უნიკალური ოპერაცია – ნეიროქირურგმა იშვიათი მდებარეობის, რთული ანევრიზმა მხოლოდ ერთი ჩხვლეტით გამოთიშა!

უნიკალური ოპერაცია – ნეიროქირურგმა იშვიათი მდებარეობის, რთული ანევრიზმა მხოლოდ ერთი ჩხვლეტით გამოთიშა!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს 48 წლის პაციენტი, რომელსაც იშვიათი მდებარეობის ანევრიზმა ჰქონდა.

ქალბატონს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი და ღებინება – მაღალი არტერიული წნევის ფონზე დაკარგა გონება!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტს ჩაუტარდა ცერებრული ანგიოგრაფია, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსაკვლევ ოქროს სტანდარტს. დიაგნოსტირდა საკმაოდ იშვიათი მდებარეობის, ნათხემის უკანა ზედა არტერიის ანევრიზმა. სტატისტიკურად, ანევრიზმის მსგავსი მდებარეობა შემთხვევათა მხოლოდ 2%–ში ვლინდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგებმა მინიინვაზიური ჩარევით, მხოლოდ ჩხვლეტის საშუალებით ანევრიზმა გამოთიშეს. როგორ ტარდება ეს პროცედურა? მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ხდება ბარძაყის არტერიის პუნქცია მხოლოდ ჩხვლეტით რის შემდეგაც ნეიროქირურგები ათავსებენ კათეტერს. ანევრიზმის გამოთიშვის მიზნით, ნეიროქირურგები იყენებენ ქოილის სპირალს, რაც იხვევა ანევრიზმაში და ხდება მისი ემბოლიზაცია.

პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ნევროლოგიური ჩივილი არ აღენიშნება.

წარმატებული ოპერაციის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ეგუტიძე.

„შევაფასეთ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ანგიოგრაფიის სურათზე დაყრდნობით მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, პაციენტს ჩატარებოდა ქირურგიული ოპერაცია არა ტრადიციული მეთოდით, ზოგადი ნარკოზით თავის ქალის ახდით, არამედ ენდოვასკულური მიდგომით. ენდოვასკულური მეთოდი ნაკლებად ტრავმულია. ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. ანგიოგრაფი ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს. ბარძაყის მიდამოდან მხოლოდ ჩხვლეტის საშუალებით გამოვთიშეთ ანევრიზმა. ოპერაცია გაგრძელდა ერთი საათის განმავლობაში. პროცედურიდან ერთ საათში პაციენტი მოვხსენით მართვითი სუნთქვიდან, მაშინ, როცა ღია წესით, ტრადიციული მეთოდით, ოპერაცია 7 ან 8 საათის განმავლობაში გრძელდება და შესაბამისად, გაცილებით ტრავმულია. პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ოთხივე კიდური აქტიურია, მეტყველებს, ადეკვატურია. სტატისტიკურად, ანევრიზმები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით გამსკდარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ანევრიზმის მდებარეობა ისეთ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელიც შესაძლოა 10 წლიანი სტაჟის მქონე ნეიროქირურგსაც არ ჰქონდეს ნანახი“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგს, გიორგი ეგუტიძეს ნომერზე 599 78 66 54

გისურვებთ ჯანმრთელობას!