რადიოთერაპიის დეპარტამენტი

სხივური ამაჩქარებლების შესახებ

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.  

რას სთავაზობს პაციენტებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს. რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.

რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება სხვადასხვა ორგანოს რადიოთერაპია და სხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია:

  • ცენტრალური ნერვული სისტემა;
  • თავი;
  • კისერი;
  • ფილტვი;
  • ძუძუ;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოები;
  • უროლოგიური ონკოლოგიური დაავადებები;
  • გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებები;
  • ლიმფომები;
  • ჰემატოლოგიური სიმსივნეები;
  • ძვლის და რბილი ქსოვილები;
  • კანი;
  • თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზები.

რადიოთერაპიის დეპარტამენტისა და უცხოეთში მოღვაწე ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობა

უმნიშვნელოვანესია პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა. ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტისა და უცხოეთში მოღვაწე, ამ სფეროში წარმატებული ქართველი ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობით. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი.

მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

უახლოეს მომავალში ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის სერვისს დაემატება რადიოქირურგია (SRS,SBRT) და ბრაქითერაპია, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ამ მიმართულებით პაციენტების მკურნალობას.

 

ექიმები

სიახლეები