რატომ არის ზღვაში ცურვა ორსულისთვის სასარგებლო, ვნებს თუ არა ნაყოფს ცივი ყავა და იკრძალება თუ არა რუჯი?

რატომ არის ზღვაში ცურვა ორსულისთვის სასარგებლო, ვნებს თუ არა ნაყოფს ცივი ყავა და იკრძალება თუ არა რუჯი?

ყველა ორსულისთვის საინტერესო თემა!

დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა ყველას სჭირდება და გამონაკლისები არც ორსულები არიან.

როგორც წესი დასაქმებულთა უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში ელის ივლისს, აგვისტოსა და სექტემბერს, რათა კუთვნილი შვებულებით ისარგებლოს და საქართველოში თუ საზღვარგარეთ დასვენებით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ახალი ენერგია მიიღოს.

შევეცადეთ ინტერვიუში იმ შეკითხვებზე გვესაუბრა, რომელიც თითქმის ყველა ორსულს აინტერესებს და ზაფხულის ცხელი დღეების დადგომისთანავე აქტუალურობას იძენს.

–  ქალბატონო თათია, შეიძლება თუ არა ორსულისთვის ზღვაში, მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვა?

ცურვა დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა წყალსაცავსა და აუზში, სუფთა ზღვაში. უმჯობესია, წყალი იყოს თბილი, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი, რადგან ძალიან ცხელმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის აჩქარება, შეანელოს პლაცენტაში სისხლის მიდინება. შესაძლოა ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის ერთ–ერთი რისკ–ფაქტორი გახდეს. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს სხეულის ნორმალური ტემპერატურის ტოლი. ითვლება, რომ 37C წყლის მისაღები ტემპერატურაა. თბილი წყლის აბაზანები სასარგებლოა. წყალი ადუნებს სხეულს, წყალში ყოფნის დროს ხდება ხერხემლის განტვირთვა, მკვრივდება ზურგისა და მკერდის კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და განწყობა, მცირდება შეშუპება.

–  რა სარგებლობა მოაქვს ცურვას ორსულისთვის?

ცურვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას, ამცირებს წნევასა და ქოშინს, ასევე სხეულს ამზადებს მშობიარობისთვის. ზღვის მარილიანი წყალი ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით და ორსულს დადებითი ემოციებით ტვირთავს. ცურვის დროს არ არსებობს დაცემის, გადახურების, გაუწყლოების რისკი. დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს. ორსულთა ჰიპოდინამიამ შესაძლოა გამოიწვიოს გაცხიმოვნება, ყაბზობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და ასევე ტონუსის დაქვეითება და სწორედ ამიტომ ცურვა ერთ–ერთი სასიამოვნო და სასარგებლო სპორტია ორსულებისთვის.

თუ ზღვის კურორტზე თბილისიდან მიემგზავრებით უმჯობესია, მატარებლით იმგზავროთ. ორსულები ზღვის კურორტზე გაემგზავრეთ 1 კვირით ან 10 დღით და არა 2–3 დღით, რადგან შორ მანძილზე 2–3 დღით გამგზავრება თქვენთვის დამღლელი და არაკომფორტული იქნება.  

ორსულობის რომელი ტრიმესტრიდან აღარ არის რეკომენდებული ცურვა?

აკრძალული არ არის, მაგრამ სასურველია, რეკომენდებულია და ასევე ყველაზე კარგ პერიოდად ითვლება ორსულობის მეორე ტრიმესტრი, რადგან პირველ ტრიმესტრში მიმდინარეობს საშვილოსნოს კედელზე  ნაყოფის მიმაგრების პროცესი. ამ პერიოდში ორსულობის შეწყვეტის და სხვა რისკების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა  ორგანიზმი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ორსულმა უმჯობესია თავი შეიკავოს აქტიური ცურვისგან მე-8 თვის ბოლოს. რასაკვირველია, მსგავსი  გადაწყვეტილება ყოველთვის პირად მეან–გინეკოლოგთან უნდა შეთანხმდეს, რადგან ორსულის ზოგადი მდგომარეობა ყველაზე კარგად პირადმა ექიმმა იცის.

ყველას გვინახავს სანაპიროზე ორსული, რომელიც ირუჯება. ამ თემაზე საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. როგორია თქვენი რეკომენდაცია ამ საკითხთან დაკავშირებით?  

სანაპიროზე რუჯი შეიძლება მხოლოდ დილის 10:00–11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ. ცურვა დაშვებულია ამავე საათებში. არ არის რეკომენდებული ორგანიზმის ზედმეტი გადატვირთვა. წყალი უნდა იყოს სუფთა. ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ეცადეთ არ ჩაგეყლაპოთ წყალი.

გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს კანი უფრო მგრძნობიარე და ბავშვის კანივით ნაზი ხდება. პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედები, მელანოციტები უფრო გააქტიურებულად ფუნქციონირებენ და მეტად სენსიტიურები ხდებიან გამღიზიანებლის, კონკრეტულად კი მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ, შესაბამისად, ორსულობის დროს ადვილად ვითარდება კანის დამწვრობა, ორგანიზმის გაუწყლოება, მაღალია სითბური დარტყმის განვითარების რისკი. გამოიყენეთ ქუდი, სათვალე, ნატურალური ქსოვილის მაისურები და მზისგან დამცავი ქოლგები, ასევე ისარგებლეთ სპეციალურად ადაპტირებული კრემებით მზისგან დამცავი მაღალი ფილტრებით.

როგორ იკვებოს ორსულმა ზღვის კურორტზე?

არაჯანსაღი საკვები დაივიწყეთ. ყველას უყვარს ზღვის ნაპირზე ჩამოტარებული სიმინდი, თხილი და ა. შ.  თუმცა ორსულისთვის ეს რეკომენდებული არ არის. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ საკვებსა და სასმელს, რომელსაც აქვს ნაჯერი და ტრანს-ცხიმების (ტრანს ტიპის ცხიმოვანი მჟავების შემცველი ცხიმები), ქოლესტერინის, შაქრისა და მარილის დაბალი შემცველობა.

მარილის მიღება დაკავშირებულია მაღალი წნევის განვითარების რისკთან. სწორედ ამიტომ მარილის დღიური რაოდენობა დაიყვანეთ მინიმუმამდე, მაქსიმალურად შეამცირეთ. ზაფხულობით უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან საკვებს. მიირთვით უცხიმო ხაჭო და რძემჟავა პროდუქტები (თუ ცხადია ძროხის ცილის აუტანლობას არ უჩივით), ცხიმიან რძესა და მის ნაწარმზე კი უარი თქვით.

საკვები მიიღეთ ხშირ-ხშირად და პატარ–პატარა ულუფებით. თამამად და შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათი საგულდაგულოდ გარეცხვა. სასმელი წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის და კიდევ უფრო მეტად ორსულობის დროს, განსაკუთრებით ზღვაზე და ზაფხულის ცხელ დღეებში. წყალს ვერ შეცვლის სხვა სასმელი, მაგალითად, ყავა, ჩაი, წვენი და ა.შ.

შეიძლება თუ არა ორსულმა მიიღოს ყავა და/ან ცივი ყავა?

მედიცინაზე დაფუძნებით, პროტოკოლის მიხედვით, ორსულმა, რომელიც ჭარბი რაოდენობით იღებს კოფეინის შემცველ სასმელს (>300მგ/დღეში) მიზანშეწონილია, შეზღუდოს კოფეინის დღიური მიღება, რათა შეამციროს ორსულობის შეწყვეტისა და მცირე წონის ახალშობილის გაჩენის რისკი. კოფეინი ძირითადად შედის ყავის და ნაწილობრივ ჩაის, უალკოჰოლო სასმელებისა და შოკოლადის შემადგენლობაში: 1 ფინჯანი ხსნადი ყავა შეიცავს 60მგ კოფეინს, თუმცა ზოგიერთი ყავის ბრენდის 1 ფინჯანი შეიცავს 150მგ კოფეინს, 250მლ ჩაი ან სხვა უალკოჰოლო სასმელები <50მგ კოფეინს. დანარჩენი თქვენთვის მომინდია. ასევე არ არის რეკომენდებული ცივ წყალში გახსნილი ყავის მიღება, უმჯობესია ყავა ცოტა რაოდენობით თბილ წყალში გახსნათ და შემდეგ გააგრილოთ დამატებითი წყლით.

–   რას გვეტყვით სეირნობაზე?

ორსულობის დროს ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება 25-30%-ით, ამიტომ ორსულთათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე სეირნობა წელიწადის ნებისმიერ დროს, 1-1,5 სთ-ით და აუცილებლად ძილის წინ. ზღვის ჰაერი სასარგებლოა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!