კიდურების დაბუჟება – რატომ გვიბუჟდება კიდურები?

  • 19 მარტი 2019

კიდურების დაბუჟება ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.

კიდურების დაბუჟება ხშირ შემთხვევაში ნერვის გაღიზიანებაზე მიუთითებს, თუმცა ეს სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა დაავადებაზე მიგვანიშნებდეს, მაგალითად:

  • დიაბეტი;
  • სისხლის ნაკლებობა;
  • ნერვზე კომპრესია;
  • ნერვის ანთება;
  • ნეიროპათია;
  • ნერვის დაზიანება;
  • ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება;
  • მედიკამენტური რეაქცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა;
  • სისხლის მიწოდების ნაკლებობა ტვინის შესაბამის უბანში;
  • ინსულტი.

კიდურების დაბუჟების შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგი ლევან გოგლიაშვილი.   

„კიდურების დაბუჟება ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს, მაგალითად, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში უხერხულ პოზაში გაუნძრევლად ვსხედვართ ან ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული, შეიძლება დაგვიბუჟდეს კიდური, რაც 1 წუთამდე და მეტიც შეიძლება გრძელდებოდეს – ეს პათოლოგიაზე არ მიუთითებს. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ნერვის გაღიზიანებასთან. პირველ შემთხვევაში მდგომარეობა გამოწვეულია ნერვის კომპრესიით, ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლის ნაკლებობით. ორივე შემთხვევისას, დაბუჟების შეგრძნება მალევე ქრება და შესაბამისად, არ წარმოადგენს საშიშროებას. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი დაავადებებიდან პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება დიაბეტური ნეიროპათია, კომპრესია ნერვზე და სისხლის უკმარისობა (ქრონიკული არტერიული უკმარისობა, ათეროსკლეროზი). თითოეული წარმოადგენს სერიოზულ პათოლოგიას და საჭიროებს მრავალმხრივ მიდგომას, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა“, – აცხადებს ქირურგი. 

ბატონო ლევან, რა იწვევს ტკივილს ქვემო კიდურებში და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

–ტკივილი დაცვითი რეაქცია, სენსორული ან უსიამოვნო განცდაა, რომელიც აღმოცენდება ქსოვილის მოსალოდნელი, ან არსებული დაზიანების დროს. ტკივილი აქტუალური პრობლემაა. ბოლოდროინდელი სამედიცინო ლიტერატურული მონაცემების თანახმად, გლობალურად, მოზრდილი მოსახლეობის 20%-ს აწუხებს ტკივილი, ხოლო 10-დან ერთს ყოველწლიურად, ქრონიკული ტკივილის დიაგნოზს უსვამენ. არსებობს ქრონიკული ტკივილის სინდრომის თანმდევი ბევრი სერიოზული გართულება, როგორიცაა დეპრესია, ინსომნია (ღამის ძილის რეჟიმის დარღვევა), მოძრაობის შეზღუდვა, გუნება-განწყობის მოშლა, ანორექსია (უმადობა), ასთენია (ზოგადი საერთო სისუსტე), შრომითი უუნარობა, სოციალური კავშირების გაწყვეტა და საზოგადოებისაგან იზოლირება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ტკივილის დროს, პაციენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს, რათა მოხდეს ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა. გამოვყოფდი ტკივილის რამდენიმე შემთხვევას, რომელიც საჭიროებს ექიმთან გადაუდებელ ვიზიტს: ტკივილი, რომელსაც თან ახლავს კიდურის კანის სიფერმკრთალე, გალურჯება, გაშავება. ასევე ტკივილისას ქვემო კიდურებში 200 მ გავლის შემდეგ, ტკივილს მოსვენებით მდგომარეობაში, რომელიც მცირდება კიდურის დაბლა ჩამოშვებისას.

ძალზედ სახიფათო და საყურადღებოა დიაბეტიან პაციენტებში ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება ქვემო კიდურებში! იქნება ეს დაბუჟება, წვა, ქავილი, ტკივილი, რადგანაც ეს კონტინგენტი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ, რადგანაც დიაბეტის დროს, მგრძნობელობის დაქვეითების გამო, სერიოზული დაზიანებაც კი შეიძლება ვერ იგრძნოს პაციენტმა – ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნების დროს მიმართეთ ექიმს.

რომელ დაავადებაზე მიგვანიშნებს ტკივილი ქვემო კიდურებში?

–ტკივილის ეტიოლოგია მრავალფეროვანია, თუმცა მნიშვნელოვანია გამოვყოთ ათეროსკლეროზი და დიაბეტი, რამაც შესაძლოა განგრენის განვითარებამდე მიგვიყვანოს. ასევე ნერვის ანთება და ნერვის კომპრესია ხერხემლიდან ფეხის თითებამდე. მაგალითად, მალთაშუა თიაქარი, ასევე ბეიკერის კისტა, მუხლქვეშა ფოსოში სახსრის ანთების გამო წარმოქმნილი გამობერილობა, რომელიც აწვება მნიშვნელოვან სტრუქტურებს, ტკივილი სახსრებში რევმატული ართრიტის დროს და სხვა.

პაციენტები ხშირად უჩივიან შეშუპებას ქვემო კიდურებში. რა იწვევს ამ მდგომარეობას?

–ქვემო კიდურებში შეშუპება სითხის დაგროვებაა კიდურის ქსოვილსა და უჯრედშორის სივრცეში, რისი მიზეზიც ყველაზე ხშირად გულის უკმარისობაა, ასევე ქვემო კიდურების ვენების ქრონიკული და მწვავე უკმარისობა, ანუ თრომბოზი და შემდეგ მოდის თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, ლიმფური სისტემის პათოლოგიები და სხვა. ყურადღებას გავამახვილებ, რა თქმა უნდა, ქვემო კიდურების ვენების ქრონიკულ უკმარისობაზე და დაავადებაზე.

მაგალითისათვის, კვლევის vein consult Program-ის მონაცემებით, 91 000 ადამიანიდან 63,900-ს აღმოაჩნდა ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები. ქრონიკული ვენური დაავადება და უკმარისობა იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მექანიზმს, ამ დროს დარღვეულია სისხლის მოძრაობის მიმართულება. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში სისხლი ქვემო კიდურებიდან მიემართება გულისაკენ და ქვემოთ დაბრუნებას ე.წ სარქვლები უშლის ხელს, რადგან ვერტიკალურად ვდგავართ და სისხლი მუდამ აწვება ვენებს ზემოდან ქვემოთ. როდესაც ხდება ვენის კედლის დაზიანება, წნევის გაზრდა ვენაში, სარქვლის დაზიანება და დაზიანებული სარქველები ვეღარ აკავებენ სისხლს, სისხლი ბრუნდება ქვემო კიდურებში, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას, ტკივილს, ქავილს, წვას, სიარულის გაძნელებას. ხდება ვენების ვარიკოზულად გადაგვარება და დინამიკაში დაზიანებულ ვენებში შესაძლოა წარმოიქმნას ე.წ თრომბი, რომელმაც შესაძლოა განიცადოს მიგრაცია ღრმა ვენებში (6-44%–ში) და გამოიწვიოს უკიდურესად საშიში გართულება – ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია, რომელიც 20-33%–ში უსიმპტომო, ხოლო 2-13%–ში სიმპტომების გამოვლენით მიმდინარეობს. თრომბოემბოლიური გართულება მოითხოვს რეანიმაციულ ღონისძიებებს და ხშირ შემთხვევებში შესაძლოა დადგეს სიკვდილი. სწორედ ამიტომ საჭიროა დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

–ძირითადად, რომელი სქესისა და ასაკის ადამიანები უჩივიან ტკივილს ქვემო კიდურებში და რატომ?

–ზოგადად ძალიან რთულია დიფერენცირება რომელ სქესს აქვს მეტად გამოხატული ამ დაავადების სიმპტომები, თუმცა კონკრეტულ დაავადებებს თუ ავიღებთ, მაგალითად, ქრონიკული ვენური დაავადება, ლიმფოსტაზი, უფრო გავრცელებულია ქალებში, ათეროსკლეროზი უფრო მეტად მამაკაცებში, დიაბეტური ნეიროპათია სტატისტიკურად თანაბრად და ა.შ.

რას გვეტყვით ქვემო კიდურებში ტკივილის მიზეზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

–ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. ქვემო კიდურებში ტკივილის დროს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტს სთავაზობს მრავალპროფილურ მიდგომას ე.წ კიდურის გადარჩენის მიმართულებას. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა პათოლოგიით იქნება გამოწვეული ჩივილი, გამოვიკვლევთ, დავსვამთ დიაგნოზს და შევთავაზებთ შესაბამის კონსერვატიულ ან ოპერაციულ მკურნალობას. მაგალითად, ვარიკოზული დაავადების დროს ტარდება ქვემო კიდურების დუპლექსსკანირება, დგინდება პათოლოგიის მიზეზი, დონე, ხარისხი და იგეგმება ე.წ უსისხლო ოპერაცია – ვენის ლაზერული აბლაცია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული ვენური ღეროს დახურვა,  სპეციალური ლაზერის სხივით, რის შემდეგადაც პაციენტი საკუთარი ფეხით ტოვებს საოპერაციოს და რამდენიმე საათში ბრუნდება სახლში. ხშირად ტროფიკული წყლულის შეხორცებისთვის საჭირო პირობის შექმნა მხოლოდ ამ სახის ჩარევითაა შესაძლებელი.

განგრენის განვითარების თავიდან აცილების მიზნით დგინდება სისხლის მიწოდების ხარისხი გოჯ-მხრის ინდექსით, შემდეგ იგეგმება დიგიტალური ანგიოგრაფია ან კომპიუტერული ანგიოგრაფია, სადაც ზუსტად ჩანს თუ რა ადგილზე და რამდენი პროცენტით არის შემცირებული სისხლძარღვის სანათური და ტარდება ენდოვასკულური ოპერაცია.

ხშირ შემთხვევაში ეს მანიპულაცია შემოიფარგლება მხოლოდ ნაჩვლეტით ზემო კიდურში, იდაყვის სახსარში ან საზარდულის არეში. ხდება შევიწროებული ადგილების გაფართოება და სტენტის – სპეციალური კარკასის ჩაყენება, ასევე სრულად დახურული არტერიის რეკანალიზება სპეციალური მავთულებით ან მივმართავთ ჰიბრიდულ ოპერაციას, რომლის დროსაც საზარდულის არედან მცირე განაკვეთით ხდება თრომბის, ან ათეროსკლეროზული ფოლაქის ამოღება და შევიწროებული ადგილების გაფართოება, სტენტის ჩაყენება, რის შემდეგაც პაციენტები რამდენიმე დღეში მიდიან სახლში და იმყოფებიან აღრიცხვაზე ჩვენს კლინიკაში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სისხლძარღვთა ქირურგს ლევან გოგლიაშვილს ნომერზე 596 90 96 96.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.