ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური განცხადება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური განცხადება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე!

გვსურს, განცხადებით გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქის – ვაგდია ელკორაიეს თითქოსდა ცემის და მისი მამისათვის უხარისხო სამედიცინო მომსახურების მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაგდია ელკორაიეს მამა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, როგორც მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან იქნა გადმოყვანილი უმძიმესი სამედიცინო ჩვენებით – გულ–სისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოთა მძიმე ქრონიკული პათოლოგიის გამწვავებით, პოლიორგანული უკმარისობით, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტის მოთავსების დღიდან, ყველა პროტოკოლის დაცვით, სამედიცინო დაწესებულება აკეთებს ყველაფერს პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ინფორმაცია, რომლის მიხედვით პაციენტს მიეწოდება უხარისხო სამედიცინო მომსახურება და სცემეს ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაიეს, წარმოადგენს სიცრუეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ხსენებული პირი გამოირჩევა აგრესიულობით, არ ემორჩილება სამედიცინო დაწესებულებაში ქცევის წესებს, მათ შორის უნებართვოდ იჭრება რეანიმაციულ განყოფილებაში და საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარი მამის, ისე ხსენებულ განყოფილებაში მოთავსებული ორი ათეული უმძიმესი პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შეურაცხყოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს, ძალადობით გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, პაციენტს სამედიცინო დაწესებულების წინაშე ერიცხება სოლიდური დავალიანება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მასზედ, რომ ვაგდია ელკორაიეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას ხსენებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან თავის ასარიდებლად, რომლის ბოლო გამოვლინებაც გახლდათ გუშინდელი ფაქტი, როდესაც ვაგდია ელკორაიე და მისი ოჯახის წევრი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შესვლის შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწყობდნენ დებოშს, შეურაცხყოფდნენ სამედიცინო პერსონალს, რისთვისაც დროულად იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

საკითხის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. ასევე, საკითხს სწავლობს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რომელსაც წერილობით უკვე წარვუდგინეთ საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და საკითხის შესწავლის შედეგებს.

სამედიცინო დაწესებულება მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.