ერთადერთი ინსულტის ცენტრი, სადაც დროული ტრანსპორტირების შემთხვევაში ინსულტიანი პაციენტის სიცოცხლის და ინვალიდობისგან გადარჩენა შესაძლებელია

ერთადერთი ინსულტის ცენტრი, სადაც დროული ტრანსპორტირების შემთხვევაში ინსულტიანი პაციენტის სიცოცხლის და ინვალიდობისგან გადარჩენა შესაძლებელია

ინსულტი თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი დიდი გამოწვევაა.

ვერაგი პათოლოგია ხშირად გამხდარა სიკვდილისა თუ ღრმა ინვალიდობის მიზეზი.

ინსულტი იგივე თავის ტვინის ინფარქტი, ეს არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ერთმანეთისგან განასხვავებენ ინსულტის 2 ტიპს. იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვი თრომბით ან ემბოლით იხშობა და თავის ტვინის კონკრეტულ უბანს სისხლი აღარ მიეწოდება, შესაბამისად, ყალიბდება ინფარქტი, ხოლო ჰემორაგიული ინსულტი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სისხლძარღვი ზიანდება და თავის ტვინში სისხლჩაქცევა ვითარდება.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფაქტის შემსწრე ადამიანი ვერ ცნობს ინსულტის სიმპტომებს და ამის გამო ფერხდება დაზარალებულის დროული გადაყვანა კლინიკაში. პათოლოგიის სამართავად კი დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და უფრო მეტიც, ყოველი წამი გადამწყვეტია!

ასევე აუცილებელია პაციენტის მოთავსება ისეთ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია ინსულტის ცენტრით.

სწორედ ამ პათოლოგიის მართვისთვის აუცილებელი ყველა პირობაა დაცული და ინსულტის მართვის თანამედროვე მეთოდებია დანერგილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრში, სადაც ნეიროქირურგებმა და ნევროლოგებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნევროლოგიური დეფიციტისგან, ინვალიდობისგან იხსნეს.

თუმცა კლინიკის ინსულტის ცენტრის შესახებ ყველამ არ იცის და სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო სავსებით შესაძლებელია ის პაციენტი დაიღუპა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რომ მიეყვანათ, თრომბოლიზისისა თუ თრომბექტომიის დახმარებით არათუ გადარჩებოდა, არამედ ცხოვრების აქტიურ წესს დაუბრუნდებოდა.

ამ საკითხზე დაგვაფიქრა ქალბატონის წერილმა, რომელიც კლინიკის ვებ გვერდის ერთ–ერთი წარმატებული რუბრიკის „დაუსვი შეკითხვა ექიმს“ მეშვეობით მივიღეთ.

მკითხველმა მოგვითხრო, რომ დედა 25–დღიანი კომის შემდეგ იშემიური ინსულტით გარდაეცვალა. სამწუხაროდ, ქალბატონმა გვიან შეიტყო, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ინსულტის მქონე პაციენტებისთვის თანამედროვე, საქართველოში ექსკლუზიური მკურნალობის მეთოდებია დანერგილი.

წერილში გვთხოვს, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მივაწოდოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კლინიკის ვებ გვერდის ერთგულ მკითხველს ეხსომება არაერთი სტატია, სადაც ინსულტის მკურნალობისა და ინსულტის ცენტრის შესახებ მოვუთხრობდით და ამჯერად ხელახლა შეგახსენებთ, თუ რას სთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ინსულტს მკურნალობენ იმ ინოვაციური მეთოდებით, რომელიც უკვე დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში. 

ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფი

ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12.

ეს ულტრათანამედროვე აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი სამედიცინო აპარატურა, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ.

რა სერვისებით სარგებლობენ პაციენტები ინსულტის ცენტრში?

ინსულტის მართვის მიზნით კლინიკაში დანერგილია:

  • მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური  თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფით);
  • თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ისე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფით);
  • ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
  • ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია;
  • ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები;
  • ჰემორაგიული ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა.

პაციენტის ცენტრში მიყვანისთანავე პროფესიონალთა გუნდი ადგენს ინსულტის ტიპსა და გენეზს. იშემიური ინსულტის სამკურნალოდ, თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია, ან ზოგ შემთხვევაში ორივე მეთოდის ერთდროული კომბინაცია. მეთოდს პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით ინდივიდუალურად არჩევენ.

რა არის თრომბოლიზისი?

თრომბოლიზისი თრომბის დაშლას ნიშნავს. ამ მეთოდით იშლება თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბი, ხდება სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ თავის ტვინის დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის აღდგენა.

მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით, რომელსაც ინსულტის განვითარებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში შეუძლია თრომბის დაშლა.

რა არის თრომბექტომია?

ენდოვასკულური თრომბექტომია მცირეინვაზიური ჩარევაა.

ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება.

მკურნალობის ეს მეთოდი ინსულტის განვითარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ოქროს პერიოდად 6–8 საათი მიიჩნევა.

სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის, საჭიროებისამებრ, ინსულტის ცენტრში ტარდება კომბინირებული მკურნალობა (თრომბოლიზისი და თრომბექტომია ერთად).

20 წუთში გადარჩენილი თავის ტვინი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტებს უტარდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, რომელსაც მეცნიერებმა უკვე უწოდეს უპირობო ლიდერი ინსულტის დიაგნოსტირებაში.

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.

მწვავე იშემიური ინსულტის დროს პერფუზია წარმოადგენს შეუცვლელ კვლევას, რადგან ანხორციელებს იშემიის შედეგად დაღუპული და დაღუპვის რისკის ქვეშ მყოფი უჯრედების (ქსოვილების) დიფერენცირებას. ამ ცვლილებების განსაზღვრა (დიფერენცირება) აუცილებელია პაციენტის სწორი მართვისათვის. მეთოდი საგრძნობლად ამცირებს როგორც ინვალიდობის, ისე ლეტალური შემთხვევების რაოდენობას.

ამ მეთოდის საშუალებით დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა. ფერადი რუკა კი შესაძლებელს ხდის აღმოჩენილ იქნას დაზიანების უმცირესი ზომის კერაც კი.

ინსულტის სიმპტომები

ეს სიმპტომები ინსულტზე მიუთითებს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს თუ შენიშნეთ:

  • თავბრუსხვევა;
  • დამბლა;
  • პირღებინება;
  • ძალის დაქვეითება კიდურებში;
  • თავის ტკივილი;
  • მეტყველების დარღვევა;
  • მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • ცნობიერების დაქვეითება;
  • სახის მიდამოსა და კიდურების დაბუჟება;
  • სახის ასიმეტრია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!