რა უნდა გაითვალისწინოს ორსულმა თვითმფრინავით მგზავრობისას?

რა უნდა გაითვალისწინოს ორსულმა თვითმფრინავით მგზავრობისას?

მოგზაურობას თან სდევს სასიამოვნო განწყობა, ახალი თავგადასავლები, გართობა და მხიარულება.

თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მგზავრობის გარეშე. არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც სასურველია, რომ მომავალმა დედამ გაითვალისწინოს და მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს მგზავრობა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ნაყოფისთვის.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ამბულატორიული სამეანო–გინეკოლოგიის უფროსი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

იმ შემთხვევაში თუ ორსულობა არის ფიზიოლოგიური და მიმდინარეობს გართულებების გარეშე, ფრენა უსაფრთხოა.

რასაკვირველია, ყოველთვის უმჯობესია, რომ ორსულმა ფრენამდე გაიაროს კონსულტაცია პირად ექიმთან და თან იქონიოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  

მოგზაურობისა და ფრენის შესახებ წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ თქვენს პირად ექიმს. ყველაზე საშიში და არასასურველი გართულება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფრენამ ეს თრომბოემბოლიის რისკია, შესაბამისად, ზუსტად ამის პრევენცია უნდა მოხდეს.

ფრენის დროს და ასევე დაბალი რისკის ჯგუფის ორსულებში თრომბოემბოლიზმის პრევენცია მოიცავს 2 ძირითად და მარტივ კომპონენტს – ეს არის დეჰიდრატაციის თავიდან აცილება და აქტივაცია.

გაითვალისწინეთ მეან–გინეკოლოგის რეკომენდაცია:

  • ფრენის დროს მიიღეთ 1–1,5 ლიტრი სითხე, სასურველია ჩვეულებრივი წყალი;
  • ყოველ 1 ან 2 საათში ერთხელ ფეხზე ადექით და სალონში გაიარეთ;
  • თუ ფრენა ხანგრძლივი დროის განმავლობაშია, რეკომენდებულია, შეიმოსოთ ელასტიკური წინდით;
  • უპირატესობა მიანიჭეთ სპორტულ ტანსაცმელსა და კომფორტულ ფეხსაცმელს;
  • ფრენის დროს ფეხზე გაიხადეთ;
  • მოერიდეთ რთულად მოსანელებელ და ზედმეტად ცხიმიან საკვებს.    

გაითვალისწინეთ, რომ ორსულობისას ნაყოფი კარგად არის დაცული თქვენს საშვილოსნოში, მისთვის წარმოადგენთ საუკეთესო „ინკუბატორს“.

საშვილოსნო, მენჯის ძვლები და მუცლის ღრუ საიმედოდ იცავს პატარას, მაგრამ მაინც უმჯობესია, თავი შეიკავოთ ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული მგზავრობისგან.

სასურველია, ორსულმა იფრინოს 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.

უმეტესად ფრენას თავს არიდებენ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ამ დროს ორსულები უფრო მეტ დისკომფორტს გრძნობენ (ადვილად დაღლა, პირღებინება, ხშირი შარდვა). ასევე უმჯობესია კონკრეტულ ავიაკომპანიასთან შეთანხმდეს ორსულობის ვადები, რადგან თითოეული კომპანია განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს ორსულის ბორტზე დაშვების კუთხით.

ზოგადად, გაურთულებელი ერთნაყოფიანი ორსულობის დროს, 36 კვირამდე ფრენა შორ მანძილზე დაშვებულია ექიმის მიერ ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის დადასტურებით.

ამასთან, ავიაკომპანიების უმეტესობა ითხოვს ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას ორსულობის 28 კვირის ზემოთ.

თვითმფრინავით მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია.

აბსოლუტურ რეკომენდაციას და კატეგორიულად განსაზღვრულ ვადებს ვერ გამოვყოფთ, თუმცა სასურველია, რომ ფრენისგან თავი შეიკავოთ ორსულობის ბოლო ვადებზე (34-35 კვირა და ზემოთ).

კლინიკა  „ახალი სიცოცხლის“  მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.

კლინიკა„ახალ სიცოცხლეს“შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00.

გისურვებთ ჯანმრთელობას!