რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.

დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლებით Truebeam. ყოველი პაციენტისთვის დაგეგმარება და მკურნალობა სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

სპეციალისტთა გუნდი და მათ შორის მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან (ემორის უნივერსიტეტი ატლანტა, აშშ და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი), ერთობლივი მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევენ მკურნალობის ტაქტიკას. მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგმვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი საქართველოს მოქალაქეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქართველი და უცხოელი ექიმებისა და პროფესიონალი გუნდის დახმარებით მიიღონ ამერიკულ-ევროპული სტანდარტის მკურნალობა. ის მკურნალობა, რისთვისაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენას საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში რადიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა 70%–ში გვჭირდება.

რადიაციული თერაპია სიმსივნეზე მოქმედებს ადგილობრივად, კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ის პაციენტს ენიშნება როგორც რადიკალურ (განკურნების მიზნით), ისე ნეოადიუვანტურ (წინასაოპერაციო მომზადებისთვის), ადიუვანტურ (პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად) და პალიატიურ (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად) რეჟიმში.

რადიოთერაპიის გუნდის შემადგენლობა მჭიდროდ ურთიერთთანამშრომლობს იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობა.

გუნდის შემადგენლობა ასეთია:

  •        რადიაციული ონკოლოგი ნიშნავს და განაგებს რადიოთერაპიას;
  •        სამედიცინო ფიზიკოსი უზრუნველყოფს რადიოთერაპიული პროცედურის ხარისხს. პასუხისმგებელია რადიაციული თერაპიის აღჭურვილობის კალიბრაციასა და სიზუსტეზე;
  •          რადიაციული ტექნიკოსი ადმინისტრირებას უწევს პაციენტის ყოველდღიურ პროცედურას, რათა შედგენილი გეგმა განხორციელდეს დაგეგმილი სიზუსტით და შესაბამისი დოზით;
  •        სხივური თერაპიის ექთანს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს პაციენტთან და მასზე მზრუნველ პირთან. კომპეტენციის ფარგლებში, კრებს ინფორმაციას მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტის შესახებ (კვების რაციონი, დღის რეჟიმი, პირადი ჰიგიენა, ექიმის მიერ დანიშნული რეკომენდაციების შესრულება და ა.შ).

რადიოთერაპიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი ლაშა გოგინაშვილი.

–  ბატონო ლაშა, რა შემთხვევაში ტარდება რადიოთერაპია?

– მოგეხსენებათ, რადიოთერაპია მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც მაიონიზირებელი გამოსხივებით სიმსივნური უჯრედები ნადგურდება.

რადიოთერაპია უხშირესად გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ როგორც რადიკალური, ისე პალიატიური მიზნით.

რადიოთერაპიის ჩატარება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და აუცილებელია განხილულ იქნას ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ტარდება თუ აკმაყოფილებს შემდგომ პოსტულატს: მკურნალობის აგრესიულობა არ უნდა აღემატებოდეს დაავადების აგრესიულობას.

– რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივურ ამაჩქარებლებზე, რომლის მეშვეობითაც ტარდება რადიოთერაპია?

– ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებლები წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია „ვარიანის“ ორ უახლეს, კლინიკურად ეკვივალენტურ ტყუპ ამაჩქარებელს. მათი მეშვეობით შესაძლებელია ჩატარდეს მკურნალობა მსოფლიოში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამავდროულად, იდენტური კონფიგურაცია უზრუნველყოფს პაციენტების შეუფერხებელ დასხივებას, გეგმის ცვლილებისა და დასხივების დროის გახანგრძლივების გარეშე.

– კიბოს მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით, რა უპირატესობით სარგებლობს რადიოთერაპია?

ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით იგი ხასიათდება ადგილობრივი მოქმედებით, რის გამოც სისტემური გვერდითი მოვლენები არ გვხვდება.

ქირურგიისგან განსხვავებით კი გარეგანი სხივური თერაპია არაინვაზიურია, არ საჭიროებს ანესთეზიას (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენებისას ხდება სამიზნე ორგანოს შენარჩუნება.

– როგორია რადიოთერაპიამდე მოსამზადებელი პროცედურა?

– რადიოთერაპიული მკურნალობის დასაწყებად საჭიროა რამდენიმე აუცილებელი და თანმიმდევრული საფეხურის გავლა, კერძოდ: კტ (კომპიუტერული ტომოგრაფია) სიმულაცია, კონტურირება, დაგეგმარება და დოზიმეტრია.

კტ (კომპიუტერული ტომოგრაფია) სიმულაცია გულისხმობს კომპიუტერულ ტომოგრაფზე პაციენტის პოზიციონირებას სხვადასხვა საიმობილიზაციო აღჭურვილობის გამოყენებით.

კონტურირებისას ექიმის მიერ ხდება სამიზნე მოცულობების, ანუ დასასხივებელი და დასაცავი ორგანოების განსაზღვრა და კომპიუტერული ტომოგრაფის თითოეულ ჭრილზე დახატვა.

დაგეგმარება წარმოადგენს ექიმის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მოცულობებზე დოზის თანაბარ გადანაწილებას, ჯანმრთელი ორგანოების მაქსიმალური დაცვის პირობებში.

დოზიმეტრიისას ხდება შეფასება, თუ რამდენად შესაძლებელია პროგრამულად დაგეგმილი მკურნალობის ფიზიკურად, სამკურნალო აპარატზე შესრულება.

– როგორ მიმდინარეობს რადიოთერაპია?

– საიმობილიზაციო აღჭურვილობის გამოყენებით, დასხივების დროს, პაციენტი იმყოფება კტ სიმულაციისთვის განსაზღვრულ პოზიციაში. მის გარშემო ბრუნავს სამკურნალო აპარატი და ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ასხივებს სასურველ, სამიზნე მოცულობას.

–  რა სამკურნალო ღონისძიებები ტარდება რადიოთერაპიის შემდეგ?

– სხივური თერაპიის პროცესში და მის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ პაციენტებს სჭირდებათ კონკრეტული დანიშნულებების შესრულება: დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოების წასმა, ანალგეზიური და ანტისეპტიკური მედიკამენტების გამოყენება, კონკრეტული ტიპის დიეტის დაცვა და სხვა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სხივური თერაპიის დეპარტამენტის დაარსების დღიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრებისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  არაერთმა პაციენტმა მიიღო  მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. 

მაგალითად მოვიყვან 79 წლის პაციენტს, რომელსაც რამდენიმე წელი აღენიშნებოდა მცირე ზომის წარმონაქმნები თავის არეში. 2018 წლის აპრილში სხვა კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია – შუბლის წარმონაქმნის ამოკეთა. მასალის მორფოლოგიური შესწავლით T უჯრედებით მდიდარი B უჯრედული ლიმფომა (ამ სიმსივნის მკურნალობა არ არის ოპერაციული, მისი მართვა ხდება ქიმიო და სხივური თერაპიებით). ოპერაციის შემდგომ 2 თვეში, ნაოპერაციებ არეში, განვითარდა დიდი ზომის დაწყლულება, რომელმაც მოიცვა მთელი შუბლი, ორივე თვალბუდე (ისე, რომ იწვევდა მხედველობის ნერვებზე ზეწოლას, თვალის კაკლების წინ მკვეთრ წამოწევასა და მხედველობის დარღვევებს: ერთი თვალით სიბრმავეს, მეორე თვალით გაორებას), მეტასტაზირდა მარჯვენა ყბაყურა ჯირკვალში და ანთებით - ინფილტრაციული ცვლილებებით გავრცელდა მარჯვენა ჰაიმორის წიაღში.

ჩვენს კლინიკაში მოსვლისას პაციენტს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები სიმსივნისგან დაზიანებულ არეებში, ძლიერი სისუსტე, მარჯვენა თვალით ფაქტობრივად ვერ ხედავდა, ხოლო მარცხენა თვალით აღენიშნებოდა გაორება. ასევე გადიდებული და მტკივნეული მარჯვენა ყბაყურა ჯირკვალი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპიის დეპარტამენტში 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში ჩატარდა დაზიანებული არეების დასხივება. პაციენტს მკურნალობის მიმდინარეობისას მოეხსნა გაუსაძლისი ტკივილები, გაუნახევრდა ზემოაღნიშნული სიმსივნური დაწყლულება. მკურნალობის ბოლოს, საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა მხედველობა, ხოლო თვალის კაკლები – ანატომიურ მდებარეობას. ჰაიმორის წიაღის, შუბლისა და თვალბუდეების ინფილტრაცია და დაწყლულება ალაგდა.

ამავდრულად გაქრა მარჯვენა ყბაყურა ჯირკვალში არსებული მეტასტაზური დაზიანება. პაციენტი გადამისამართდა ონკოჰემატოლოგთან, შემდგომი მკურნალობისთვის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციულ ონკოლოგს, ბრაქითერაპევტს ლაშა გოგინაშვილს ნომერზე 599 62 17 15.

გისურვებთ ჯანმრთელობას!