ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ერთად  ვიზრუნოთ  თქვენს ჯანმრთელობაზე!

ამ ლოზუნგით ჩაატარეს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მოსახლეობის მორიგი უფასო გასინჯვის აქცია 22 ივლისს მესტიაში.

აქციის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო დახმარების ცენტრი – ბატონი ავთანდილ თალაკვაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა - ბატონი კახა ჟორჟოლიანი.

აქციას უმასპინძლა მესტიის საავადმყოფომ და მისმა ხელმძღვანელმა თენგიზ ჩართოლანმა.

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები. მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.

აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა.

მონაწილეობდნენ:

• ზოგადი ქირურგი;
• გინეკოლოგი;
• უროლოგი;
• ოფთალმოლოგი;
• ოტო–რინო–ლარინგოლოგი;
• თერაპევტი;
• კარდიოლოგი;
• ნევროლოგი;
• სისხლძარღვთა ქირურგი;
• რადიოლოგი;
• ენდოკრინოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო 110–მა ადამიანმა, ჩატარდა 500–მდე კონსულტაცია და კვლევა.

აქციის შედეგად დიაგნოსტირებული დაავადებების სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტები უფასოდ დარიგდა.

უახლოეს დღეებში კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას პაციენტთა მკურნალობის და ზოგადად მესტიის ჯანდაცვის სამსახურებთან, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.