ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.

რა ტიპის კვლევები ჩატარდა?

კლინიკაში ჩატარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია – კვლევით დიაგნოსტირდა მოცულობითი წარმონაქმნი, სავარაუდოდ კისტა. მკვებავი არტერიის სრული ვიზუალიზებისთვის საჭირო გახდა დამატებითი კვლევები, თავდაპირველად მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდგომ დიგიტალური ანგიოგრაფია (ამ კვლევის დროს, სისხლძარღვის დათვალიერების მიზნით, სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური ხსნარი, კონტრასტი).

დიაგნოზი

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგმა ლევან გოგლიაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, დიგიტალური ანგიოგრაფიით გამოვლინდა გასტროდუოდენური არტერიის (კუჭისა და პანკრეასის მკვებავი არტერია) ცრუ ანევრიზმა, რომელიც საჭიროებდა დროულ ჩარევას, რადგან მაღალი იყო გასკდომის ალბათობა. ცრუ ანევრიზმა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ოპერაცია

აღსანიშნავია, რომ ეს არის უიშვიათესი პათოლოგია, შესაბამისად, მისი მკურნალობის სტანდარტული მეთოდი არ არსებობს.

დაიგეგმა ოპერაცია – არტერიის ენდოვასკულური ემბოლიზება (დახშობა). სისხლძარღვთა ქირურგებმა ოპერაციის დროს გამოიყენეს რეგიონში ექსკლუზიური, ულტრათანამედროვე ანგიოგრაფი Trinias B12.

„ოპერაცია ჩატარდა მინიმალური ინვაზიით! მხრის არტერიიდან ერთი ჩხვლეტით შევძელით გასტროდუოდენური არტერიის კათეტერიზება და სპეციალური მოწყობილობებით (ე.წ. ქოილი) ანევრიზმის მკვებავი სისხლძარღვის დახშობა. შედეგად ანევრიზმას შეუწყდა სისხლმომარაგება და პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა ანევრიზმის გასკდომის საფრთხე“, – აცხადებს ქირურგი.    

ოპერაცია გრძელდებოდა 1 საათის განმავლობაში, ადგილობრივი ანესთეზიით. ოპერაციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე. პაციენტს ოპერაციის შემდეგ მოეხსნა ტკივილის სინდრომი.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოპერაციიდან მეორე დღეს გაეწერა კლინიკიდან და დაბარებულია საკონტროლო კვლევაზე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!