ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – რა უნდა იცოდეთ ჩუმი და სახიფათო დაავადების შესახებ?

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – რა უნდა იცოდეთ ჩუმი და სახიფათო დაავადების შესახებ?

ღვიძლი შეიცავს განსაზღვრული რაოდენობით ცხიმს.

თუმცა თუ ღვიძლში ცხიმის შემცველობა 5-10%-ს აღემატება, მაშინ საქმე გვაქვს ღვიძლის დისტროფიასთან (გაცხიმოვნება). ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია ღვიძლის უჯრედებში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა. ღვიძლის სხვა ბევრი დაავადების მსგავსად, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია გარკვეულ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომაც მას ღვიძლის „ჩუმ დაავადებასაც“ უწოდებენ. იგი უმეტესად გამოვლინდება მაშინ, როცა ორგანო უკვე მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექიმი–გასტროენტეროლოგი (ჰეპატოლოგი) მაგდა ასათიანი.

ქალბატონო მაგდა, რა სიმპტომები ახასიათებს ღვიძლის ცხიმოვან დისტროფიას?

– დაავადების პროგრესირებისას შეიძლება გამოვლინდეს საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა, მსუბუქი, ყრუ ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. უფრო შორსწასულ შემთხვევებში კი შესაძლოა განვითარდეს ასციტი (სითხის დაგროვება მუცლის ღრუში), ფეხების შეშუპება, ქავილი, კანისა და სკლერების სიყვითლე, უმადობა და სხეულის მასის კლება, გულისრევა, მუცლის კედლის ვენების გაგანიერება (მედუზას თავი), ნევროლოგიური დარღვევები და ა.შ.

– რა იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას?

– ღვიძლის გაცხიმოვნების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფიისგანვითარების მიზეზი კი უცნობია, თუმცა დადგენილია კავშირი არაბალანსირებულ კვებასა და დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან. ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება გამოიწვიოს ასევე წონის სწრაფმა კლებამ. დადგენილია კავშირი ჯანმრთელობის სხვადასხვა  მდგომარეობასთან. არსებობს მონაცემები, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება დაკავშირებულია გენეტიკურ წინასწარგანწობასთან და დარღვევებთანაც. თუმცა ზოგიერთ ადამიანს დაავადება უვითარდება ჩამოთვლილი რისკ–ფაქტორების გარეშეც.

– რა ემართება ღვიძლს ცხიმოვანი დისტროფიის დროს?

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარების პირველ ეტაპზე ღვიძლში ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის ქსოვილის ანთება (სტეატოჰეპატიტი). დროთა განმავლობაში ანთებითი ღვიძლი შეიძლება დანაწიბურდეს (ციროზი) და ასევე განვითარდეს კიბო ან ღვიძლის უკმარისობა.

gvidzlis gacximovneba

– შესაძლებელია თუ არა ამ პათოლოგიის პრევენცია და რა მეთოდებით?

– ღვიძლის დისტროფიის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი კვებითა და რეგულარული ვარჯიშით. არსებობს მონაცემები, რომ ეფექტურია ე.წ. „ხმელთაშუა ზღვის“ დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ხილით და ე.წ. სასარგებლო ცხიმებით, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დაქვეითებას. მინიმალური ფიზიკური აქტივობა გულისხმობს კვირაში 5 დღის განმავლობაში 30 წუთით სეირნობას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონის კონტროლი. სიმსუქნის შემთხვევაში აუცილებელია სხეულის მასის თანდათან შემცირება. რეკომენდებულია ალკოჰოლის შეზღუდვა და ყველა იმ პათოლოგიის სათანადო მეთვალყურეობა, რომელიც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.

– აქვს თუ არა დაავადებას პირდაპირი კავშირი არაჯანსაღი კვების რაციონთან?

– ცხიმოვანი დისტროფიის განვითარების სხვადასხვა ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კვებას. სწრაფი კვების პროდუქტები, მაღალკალორიული დიეტა, ნაჯერი ცხიმების, ფრუქტოზის მაღალი შემცველობის პროდუქტები, შაქრის შემცველი სასმელები, ე.წ. დასავლური დიეტა – სწორედ მსგავსი ტიპის არაჯანსაღი რაციონია დაკავშირებული ღვიძლის გაცხიმოვნებასთან. უპირატესობა უნდა მიენიჭოს გრილზე მომზადებულ და გამომცხვარ პროდუქტებს (შემწვართან შედარებით) და ე.წ. „სასარგებლო ცხიმებს“, რომელიც შედის მცენარეულ პროდუქტებსა და ზოგიერთ ზეთში (დეტალურირეკომენდაციებისთვისმიმართეთექიმს).

– ძირითადად, რომელ დაავადებასთანაა ასოცირებული?

დადგენილია ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის კავშირი სხვადასხვა დაავადებასთან, მაგალითად:

  • სხეულის ჭარბი მასა და სიმსუქნე;
  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) ან პრედიაბეტი;
  • სისხლის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალი შემცველობა;
  • ჰიპერტენზია;
  • მეტაბოლური დარღვევები (მეტაბოლური სინდრომი);
  • ზოგიერთი ინფექციური დაავადება (C ჰეპატიტი);
  • აგრეთვე, კორტიკოსტეროიდების და სიმსივნის საწინააღმდეგო სხვადასხვა მედიკამენტისა და ტოქსიკური ნივთიერების მიღება.

– რას გვეტყვით დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?

სპეციალისტის (გასტროენტეროლოგი/ჰეპატოლოგი) კონსულტაციასთან ერთად, კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შესაძლებელია ღვიძლის გაცხიმოვნების სადიაგნოსტიკო  პირველი რიგის გამოკვლევების ჩატარება, რომელიც გულისხმობს მუცლის ღრუს ულტრაბგერით ექოსკოპიას და ღვიძლის ბიოქიმიური მაჩვენებლების კვლევას. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში აუცილებელია უფრო სიღრმისეული გამოკვლევა (ექიმის დანიშნულებით). სპეციალისტთან ვიზიტი განსაკუთრებით აუცილებელია იმ პირებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი რისკ–ფაქტორები.

დაავადების მართვის მთავარ პრინციპს წარმოადგენს გამომწვევი ფაქტორის მოხსნა. საყურადღებოა ალკოჰოლის აკრძალვა (ღვიძლის დაზიანების დროს არ არსებობს ალკოჰოლური სასმელის უსაფრთხო მოცულობა). დღეისთვის, უშუალოდ ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატოზისგან სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ჯანსაღი კვება, სიმსუქნისა და ჭარბი მასის შემთხვევაში წონის კლება, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა.

ასევე რეკომენდებულია ყველა იმ დაავადებისა და მდგომარეობის მართვა, რომელიც დაკავშირებულია ჰეპატოსტეატოზის განვითარებასთან. აუცილებელია ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვებით, ფიზიკური აქტიურობით და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია ღვიძლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!