის ამოკვეთის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ელენთის გადიდება სისხლში რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, მაგალითად, ჰემატოლოგიურ დაავადებებს, მუცლის ღრუს ორგანოებზე ზეწოლით გამოწვეულ პათოლოგიებს ან, როცა სპლენომეგალია მკურნალობას არ ექვემდებარება.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება სპლენექტომია როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით. 

რა არის ლაპაროსკოპია?

ლაპაროსკოპია ქირურგიული ოპერაციის ტიპია, რომლის დროსაც ქირურგს მუცლისა და მენჯის ღრუში შესასვლელად კანზე დიდი განაკვეთების გაკეთება არ უწევს.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ღია წესთან შედარებით, ლაპაროსკოპიით ჩატარებული სპლენექტომიის დროს სისხლის დანაკარგი ნაკლებია, პაციენტი დროულად უბრუნდება აქტიური ცხოვრების წესს, ხანმოკლეა სტაციონარში პოსტოპერაციული დაყოვნება, ნაკლებია ჭრილობის გართულების რისკი.

ცხოვრება ელენთის გარეშე

ელენთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, თუმცა ელენთის გარეშე მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციური დაავადების რისკი. სწორედ ამიტომ პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია მენინგოკოკის, პნევმოკოკისა და ჰემოფილუს ინფლუენსას წინააღმდეგ როგორც სპლენექტომიამდე, ისე ამოკვეთის შემდეგ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიგო ფიჩხაიას ნომერზე 596 26 92 92.

გისურვებთ ჯანმრთელობას!