უფასო გასინჯვების აქცია სანიორეში.

უფასო გასინჯვების აქცია სანიორეში.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით,

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია გაიმართა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა აღმოუჩინა.

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურება სოფელ სანიორეს გარდა  ართანას, ფშაველის, ლალისყურის, ლეჩურის,  ლაფანყურის, ნაფარეულისა და ჯუღაანის მოსახლეობას გაეწია. სამედიცინო კონსულტაციასთან ერთად ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, სწრაფი-მარტივი ტესტის მეშვეობით С ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა.

აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

ცნობისთვის, სამედიცინო გასინჯვები პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.