საახალწლო სუფრის გამო რომელი დაავადებები მწვავდება და როგორ დავიცვათ კუჭ–ნაწლავი დღესასწაულზე?

საახალწლო სუფრის გამო რომელი დაავადებები მწვავდება და როგორ დავიცვათ კუჭ–ნაწლავი დღესასწაულზე?

დღესასწაული, რომელსაც მთელი წელი ველით, რთული გამოცდაა ჩვენი ორგანიზმისთვის.

თითქმის შეუძლებელია, უარი თქვათ საახალწლო სუფრის გემრიელ კერძებზე, მაგრამ გარკვეული რეკომენდაციების დაცვით ცხარე, მჟავე, ცხიმიანი და კალორიული საკვებით გამოწვეული დისკომფორტისგან თავის დაცვა შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, ცხიმიანი კერძი ვნებს როგორც კუჭ–ნაწლავს, ამასთან, ამ ტიპის საკვების მიღება არ არის სასურველი გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის. ცხიმიანი კერძი პირველ რიგში ნაღვლის ბუშტს ემუქრება. თუ სახეზეა ნაღვლის ბუშტის პრობლემა ნალექისა თუ კენჭოვანი დაავადების სახით, სწორედ ახალი წლის დღესასწაულების ფარგლებში იზრდება იმის რისკი, რომ გამწვავდეს ქოლეცისტიტი. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყრუ ან შეტევითი ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შებერილობა, ტკივილი აპიგასტრიუმის არეში და სხვა.

ახალ წელს სასიამოვნო განწყობა კუჭ–ნაწლავის პრობლემებმა რომ არ გაგიფუჭოთ, გაითვალისწინეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგის ეკა ზალიკიანის სასარგებლო რეკომენდაციები. 

„გადატვირთული საახალწლო ქართული სუფრის ფონზე შესაძლოა კუჭ–ნაწლავის მრავალმა დაავადებამ იჩინოს თავი. მათ შორის განსაკუთრებით ხშირია: გასტრიტი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ხშირია კვებითი ინტოქსიკაციები, რომლის დროსაც ვლინდება ფაღარათი, გულისრევა, ღებინება და სხვა. ყველა ეს სიმპტომი უსიამოვნოა და საახალწლო განწყობის გაფუჭება შეუძლია“, – აცხადებს ქალბატონი ეკა.

– რას გვირჩევთ, როგორ ავარიდოთ თავი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას?

რასაკვირველია, ახალი წლის დღესასწაულის დროს რთულია დიეტის დაცვა და გემრიელ კერძებზე უარის თქმა, თუმცა ზემოაღნიშნული დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ დავიცავთ კვების ჯანსაღ, სწორ ფორმას. გირჩევთ მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, კვების რაციონში ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც საუკეთესო ხერხია ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი საკვებისგან განსატვირთვად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებს. დღის განმავლობაში დალიეთ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი. თუ მაინც შეგექმნათ დისკომფორტი, დროულად მომართეთ კლინიკას.

ამ რეკომენდაციებთან ერთად სასურველია, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყოთ. ამისთვის საჭიროა მიიღოთ ხილი, ბოსტნეული ან რძის პროდუქტები, წყალთან ერთად. მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ხილი. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ. 

– საახალწლო სუფრის რომელი საკვები აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს?

აღსანიშნავია ნიგვზიანი საკვები პროდუქტები. სწორედ ნიგვზისგან მომზადებული კერძები აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს. მოგეხსენებათ, რომ ნიგოზი ბევრი კერძის ინგრედიენტია და განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საახალწლო კვების რაციონში გოზინაყის, ჩურჩხელის, საცივისა თუ ფხალეულის სახით. სწორედ ეს პროდუქტები იწვევს ქოლეცისტიტს, გასტრიტს და მათ გამწვავებას. აღსანიშნავია მაიონეზიც, რომლითაც ბევრ კერძს აზავებენ. მაიონეზი არა მარტო კუჭ–ნაწლავისთვის, არამედ სხვა სისტემებისთვისაც არ არის სასურველი. 

– რომელი საკვები შეგვიძლია მივირთვათ?

ზემოაღნიშნულ კერძებს ვერ ამოვიღებთ საახალწლო რაციონიდან, მაგრამ შეგვიძლია კვება დავაბალანსოთ ხილითა და ბოსტნეულით. მათ შორის ბოსტნეულის სალათებით, ადვილად მოსანელებელი მწვანე სალათის ფურცლებით. შეგვიძლია ჩავრთოთ რძის პროდუქტები. შევამციროთ გაზიანი სასმელის დოზა და დიდი რაოდენობით დავლიოთ წყალი, ხილის კომპოტი, ჩაი, ყავა.

– ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?

ახალი წლის პერიოდში ხშირია ისეთი ჩივილები როგორიცაა: შებერილობა, საკვების მიღების შემდეგ სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი კუჭის ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათის ან ყაბზობის მონაცვლეობა, მდგომარეობის შესაბამისად, არტერიული წნევის ცვალებადობა. ასევე ხშირია ალკოჰოლით ან სოკოთი ინტოქსიკაციები და სხვა. ამ ჩივილებმა რომ არ შეგაწუხოთ გაითვალისწინეთ აღნიშნული რეკომენდაციები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54.

გისურვებთ ჯანმრთელობას!