პირველ სტადიაზე ძუძუს კიბო განკურნებადია შემთხვევათა 99–100%–ში

პირველ სტადიაზე ძუძუს კიბო განკურნებადია შემთხვევათა 99–100%–ში

სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ე.წ. სამმაგი შეფასება

მსოფლიოში ქალთა პოპულაციაში, ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული, სიცოცხლისათვის საშიში და გავრცელებული დაავადებაა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სულ მალე იფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი. ამ პროექტის მეშვეობით, პაციენტებს შევთავაზებთ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, რაც სამედიცინო თვალსაზრისით უკვე მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში.
მკითხველს სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას კიბოს მკურნალობის მეთოდების შესახებ, რადგან საქართველოში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი მაღალია და შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავება, გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად წარმოგიდგინოთ სტატია ძუძუს კიბოს შესახებ. ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა უკვე შეიძინა უახლესი თაობის, ულტრათანამედროვე სისტემებით აღჭურვილი მამოგრაფი, რომლის დახმარებითაც პაციენტებს საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში ისარგებლონ სკრინინგით.
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ე.წ. სამმაგი შეფასება triple assessment, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ გამოკვლევას, ინსტრუმენტულ კვლევას – მამოგრაფიას, სონოგრაფიას ან ორივეს ერთად და ბიოფსიას.
აღსანიშნავია, რომ სკრინინგის შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით სწორად და მიზანმიმართულად დაგეგმილმა პოლიტიკამ გააუმჯობესა ზოგადი ფონი, კერძოდ, ქალბატონები იტარებენ სკრინინგს, რაც დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სკრინინგის წყალობით, დაავადების ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია და შესაძლებელი რადიკალური ქირურგიული ჩარევა. ორივე კომპონენტი, ადრეული დიაგნოსტირება და რადიკალური მკურნალობა ზრდის პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდებს, გამოიყენება როგორც ოპერაციული მკურნალობა, ასევე სხივური, ქიმიო და ჰორმონოთერაპია. აღსანიშნავია, რომ უამრავი პაციენტისთვის დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნებისთვის საკმარისია ლოკალური მკურნალობა – ოპერაცია და სხივური თერაპია.
ადიუვანტური სისტემური მკურნალობის მიზანს წარმოადგენს მიკრომეტასტაზების განადგურება, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ამ მეთოდით სიკვდილიანობა მცირდება 35–72%–ში.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. დაავადება ხასიათდება ზრდის ტენდენციით და გაახალგაზრდავებით. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში აღმოჩენის შემთხვევაში, კერძოდ შორეულ მეტასტაზირებამდე (როდესაც მეტასტაზები ვლინდება ძირითადი სიმსივნის გარეთ), ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების 80%-ზე მეტი ცხოვრობს მინიმუმ 10 წელი.
დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, 35-55 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბო ლეტალური გამოსავლის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, ხოლო საერთო ასაკობრივ ჯგუფში მას მეორე ადგილი განეკუთვნება. ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით 20% მოდის ძუძუს კიბოზე.
ძუძუს კიბოს დროს გადარჩენის მაჩვენებლები მრავალ მონაცემზეა დაფუძნებული. თითოეული ეს შემთხვევა სპეციფიურია და ექიმისგან ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.
მე–20 საუკუნის ბოლოს აღინიშნა ძუძუს კიბოთი ავადობის სიხშირის მატება, ამის მიზეზი იყო სკრინინგის და მამოგრაფიის დანერგვა.
ძუძუს კიბოს დროს პროგნოზულ ფაქტორებს წარმოადგენს – იღლიის ლიმფური კვანძების დაზიანების სტატუსი, პირველადი სიმსივნის ზომა, ლიმფო–ვასკულური ინვაზია, დიფერენცირების ხარისხი, ჰისტოლოგიური ტიპი, ჰორმონული სტატუსი, პასუხი ნეოადიუვანტურ მკურნალობაზე, HER2 სტატუსი.
რაც შეეხება HER2 სტატუსს, მისი ექსპრესია ასოცირებულია სიმსივნის უფრო აგრესიულ ფენოტიპთან და ცუდ პროგნოზთან – მაღალი რეკურენსი და სიკვდილიანობა. პროგნოზი გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც პრაქტიკაში დაინერგა ტარგეტული თერაპია.
წარმოგიდგენთ სტატისტიკას, სადაც ნათლად ჩანს, რომ ძუძუს კიბო ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში განკურნებადია. სხვადასხვა სტადიაზე გადარჩენადობის მაჩვენებელი ასეთია (იხილეთ ლინკი)

• პირველ სტადიაზე ძუძუს კიბო განკურნებადია შემთხვევათა 99–100%–ში;
• მეორე სტადიაზე 93%–ში;
• მესამე სტადიაზე 72%–ში;
• ხოლო მეოთხე სტადიაზე 5 წლიანი გადარჩენადობა 22%–ია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ ქიმიოთერაპევტს, ირინე ხუბუას ნომერზე: 558 78 68 24.