ორსულობის მე–5 კვირის ბოლოდან ჩანასახის გული იწყებს ფეთქვას, ორსულობის 26–ე კვირიდან ნაყოფი სწავლობს თვალების გახელას – როგორ იზრდება პატარა 9 თვის განმავლობაში?

ორსულობის მე–5 კვირის ბოლოდან ჩანასახის გული იწყებს ფეთქვას, ორსულობის 26–ე კვირიდან ნაყოფი სწავლობს თვალების გახელას – როგორ იზრდება პატარა 9 თვის განმავლობაში?

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ–ერთი ლამაზი და სასიამოვნო პერიოდია.

ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი, ადეკვატური კვება და ჰიგიენური ნორმების დაცვა მეტად მნიშვნელოვანია ორსულის ჯანმრთელობისა და ნაყოფის სწორი განვითარებისთვის.

დედის ნებისმიერი ემოცია გადადის მუცლადმყოფ პატარაზე. ორსულობით გამოწვეული სიმპტომები, მაგალითად: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, გუნება–განწყობის ცვლილება, ეს ყველაფერი ზოგჯერ დისკომფორტს უქმნის მომავალ დედას, თუმცა სწორი მიდგომით და რჩევებით სრულიად შესაძლებელია ამ მცირედი პრობლემების დაძლევა.

ორსულობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 38–40 კვირის განმავლობაში.

განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიემართება საშვილოსნოს (ფალოპის) მილისკენ, იწყება მისი დაყოფა, თავიდან ორ, შემდეგ 4–8 და უფრო მეტ უჯრედებად და წარმოიქმნება ბლასტოცისტი (100–ზე მეტი უჯრედის შემცველი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი).

განაყოფიერებიდან  მე–5–7 დღეს ბლასტოცისტი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. ამ პროცესს ეწოდება იმპლანტაცია. შემდეგ იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის, ანუ ემბრიონის ზრდა–განვითარება.

იმპლანტაციის შემდეგ ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი, რომელიც ჩანასახს უზრუნველყოფს საკვებითა და ჟანგბადით. ემბრიონი მოთავსებულია სითხით სავსე ამნიონის გარსში, რომელსაც დამცველობითი ფუნქცია აქვს.

როგორ გამოიყურება ჩემი შვილი, ნეტავ რამხელაა, როგორ შეიცვალა ამ კვირის განმავლობაში? ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომელიც მშობელს ყოველთვის აინტერესებს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება ნაყოფი 9 თვის განმავლობაში.

ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

„პირველ თვეში ჩამოყალიბებას იწყებს ჩანასახის ზურგის ტვინი და ნერვები, მე–6 კვირის ბოლოს ჩანასახს აქვს თავი და ტანი. დაახლოებით მეხუთე კვირას ჩანასახი შედგება 3 შრისგან. გარეთა შრისგან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი, შუა შრისგან ვითარდება ძვლები, კუნთოვანი ქსოვილი, სისხლძარღვები, გული და სასქესო ორგანოები, შიგნითა შრიდან კი კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა“, – აცხადებს ქალბატონი თათია.

            აი, ასე იზრდება თქვენი პატარა 9 თვის განმავლობაში!

პირველი 2 თვე ( 1–8 კვირა):

  • პირველ თვეში ჩამოყალიბებას იწყებს ზურგის ტვინი და ნერვები, ამიტომ ორსულობის 13 კვირამდე ძალიან მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავის მიღება;
  • პირველი 2 თვე განსაკუთრებით კრიტიკულია ჩანასახის განვითარების პროცესში;
  • სხვადასხვა გარემო ფაქტორმა, მედიკამენტებმა და  ვირუსებმა შესაძლოა გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს;
  • მე–6 კვირის ბოლოს ჩანასახს აქვს თავი და ტანი;
  • ემბრიონის ზრდა ძალიან სწრაფია მეორე თვეში და მეორე თვის დასასრულისთვის სხეულის ძირითადი ორგანოები და სისტემები იწყებენ განვითარებას;
  • განაყოფიერებიდან მე–7 კვირას ემბრიონის ზომა 13მმ აღწევს.

მე-3 თვე (9–13 კვირა):

  • თქვენი პატარა 63–76 მმ–ია, წონა 28 გრამი;
  • პირის ღრუში წარმოიქმნება 20 ჩანასახი;
  • ბავშვის კანზე თხელი თმა იწყებს განვითარებას;
  • ხელისა და ფეხის თითებზე ჩნდება ფრჩხილების ადგილის ჩანასახები;
  • ნაყოფის ხელები უფრო განვითარებულია, ვიდრე ტერფები;
  • ნაყოფის გული შედგება 4 საკნისგან;
  • ნაყოფის გულისცემა 120-160 დ/წთ.

            

მეოთხე თვე (14–17 კვირა):

  • თქვენი პატარას სიგრძე 10–17 სმ–ია;
  • ბავშვი მოძრაობს და აქვს ყლაპვის უნარი;
  • აქვს უნარი, ჩაიდოს ცერა თითი პირში;
  • უკვე აქვს წოვის რეფლექსი;
  • შეუძლია სახის მიმიკის შეცვლა;
  • მე–15 კვირისთვის ნაყოფის ზომა საშუალო ზომის ვაშლის მსგავსია.

           რა ცვლილებებს გრძნობს დედიკო მეოთხე თვის ბოლოს?

ეს ის თვეა, როდესაც ქალი იწყებს „ორსულობის შეგრძნებას“.

შეიძლება გქონდეთ თრთოლვის მსგავსი შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, ეს ნაყოფის მოძრაობაა.

მათ, ვისთვისაც ეს პირველი ორსულობაა, ნაყოფის მოძრაობა შესაძლოა ცოტა გვიან შეიგრძნონ.

მუცელი უკვე გეტყობათ და დროა, გარდერობი განაახლოთ – ორსულთათვის განკუთვნილი სამოსი ატაროთ.

ამ პერიოდში მცირდება გულისრევა, ღებინება, მკერდის დაჭიმულობა, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს კანის პიგმენტაცია, თავს იჩენს მადის მატება და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.

თუმცა ყველა ქალის ორსულობა სხვადასხვაგვარია და ყველა ორსულობაც განსხვავებულია, ამიტომ თქვენ შესაძლოა გქონდეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ან არც ერთი.

სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პერიოდისთვის ორსულმა წონაში მოიმატოს 5–7 კგ.

მეხუთე თვე (18–21 კვირა):

  • ნაყოფის სიგრძე 25 სმ–ია და 226–450 გრამს იწონის;
  • პატარა უფრო აქტიურია;
  • იღვიძებს და იძინებს რეგულარული ინტერვალებით;
  • ამ თვის განმავლობაში თქვენი პატარა ძალიან სწრაფად იზრდება;
  • ხელები და ფეხები უკვე სხეულის პროპორციულია;
  • ხდება ნაყოფის შინაგანი ორგანოების სრულყოფა.

            რა ცვლილებებს გრძნობს დედიკო მეხუთე თვის ბოლოს?

  • შესაძლოა იყოს მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან;
  • სისხლმდენი ღრძილები;
  • დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში;
  • ყაბზობა, გულძმარვა, შებერილობა;
  • ფეხის გაკავება;
  • გულისცემის გახშირება;
  • ზოგიერთ ორსულს შესაძლოა ნაადრევად დაეწყოს სარძევე ჯირკვლიდან გამონაჟონი (ხსენი), რაც ნორმალურია;
  • ამ პერიოდისთვის ორსულის წონის ოპტიმალური მომატება 3 კგ–ია

მეექვე თვე (22–26 კვირა):

  • ბავშვის სიგრძე 31–35 სმ–ია, წონა 900 გრამი;
  • ამ დროისთვის ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია;
  • ნაყოფის კანი დანაოჭებულია, მაგრამ იწყება კანქვეშა ცხიმის განვითარება;
  • ნაყოფი უფრო და უფრო კარგად არჩევს ხმებს.

მეშვიდე თვე (27-30 კვირა):

  • ბავშვის სიგრძე 38–40 სმ–ია, წონა 1100–1300 გრამი;
  • ქუთუთოები განცალკევდა და პატარას შეუძლია თვალის გახელა;
  • რეაგირებს სინათლესა და ხმაზე;
  • ძალიან ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა.

მერვე თვე (31-35 კვირა):

  • ბავშვის სიგრძე 45–48 სმ–ია, წონა 1800–2200 გრამი;
  • გრძელდება ტვინის ქსოვილის სწრაფი ზრდა;
  • ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია და ნაკლებს მოძრაობს;
  • ორსულმა მუცელზე შეიძლება შეიგრძნოს ნაყოფის იდაყვი ან მუხლი;
  • ნაყოფის თავის ქალის ძვლები რბილი და მობილურია, რაც სამშობიარო გზებში მის გამოსვლას აადვილებს;
  • შესაძლებელია, ფილტვები ამ დროისთვის ბოლომდე არ იყოს ჩამოყალიბებული.     

მეცხრე თვე (36–40 კვირა):

  • ნაყოფის სიგრძე 48–53 სმ–ია;
  • 37–40 კვირაზე დაბადებული პატარა დროულ ახალშობილად ითვლება;
  • ფილტვები მომწიფებულია;
  • ნაყოფის თავი უმეტესად ქვევითაა მიმართული;
  • საშვილოსნოში კომფორტულად მოკალათებული განუსაზღვრელი ბედნიერება თქვენთან შესახვედრად ემზადება!

           რა ცვლილებებს გრძნობს დედიკო ორსულობის ბოლო თვეებში?

  • ამ პერიოდში უფრო ხშირია ნაყოფის შარდის ბუშტზე ზეწოლა და ხშირი შარდვა;
  • ზოგჯერ შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველებისა და ცემინების დროს;
  • ძილის დარღვევა ჩვეული მოვლენაა;
  • ხშირია ყაბზობითა და ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი;
  • შესაძლებელია გულძმარვა;
  • მუცელი კვლავ იზრდება და ჭიპი ამოიბურცება.

ქალი შესაძლოა განიცდიდეს გარკვეულ დისკომფორტს ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო.  როგორ უნდა გაართვათ ამას თავი? დაელოდეთ რეკომენდაციას შემდეგ ნიუსში ან მომართეთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“, დადექით ჩვენთან აღრიცხვაზე და შეხვდით მშობიარობას მომზადებული, თბილ, კომფორტულ და ოჯახურ გარემოში.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!