ძუძუთი კვება – რომელი პროდუქტი უწყობს ხელს რძის მომატებას, რა შუალედით უნდა კვებოთ ჩვილი და სასარგებლოა თუ არა ძროხის რძე?

ძუძუთი კვება – რომელი პროდუქტი უწყობს ხელს რძის მომატებას, რა შუალედით უნდა კვებოთ ჩვილი და სასარგებლოა თუ არა ძროხის რძე?

ჩვილისთვის დედის რძე უნიკალური და სრულფასოვანი საკვებია.

დედის რძე ცოცხალი ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო თანაფარდობით შეიცავს ჩვილისთვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერებას – წყალს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებსა და ცილებს.

დედის რძე პატარას იცავს სხვადასხვა ინფექციისა და დაავადებისაგან. ადვილად მოსანელებელია, ხელს უწყობს ბავშვის სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, უსაფრთხოა! ამასთან, ხელს უწყობს ბავშვის ენისა და სახის კუნთების განვითარებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისათვის.

ძუძუთი კვების, ანუ ლაქტაციის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი მაია აბალოიძე.

ქალბატონო მაია, რა ასაკამდეა რეკომენდებული ჩვილის ძუძუთი კვება?

ჩვილის ძუძუთი კვება რეკომენდებულია გაგრძელდეს 2 წლამდე (ამ ასაკში თუნდაც დღეში ერთხელ მაინც), რადგან დედის რძე იცავს ბავშვს სხვადასხვა დაავადებისგან.

– რა შუალედით უნდა კვებოს დედამ ჩვილი ძუძუთი?

დედამ ბავშვი უნდა კვებოს მოთხოვნილების სიხშირით და არა საათობრივად როგორც დღისით, ისე ღამით. დაბადებიდან პირველი თვის განმავლობაში ჩვილი უნდა იკვებებოდეს დღე–ღამეში 8–12–ჯერ. 1-2 თვის განმავლობაში ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რეჟიმს.

– რამდენად მოქმედებს ლაქტაციის პროცესზე დედის განწყობა და ემოცია?

ძუძუს წოვის პროცესში ქალის ორგანიზმში გამომუშავდება რძის რაოდენობისა და გამოყოფის დასარეგულირებელი ჰორმონები. რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი ძუძუს, მით უფრო მეტია რძის რაოდენობა. ქალის ორგანიზმი იმდენი რაოდენობის რძეს გამოიმუშავებს, რამდენსაც გასცემს. ასევე რძის წარმოქმნას ხელს უწყობს რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები, მაგალითად, დედის სურვილი ჩვილი ძუძუთი კვებოს, დედის დადებითი ემოციური განწყობა, დედა–შვილის კანით კანთან კონტაქტი, მშვიდი და მყუდრო ოჯახური გარემო.   

 – ლაქტაციის დროს როგორი უნდა იყოს დედის კვების რაციონი, რა ეკრძალება ამ დროს ქალს? 

 მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება არა მარტო დედის ჯანმრთელობის, არამედ ბავშვის ზრდა–განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა. იგი უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე.

კვების რაციონში სასურველია იყოს:

  • მოხარშული საქონლის, ინდაურის და ქათმის ხორცი;
  • რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო;
  • მცენარეული მზესუმზირის და ზეითუნის ზეთი;
  • მარცვლეული სხვადასხვა ფაფები, უხეშად ნაფქვი ფქვილის პური;
  • ხილი და ბოსტნეული.

რეკომენდებულია შეიზღუდოს იოლად ათვისებადი ნახშირწყლები (შაქარი, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი). მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე.

არსებობს ბევრი პროდუქტი, რაც სიფრთხილით უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ იმისათვის, რომ პატარას არ განუვითარდეს ალერგია ან არ შეაწუხოს კოლიკამ (ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული მტკივნეული სპაზმი).

ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია:

  • თხილი;
  • ნიგოზი;
  • თაფლი;
  • თევზი;
  • კვერცხი;
  • ქათმის ნახარში;
  • ახალი რძე;
  • ციტრუსი;
  • გარგარი;
  • ნესვი;
  • მარწყვი;
  • შოკოლადი;
  • უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლი, კოფეინი. ძუძუთი კვების პერიოდში უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება.

– რომელი პროდუქტი უწყობს ხელს რძის მომატებას?

რძის მომატებას ხელს უწყობს რძის ნაწარმი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები (განსაკუთრებით ხილი, ბოსტნეული), პური, სხვადასხვა მარცვლეული. თუმცა არსებობს სხვადასხვა მედიკამენტური და რძის მოსამატებელი სპეციალური ჩაი, რაც ასევე ეხმარება მეძუძურ დედას ლაქტაციის ზრდაში.  

– როგორ მივხვდეთ იღებს თუ არა ჩვილი საკმარისი რაოდენობის რძეს?

თუ ჩვილი შარდავს დღე–ღამეში 6–8–ჯერ, ყოველდღიურად აქვს კუჭის მოქმედება, კვების შემდეგ დამშვიდებულია და იძინებს თუნდაც 2 საათი, აქვს წონის სტაბილური ნამატი – კვირაში საშუალოდ 150-200 გრამი, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვილი საკმარისი რაოდენობით რძეს იღებს.

– თუ დედას არ აქვს რძე, როგორ კვებოს ჩვილი, რა ალტერნატიულ საშუალებას მიმართოს?

შეგახსენებთ, რომ ყველა ქალს აქვს უნარი თავისი რძით გამოკვებოს ჩვილი, თუ იცავს ძუძუთი კვების პრინციპებსა და ტექნიკას. თუმცა სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დედას არ აქვს რძე.

ქალის რძის იდენტური ანალოგი საკვები არ არსებობს, მაგრამ ქარხნული წესით დამზადებული ადაპტირებული ნარევები მაქსიმალურად მიახლოებულია ქალის რძესთან. ნებისმიერი წარმოების ადაპტირებული ნარევი იდენტურია და შეიცავს ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, იოდს და ა.შ.

ფორმულა 1 ბავშვს ეძლევა პირველი 6 თვის განმავლობაში, ხოლო ფორმულა 2 ბავშვს ეძლევა 6 თვის ასაკიდან.

– სასარგებლოა თუ არა ძროხის რძე ჩვილისთვის?

ჩვილისთვის 12 თვემდე ძროხის რძე არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასში ცილა 3–ჯერ მეტია, ვიდრე ქალის რძეში და 2–ჯერ მეტი ვიდრე ხელოვნურ ფორმულაში. ძროხის რძე კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ნივთიერებებს 3–ჯერ მეტი ოდენობით შეიცავს. ზედმეტი ცილები და მინერალური ნივთიერებები ჩვილის ორგანიზმისთვის საზიანოა. გაითვალისწინეთ, რომ ძროხის რძე იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიას.

– როდის არ არის რეკომენდებული ჩვილის ძუძუთი კვება?

 არსებობს ძუძუთი კვების უკუჩვენებები დედისმხრივი და ბავშვისმხრივი. ძუძუთი კვების დედისმხრივ აბსოლუტურ უკუჩვენებას მიეკუთვნება შიდსი და ადამიანის T-ლიმფოტროპულ ვირუსზე სეროპოზიტიური დედა, ხოლო დროებითი უკუჩვენებაა – ტუბერკულოზის ღია ფორმა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (ციტოსტატიკები, რადიაქტიული პრეპარატები), დვრილების ჰერპესული დაზიანება, სარძევე ჯირკვლის აბსცესი, ასევე თუ დედა ნარკოტიკს მოიხმარს. ბავშვისმხრივი ძუძუთი კვების აბსოლუტური უკუჩვენებაა – ფენილკეტონურია (ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა), გალაქტოზემია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გალაქტოზის გლუკოზად გარდაქმნის პროცესის მეტაბოლური ბლოკირება), ლეიცინურია (ნეკერჩხლის სიროფის დაავადება).

ძუძუს წოვის დაბრკოლებას წარმოადგენს ასევე ჩვილის ზოგიერთი მდგომარეობა:

  • მძიმე ნევროლოგიური დაზიანება;
  • ღრმა დღენაკლულობა;
  • მკვეთრად გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;
  • გულის თანდაყოლილი დეკომპენსირებული მანკი;
  • ენის მოკლე ლაგამი;
  • ყველა ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩვილის კვება გამოწველილი რძით.

– როგორია თქვენი მოსაზრება ლაქტაციის თვითნებურად შეწყვეტაზე, რძის გაშრობაზე?  

ახალშობილი დაბადებისას ხვდება მისთვის უცხო სამყაროში, სადაც უზომოდ სჭირდება დედა, მისი ალერსი, შეხება, დედიკოს ყურება ძუძუს წოვისას. ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვთა ავადობას, ხელს უწყობს დედა–შვილს შორის ემოციური კავშირის ჩამოყალიბებასა და ბავშვის სიმშვიდეს. ვთხოვ ყველა დედას, არ მოაკლოთ თქვენს ჩვილს ეს სიამოვნება და არ შეწყვიტოთ ლაქტაცია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!