კბილის ტკივილი, ღეჭვის გაძნელება – კიდევ რომელი სიმპტომები ახასიათებს ძვლისა და ძვლის ტვინოვანი ქსოვილების ანთებით პროცესებს?

კბილის ტკივილი, ღეჭვის გაძნელება – კიდევ რომელი სიმპტომები ახასიათებს ძვლისა და ძვლის ტვინოვანი ქსოვილების ანთებით პროცესებს?

ოსტეომიელიტი ძვლისა და ძვლის ტვინოვანი ქსოვილების ანთებითი პროცესია.

მას აქვს სხვადასხვა სახის მიმდინარეობა, გენეზი და გამოსავალი. არსებობს მწვავე, ქრონიკული და გამწვავებული ქრონიკული ფორმები. გენეზის მიხედვით განასხვავებენ ბაქტერიულ, ჰემატოგენურ, ტრავმულ და სხვა ტიპის ფორმებს.

სწორედ ამ დიაგნოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოგვმართა 33 წლის მამაკაცმა. პაციენტი უჩიოდა კბილის ტკივილს, აღენიშნებოდა ქვედა ყბის მარცხენა არეში შეშუპება, ამავე მიდამოში რამდენიმე კბილი სრულად იყო მორყეული. პაციენტს ჰქონდა პირის ღრუში უსიამოვნო სურნელი და გემო, ზოგადი სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ღეჭვის გაძნელება შრომის უნარიანობის დაქვეითება.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტს ჩაუტარდა რენტგენოლოგიური კვლევა, დაუდგინდა დაზიანებული ძვლის ფრაგმენტის მიდამოში მრავლობითი დესტრუქციული უბნები. სიმპტომები ქრონიკულ გამწვავებულ ოსტეომიელიტზე მიანიშნებდა. ოპერაცია ჩაატარა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყბა–სახის ქირურგმა შოთა ლობჟანიძემ.
ბატონი შოთა გვესაუბრება ოპერაციის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ზოგადად ოსტეომიელიტის შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, ექვემდებარება მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული ჩარევის მიზანი და ამოცანაა დესტრუქციული ძვლის უბნის სრული რეზექცია (მოჭრა) ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში, რადგან არ მოხდეს დაავადების გავრცობა, ვინაიდან ანთების გამო ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევა მოშლილია, უბანი ნეკროზულია. ასევე საჭიროა ერთ მომენტად პირის ღრუს სანაცია (ამ მიდამოში კბილის ექსტრაცია, ამოღება), რადგან კონკრეტულ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი იყო კბილი. ოპერაცია ასევე ითვალისწინებს ქვედა ყბის კონტურის ნაწილობრივ მთლიანობის აღდგენას ტიტანის სპეციალური ფირფიტითა და ჭანჭიკებით. ეს კონკრეტული ოპერაცია გრძელდებოდა 3 საათამდე. ასისტენტი იყო ბატონი ვახტანგ შიუკაშვილი. ძვლოვან ქსოვილში ანთებითი პროცესის სრული ჩაცხრობის შემდეგ შესაძლებელია ჩატარდეს ქვედა ყბის ანატომიური ფორმის სრულად აღდგენა. ზემოაღნიშნული გამეორებითი ოპერაცია საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალი ექიმის მიერ სწორი რეკომენდაციის გაცემას. ამ ეტაპზე პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ოპერაციიდან მესამე დღეს პაციენტი გაეწერა ბინაზე შესაბამისი დანიშნულებით. მკითხველს ვთხოვ ყურადღება მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას, რადგან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს კბილი!
ზემოაღნიშნული გართულების პრევენციის მიზნით მცირედი ჩივილის დროსაც კი მიმართეთ ექიმს“, – აცხადებს ბატონი შოთა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ყბა–სახის ქირურგს, შოთა ლობჟანიძეს ნომერზე 577 33 04 49.

გისურვებთ ჯანმრთელობას!