თავის ტკივილი

კითხვა: გამარჯობათ მაწუხებს თავის ხშირი ტკივილი და წვა ძალიან მეწვის ხოლმე ორივე მხარეს რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?
პასუხი:

თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს. ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადების: ნევროზის, დეპრესიული მდგომარეობის, ჰიპერტონიული დაავადების, თირკმლისა და ენდოკრინული პათოლოგიების, ნერვული სნეულებების დროს . თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.
თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი, თანამედროვე კლასიფიკაციით, ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. თავის ტვინის ორგანული დაავადებები და თავზურგტვინის სითხის დინამიკური მოშლილობები. მათ მიეკუთვნება: თავის ქალას ტრავმები - ტკივილი ლოკალიზებული ან ზოგადია და შედარებით ცუდად ემორჩილება მკურნალობას; თავის ტვინში არსებული მოცულობითი წარმონაქმნები - ტკივილი, ჩვეულებრივ, დილაობით ძლიერდება, ერთვის გულისრევა და ღებინება; თავის ტვინის ანთებითი დაავადებები (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი).
2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია.
3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს.
4. არატვინოვანი მიზეზები. ეს ყველაზე დიდი ჯგუფია.მას ეკუთვნის:
კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
ნებისმიერი ბუნებისა და ლოკალიზაციის ინფექციური დაავადება, რომელთა 40% თავის ტკივილის მწვავე შეტევებს იწვევს, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თავის ტკივილის შეტევით იწყება; მედიკამენტური თავის ტკივილი (ამ მხრივ აღსანიშნავია ორალური კონტრაცეპტივები, ნიტრატები, კოფეინი); მეტაბოლური მოშლილობები (ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, დიალიზი და სხვა); ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია, ჰიპოთირეოიდიზმი, წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება); თავის ქალას, კისრის, თვალის, ყურის, ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების, კბილების, პირის ღრუს პათოლოგიები.
თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს - თავის კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც სპეციალისტს თავის ტვინში მიმდინარე ორგანული თუ არაორგანული ცვლილებების შესახებ უნიკალურ ინფორმაციას აწვდის. ტარდება ანგიოგრაფია. ზოგჯერ საჭირო ხდება ოკულისტის კონსულტაცია, რადგან თვალის ფსკერის გამოკვლევით ამ მხრივ საკმაოდ საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში და გაიაროთ აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასოდ ვიზიტი , ყოველ პარასკევს .ვიზიტისათვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა