როდის და როგორ უნდა გაიზომოს ორსულმა წნევა?

როდის და როგორ უნდა გაიზომოს ორსულმა წნევა?

ორსულობისას წნევის ცვლილება ხშირია და წნევის სწორად გაზომვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგი ქეთევან იორდანიშვილი.

„ორსულებს წნევა მჯდომარე პოზიციაში უნდა გავუზომოთ. იდაყვისა და მხრის ძვალი უნდა ქმნიდეს 45–გრადუსიან კუთხეს. წნევა იზომება ორჯერადად ათ წუთიანი ინტერვალით, გულის დონეზე, ორივე ხელზე. მართებულად ითვლება უდიდესი მაჩვენებელი. ორსული უნდა იყოს მოსვენებული. არ შეიძლება წნევის გაზომვა კიბეზე ასვლის, სირბილის, საკვების მიღების შემდეგ ან სტრესულ სიტუაციაში“, – განმარტავს ქალბატონი ქეთი.  

ამასთან, არტერიული წნევის გაზომვა ხდება ყველა ანტენატალურ ვიზიტზე, როდესაც ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად.

რეკომენდებულია წნევის კონტროლი, თუ ორსულს აღენიშნება გარკვეული ჩივილები, მაგალითად:

  • თავის ტკივილი;
  • სისუსტე;
  • თავბრუსხვევა და ა.შ.

თუ დადასტურებულია ორსულთა ჰიპერტენზია, აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი დილასა და საღამოს.

როგორც ქალბატონი ქეთი ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, ორსულობისას წნევის მაღალ მაჩვენებლად ითვლება შემდეგი – 140/100 მმ.ვწ.სვ–დან!

როცა ორსულის არტერიული წნევა დაბალია

ხშირია დაბალი წნევა, რომელიც ორსულობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგია და გარკვეულ ეტაპამდე ორსულობის ფიზიოლოგიას მიეკუთვნება.

დაორსულების შემდეგ მცირე მენჯის ღრუში იზრდება სისხლის მიწოდება, საშვილოსნოს ადეკვატური კვების უზრუნველსაყოფად. ამასთან, იზრდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობაც, რის გამოც გულს გაძლიერებული მუშაობა უწევს. შეიძლება გულმა ამ დატვირთვას ვერ გაუძლოს და წნევა დაქვეითდეს. სისხლის წნევა 90–60 მმ.ვწ.სვ ჯერ კიდევ ნორმად ითვლება. თუ წნევის მაჩვენებელი ამ ნიშნულს ჩამოსცილდა უკვე ვსაუბრობთ ჰიპოტენზიაზე.   

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს ქეთევან იორდანიშვილს ნომერზე 577 32 71 19. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!