რა არის ბუასილი და რა იწვევს ამ დაავადებას?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ბუასილი ძალიან საყურადღებო დაავადებაა და დროულ მკურნალობას საჭიროებს.

დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან პროქტოლოგის მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული და სახიფათო პათოლოგია ყურადღების მიღმა დარჩეს.

ბუასილი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიებს შორის სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ბოლო წლების მონაცემებით, ბუასილი პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.  

ჰემოროიდული კომპლექსი ნორმალური ანატომიური სტრუქტურაა და მისი როლი სწორი ნაწლავის ქვედა მესამედის სათანადო ფუნქციონირებაში არცთუ ისე უმნიშვნელოა.

ჰემოროიდული კომპლექსი სწორი ნაწლავის ანალური ნაწილის სხვა ანატომიურ სტრუქტურებთან ერთად ხელს უწყობს და არეგულირებს აირებისა და ნაწლავების შიგთავსის შეკავებას და სწორ ნაწლავში ჰერმეტიულობის შექმნას. რაც შეეხება ჰემოროიდული კვანძების გადიდებას (სხვადასხვა ხარისხის) ეს უკვე პათოლოგიური პროცესია და ამას ჰემოროიდული დაავადება ეწოდება.

ჰემოროიდული დაავადება ეს არის სწორი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის მღვიმოვანი (კავერნოზული) სხეულების გაგანიერება.  ჰემოროიდული დაავადების (ბუასილის) ჩამოყალიბების გამშვები მექანიზმი კავერნოზული სტრუქტურების არტერიო-ვენური ანასტომოზების ფუნქციური მოშლილობა და ჰემოროიდებში სისხლის ჭარბი მიდინებაა.

ბუასილის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო–ქირურგი, ენდოსკოპისტი ლაშა სილოგავა.

– ბატონო ლაშა, რა იწვევს ბუასილს, შეგიძლიათ მიგვითითოთ რისკ–ფაქტორების შესახებ?

წარმოგიდგენთ რამდენიმე რისკ–ფაქტორს:

  • ყაბზობა;
  • დიარეა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ორსულობა;
  • მშობიარობა;
  • ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული წარმოება, მაგალითად, ოყნა და სხვა;
  • მენსტრუაცია;
  • ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი;
  • სპორტის შემდეგი სახეები:  ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.

ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.

– რა სიმპტომებით ვლინდება ბუასილი?

ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს გამწვავებების და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა, მაგრამ ერთხელ დაწყებული პროცესი არ წყდება და თითქმის ყველა შემთხვევაში განიცდის პერმანენტულ, კლინიკური სიმპტომატიკის პროგრესირებას.

მისი საერთო სიმპტომებია:

  • სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
  • კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • გამონადენი ლორწოს სახით;
  • ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
  • უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.

– რას გვეტყვით ბუასილის დიაგნოსტირების მეთოდზე?

 დიაგნოზი ემყარება შემდეგ მონაცემებს:

1. ანამნეზი;

2. ფიზიკური მონაცემები;

3. დაავადების კლინიკური სიმპტომატიკა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ბუასილის დიაგნოსტირების შემდეგ მეთოდებს:

  • ანალური და პერიანანალური მიდამოს ვიზუალური დათვალიერება, პალპაცია;
  • თითით გასინჯვა;
  • პროქტო–ანოსკოპია;
  • რექტორომანოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია;
  • საჭიროების  შემთხვევაში რენტგენკონტრასტული გამოკვლევა;
  • ლაბორატორიული კვლევები.

– როგორია მკურნალობის მეთოდი?

პირველი და მეორე ხარისხი ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას (ფლებოტროპული პრეპარატები, ადგილობრივი მოხმარების მალამო, არასტეროიდული ანალგეტიკები) და აგრეთვე გამოიყენება სპეციალური მცირე ინვაზიური მკურნალობის მეთოდები (მასკლეროზირებული ინექციები, კოაგულაციური ტექნიკა, ლიგაცია ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ლაზეროთერაპია), ხოლო მესამე და მეოთხე ხარისხი მხოლოდ ქირურგიული გზით იკურნება.

ახლო მომავალში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგება ბუასილის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი – ლაზერული ჰემოროიდექტომია.     

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგს ლაშა სილოგავას ნომერზე 599 10 50 31.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.