ჰემოსტაზის ლაბორატორია

ჰემოფილიისა და თრომბოზების ცენტრთან არსებული ჰემოსტაზის ლაბორატორია ფუნქციონირებს 2002 წლიდან, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე კი – 2015 წლიდან.

ლაბორატორია შეიქმნა ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით. მსოფლიო ფედერაციის პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიის სპეციალისტებმა ტრენინგი გაიარეს აშშ–ს მინეაპოლისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, Mayo–ს კლინიკასა და ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში, აითვისეს კვლევის თანამედროვე მეთოდები.

ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დახმარებით ლაბორატორიამ შეიძინა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების აპარატურა. 2002 წლიდან დღემდე ლაბორატორია არის გაერთიანებული სამეფოს შეფილდის ხარისხის კონტროლის ცენტრის სერტიფიკატის მფლობელი.

აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, სადაც ხდება ჰემოსტაზის დარღვევების მემკვიდრული და შეძენილი ფორმების დეტალური კვლევა.

მხოლოდ ამ ლაბორატორიაში ტარდება ისეთი გამოკვლევები, როგორიცაა შედედებების პლაზმური ფაქტორების (YIII, IX , XI, XII, YII), ვონ ვილებრანდის ფაქტორის კვლევა, APTT–ზე და PT–ზე დამოკიდებული ინჰიბიტორის თვისობრივი განსაზღვრა, ინჰიბიტორის ტიტრის განსაზღვრა Bethesda-ს მეთოდით. ლაბორატორიაში ხდება ასევე თრომბოციტების ფუნქციის კვლევა სხვადასხვა აგონისტზე (რისტოცეტინი, ADF, კოლაგენი, ეპინეფრინი), რაც თრომბოციტოპათიების დიფერენცირებული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

ეს კვლევები ჰემატოლოგებს ჰემოსტაზის დარღვევების ზუსტი დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობის საშუალებას აძლევს.

ჰემოფილიის ცენტრში აღრიცხვაზეა 380 პაციენტი. გარდა ჰემოფილიის და თრომბოზების ცენტრში აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისა, რომელთაც უმეტესწილად ჰემოსტაზის დარღვევების მემკვიდრული ფორმა აქვთ, ლაბორატორიას მომართავენ ასევე ჰემოსტაზის შეძენილი (მეორეული) დარღვევების მქონე პაციენტები, რომელთა სიმპტომები ხშირად ძალიან მძიმეა და ისინი სასწრაფო დიაგნოსტირებასა და მკურნალობას საჭიროებენ.  

ამჟამად ლაბორატორიამ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის შეტყუპების პროგრამის ფარგლებში ფრანკფურტის ჰემოფილიის ცენტრიდან საჩუქრად მიიღო მაღალი დონის ანალიზატორი, რომელიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაფართოვდეს და დაიხვეწოს ლაბორატორიაში არსებული გამოკვლევათა სპექტრი.