სალოვერი MR 0.4მგ #30ტ

სალოვერი MR 0.4მგ #30ტ

 

 

   პრეპარატის გამოყენებამდე  ყურადღებით გაეცანით აქ მოცემულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქციის ფურცელი. შესაძლებელია, კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ექიმმა ეს პრეპარატი  თქვენ დაგინიშნათ. არ მისცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა ავნოს სხვებს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
  • ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი  გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციის ფურცელში. იხილეთ ნაწილი 4. 

 

 ჩანართ ფურცელში თქვენ გაეცნობით:

1. რა არის  SALOVER MR  და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ SALOVER MR–ის  მიღებამდე

3. როგორ მიიღება SALOVER MR

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება SALOVER MR

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

 

1. რა არის  SALOVER MR  და რისთვის გამოიყენება

SALOVER MR – ტამსულოზინი ახდენს წინამდებარე ჯირკვლისა და საშარდე ტრაქტის კუნთების მოდუნებას, რაც ამარტივებს შარდის გამოყოფას და ხელს უწყობს შარდვას. გარდა ამისა, იგი ამცირებს მოშარდვის სურვილის შეგრძნებას..

ტამსულოზინი ინიშნება მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის გადიდებით  (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) გამოწვეული უროლოგიური  სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს შარდვის გაძნელება (შარდის სუსტი ნაკადი), წყვეტილად შარდვა, მოშარდვის იმპერატიული მოთხოვნილება და გახშირება როგორც ღამით, ასევე დღისით.

2. რა უნდა იცოდეთ  SALOVER MR  მიღების წინ

არ მიიღოთ SALOVER MR  თუ

  • ხართ ალერგიული ტამსულოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6). ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს რბილი ქსოვილების მწვავე შეშუპებით(მაგ. ყელი ან ენა), სუნთქვის გაძნელებით და/ან ქავილითა და გამონაყარით (ანგიოშეშუპება).
  • გახასიათებთ წნევის ვარდნა ფეხზე სწრაფი წამოდგომისას, რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, მსუბუქი გაბრუებითა და გულის წასვლით
  • გაქვთ ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

  SALOVER MR –ის  გამოყენების წინ  გაესაუბრეთ  ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გრძნობთ  თავბრუსხვევას, განსაკუთრებით წამოდგომისას. ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და შესაბამისად აღნიშნული სიმპტომები. სიმპტომების აღმოცენებისას სასურველია, დაჯდეთ ან დაწვეთ მათ სრულ გაქრობამდე.
  • თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები, უთხარით  ექიმს.
  • თუ გიტარდებათ ან დაგეგმილია თვალზე ოპერაცია ბროლის შემღვრევის (კატარაქტა) ან  მომატებული თვალშიდა წნევის (გლაუკომა) გამო შეიძლება განვითარდეს თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული  არასტაბილურობის სინდრომი (იხილეთ ნაწილი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები). უთხარით თვალის სპეციალისტს, რომ ადრე იღებდით, იღებთ ან გეგმავთ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის გამოყენებას. სპეციალისტი მიიღებს სათანადო ზომებს მკურნალობის ტაქტიკასა და ქირურგიულ მეთოდებთან დაკავშირებით. ჰკითხეთ ექიმს, უნდა გადადოთ თუ დროებით შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციული მკურნალობის დროს.

 

პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია იმ მდგომარეობის კონტროლისათვის, რისთვისაც იტარებთ მკურნალობას.

განავალში შეიძლება შენიშნოთ ტაბლეტის ნარჩენები. ვინაიდან ტაბლეტის აქტიური ინგრედიენტი უკვე გამოთავისუფლებულია, ტაბლეტის ეფექტიანობის შემცირების რისკი არ არსებობს.

 

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე.

SALOVER MR  და სხვა პრეპარატები 

ტამსულოზინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე. აგრეთვე სხვა პრეპარატებმაც შეიძლება იმოქმედონ ტამსულოზინზე. შეიძლება აღინიშნოს ტამსულოზინის ურთიერთქმედება შემდეგ პრეპარატებთან:

  • დიკლოფენაკი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ამ პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის ორგანიზმიდან გამოყოფა და შესაბამისად  შეამციროს ტამსულოზინის ეფექტიანობის დრო.
  • ვარფარინი,  სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი.  პრეპარატმა შეიძლება დააჩქაროს ტამსულოზინის ორგანიზმიდან გამოყოფა  და შესაბამისად შეამციროს ტამსულოზინის ეფექტიანობის დრო.
  • სხვა  α1A-ადრენორეცეპტორის ბლოკატორი. ამგვარმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და შესაბამისად  სისუსტე და თავბრუსხვევა.
  • კეტოკონაზოლი, კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება. ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ტამსულოზინის ეფექტურობა.

 

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს  თუ იღებთ, ცოტა ხნის იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები.

 

SALOVER MR–ის  ურთიერთქმედება  საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ტამსულოზინის მიღება დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.

 

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა

ტამსულოზინი არ გამოიყენება ქალებში.

მამაკაცებში აღინიშნა ეაკულაციის დარღვევა: სპერმა გამოიყოფა  არა ურეთრით, არამედ გადადის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია),  ეაკულატის მოცულობა შემცირებულია ან საერთოდ არ არსებობს (ეაკულატის უკმარისობა). ეს მოვლენა სახიფათო არ არის.

 

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტამსულოზინი გავლენას ახდენს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.  გაითვალისწინეთ, რომ ტამსულოზინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ავტომობილი ან მექანიზმები მართეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს გრძნობთ კარგად. 

 

3. როგორ მიიღება  SALOVER MR  

პრეპარატი მიიღეთ  ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტამსულოზინი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე, უმჯობესია ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. ტაბლეტის გატეხვა  ან დაღეჭვა  ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას.

ტამსულოზინი არ გამოიყენება ბავშვებში.

 

თუ მიიღეთ იმაზე მეტი SALOVER MR ,  ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტამსულოზინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება, განვითარდეს თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება, დიარეა და გონების დაკარგვა. დაწექით აღნიშნული სიმპტომების შესამცირებლად  და შემდეგ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

 

თუ დაგავიწყდათ SALOVER MR  -ის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება , შეგიძლიათ ტამსულოზინის გამოტოვებული დოზა მიიღოთ მოგვიანებით იმავე დღეს. თუ ერთი დღე გამოგრჩათ პრეპარატის მიღება, შემდეგ დღეს  მიიღეთ ერთი ტაბლეტი ჩვეულ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

 

თუ შეწყვეტთ  SALOVER MR–ის    მიღებას

ტამსულოზინით მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას, შეიძლება კვლავ განვითარდეს თავდაპირველი ჩივილები. ამიტომ, მიიღეთ პრეპარატი ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩივილები გაქრა. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია  ექიმთან, თუ აპირებთ თერაპიის შეწყვეტას.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები

მსგავსად ნებისმიერი სხვა მედიკამენტისა, ტამსულოზინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით  ექიმს, თუ განვითარდა ისეთი მძიმე ალერგიული  რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიოშეშუპება).

 

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

თავბრუსხვევა, ეაკულაციის დარღვევა (სპერმა გადადის არა ურეთრაში, არამედ შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა შემცირებულია ან საერთოდ არ არის (ეაკულაციის უკმარისობა). ეს მოვლენა სახიფათო  არ არის.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება (გახშირებული გულისცემა); არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას (ორთოსტატიური ჰიპოტენზია); ცხვირის ლორწოვანის შეშუპება და გაღიზიანება (რინიტი); ყაბზობა; დიარეა; გულისრევა; ღებინება; გამონაყარი; ქავილი; ჭინჭრის ციება (ურტიკარია); სისუსტის შეგრძნება (ასთენია)

უიშვიათესი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1 ადამიანში)

გონების დაკარგვა (სინკოპე)

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანში)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი); ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე  (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

 

გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

მხედველობის დაბინდვა; მხედველობის დაკარგვა; ცხვირიდან სისხლდენა; პირის სიმშრალე

გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა; ექსფოლიატური დერმატიტი)

გულის რითმის დარღვევა; არარეგულარული გულისცემა; აჩქარებული გულისცემა; სუნთქვის გაძნელება

ბროლის შემღვრევის (კატარაქტა) ან თვალშიდა წნევის მომატების გამო  (გლაუკომა) ოპერაციული ჩარევის დროს შეიძლება განვითარდეს თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი - გუგები არ გაფართოვდეს სათანადოდ და ოპერაციის დროს ფერადი გარსი მოდუნდეს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 2 – გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

 

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მითითებული არ არის  ინსტრუქციის ამ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

5. როგორ ინახება  SALOVER MR  

შეინახეთ  პრეპარატი სინათლისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი წელს. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ბლისტერი კოლოფში  სინათლისაგან დაცვის მიზნით. 

არ გადაყაროთ მედიკამენტები საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს  SALOVER MR  

  • აქტიური ნივთიერება არის 0,400მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი, რაც 0,367მგ  ტამსულოზინის ექვივალენტურია.
  • სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის შიგნით: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კარბომერი,  კოლოიდური სილიციუმი უწყლო , რკინის ოქსიდი წითელი (E172), მაგნიუმის სტეარატი

ტაბლეტის გარსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, კარბომერი,  კოლოიდური სილიციუმი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი

SALOVER MR  -ის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები წარწერით “T9SL” ერთ მხარეს და “0.4” მეორე მხარეს.

შეფუთულია ბლისტერებში

30 ტაბლეტი

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

შპს „ავერსი–ფარმა“

თბილისი. აღმაშენებლის გამზ.148

 

მწარმოებელი:

Synthon Hispania, S.L.Spain

Under License: Synthon BV, Microweg 22,

6545 CM Nijmegen, The Netherlands