რა უნდა ვიცოდეთ პანკრეატოდუოდენური რეზექციის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ პანკრეატოდუოდენური რეზექციის შესახებ?

პანკრეასი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა.

ის კუჭქვეშა ჯირკვალია, რომელიც მუცლის ღრუს ზედა ნაწილში, კუჭის უკან მდებარეობს. პანკრეასი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების მონელების პროცესში.

პანკრეასის სიმსივნეებს კეთილთვისებიანებად და ავთვისებიანებად ყოფენ. პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე კლინიკურად მხოლოდ შორს წასულ და გართულებულ შემთხვევებში მჟღავნდება და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადასტურებული კლინიკური ნიშანია სიყვითლე. პანკრეასის სიმსივნე ერთმნიშვნელოვნად ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ჩარევა, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც პალიატიური, ისე რადიკალურიც. შემთხვევათა 70%-ში ვლინდება პანკრეასის თავის სიმსივნე, რომლის დროსაც ტარდება ე.წ. უიპლის ოპერაცია – პანკრეატოდუოდენური რეზექცია.
აღნიშნული მანიპულაცია საკმაოდ რთული და მძიმე ჩარევაა. ოპერაცია დაკავშირებულია ტექნიკურ სირთულეებთან – მიმდებარედ არის ბევრი სისხლძარღვი, მაგალითად, ზედა მეზენტერიული არტერია, ზედა მეზენტერიული ვენა, კარის ვენა, ელენთის ვენა, აორტა, ქვემო ღრუ ვენა. სიმსივნის ამოსაკვეთად საჭიროა მათი პრეპარირება, რაც მაღალ ქირურგიულ ტექნიკას მოითხოვს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამ დაავადებას წარმატებით მკურნალობენ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ათეულობით ოპერაცია ჩატარდა და უმეტესი მათგანი წარმატებით დასრულდა – პაციენტები დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერნენ ბინაზე. 

პანკრეატოდუოდენური რეზექცია არის ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს პანკრეასის თავის და თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაღვლის საერთო სადინრის, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას. ეს ოპერაცია კეთდება ძირითადად ონკოლოგიური პათოლოგიების დროს, როგორიცაა პანკრეასის თავის სიმსივნე, თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნე, ფატერის დვრილის სიმსივნე, ნაღვლის სადინრის დისტალური ნაწილის სიმსივნე. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ოპერაცია მოიცავს პანკრეასის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაღვლის სადინრის, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას, ასევე ონკოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე რეგიონული ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთასა და დიდი ბადექონის რეზექციას. ზოგ შემთხვევაში კეთდება კუჭის ნაწილის ნაწილობრივი რეზექცია და ზოგ შემთხვევაში რეზექციის გარეშე. დღეისათვის ოპერაციის გარდა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ პალიატიური ანუ ქიმიოთერაპია. პანკრეასის რთული ანატომიური მდებარეობის გამო აღნიშნული ოპერაციის დროს სხვა ოპერაციებთან შედარებით მაღალია სისხლდენის რისკი. ასევე გართულებებს წარმოადგენს: ნაკერების უკმარისობა, პერიტონიტი, სეფსისი, ხვრელმილები, თრობოემბოლია და სხვა. არც შორეული გართულებებია გამორიცხული – ანასტომოზის სტენოზი, პანკრეატიტი, ქოლანგიტი. ამ გართულებათა პრევენციისთვის პაციენტს უტარდება პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, პანკრეასის ფერმენტაციის დათრგუნვა, პროტონული ტუმბოს ინჰიბიცია, პოსტოპერაციულ პერიოდში – ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილიზება და კონტროლი. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ოპერაცია გაგვიკეთებია 5 საათში, ყველაზე მინიმალური დრო ეს არის და ყველაზე მაქსიმალური 12 საათი. ამ ოპერაციას სჭირდება მხარდაჭერა როგორც ქირურგიული ტექნიკის კუთხით, ასევე ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით. რაც შეეხება ქირურგიულ მხარდაჭერას ეს არის თანამედროვე საკერავი აპარატები, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის დროს და ოპერაციის ხარისხსაც აუმჯობესებს.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ-ცენტრს ნომერზე 577119119 ან 202 25 25

გისურვებთ ჯანმრთელობას!