მნიშვნელოვანი ინფორმაცია ონკოლოგიური პაციენტებისთვის – ემორის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ონკოლოგიური პაციენტებისთვის – ემორის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია წაიკითხა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ეწვია რადიოლოგიისა და ბირთვული მედიცინის სრული პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტალის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი რაგუვერ ჰალკარი.

მისი მოხსენება თანამედროვე ონკოლოგიაში პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის როლს მიეძღვნა. ისაუბრა თუ რა უპირატესობით გამოირჩევა პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია სხვა სადიაგნოსტიკო კვლევებთან შედარებით, რატომ ითვლება PET/CT (პეტ კატე) ონკოლოგიაში ოქროს სტანდარტად, კიბოს დიაგნოსტირებაში უალტერნატივო მეთოდად.

ბატონ რაგუვერს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი დაათვალიერებინეს კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ, რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა და რადიოთერაპიის დეპარტამენტის სხივურმა თერაპევტმა, ბირთვული მედიცინის სპეციალისტმა შორენა ესიაშვილმა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და საქართველოში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს კლინიკა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობს.

კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტში სიახლეა – სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის ბოლო თაობის ციფრული აპარატით აღიჭურვება. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ემორის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ითანამშრომლებს კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტთან, თითოეულ რთულ, ონკოლოგიურ კლინიკურ შემთხვევას ქართველ სპეციალისტებთან ერთად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ რაგუვერ ჰალკარი 35 წელზე მეტია ბირთვულ მედიცინაში მოღვაწეობს, შესაბამისად, ონკოლოგიაში მისი შეტანილი წვლილი შეუფასებელია. მსოფლიოში მეორე პეტ–სკანერით ემორის უნივერსიტეტი სწორედ რომ ბატონ ჰალკარის ხელმძღვანელობით აღიჭურვა.  

რა არის პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია?

PET/CT (პეტ კატე) ადამიანის ორგანიზმს მთლიანად იკვლევს. ძირითადად გამოიყენება ონკოლოგიაში, თუმცა ბოლო წლებში დარეგისტრირდა ბევრი ახალი იზოტოპი, რომლის საშუალებითაც ხდება გულისა და ნერვული სისტემის უფრო დეტალური და ფუნქციური გამოკვლევა, აგრეთვე ფარული ინფექციის კერების გამოვლენა. პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია მიეკუთვნება ფუნქციური კვლევის მეთოდს. იგი გვიჩვენებს მეტაბოლურ ცვლილებებს ორგანიზმში. მეტაბოლური ცვლილებები კი ყოველთვის წინ უსწრებს მორფოლოგიურს, სწორედ კვლევის ამ მეთოდითაა შესაძლებელი ონკოლოგიური დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე. ამ უმნიშვნელოვანესი კვლევით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადების სტადიის დადგენა, სიმსივნის გავრცელების ზუსტი ანატომიური და ფუნქციური სურათის მიღება. PET/CT ამავდროულად გამოიყენება  ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგების შესაფასებლად. ამ კვლევის შედეგად თითქმის 36 პროცენტით იცვლება მკურნალობის ტაქტიკა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი. დეპარტამენტში ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ სხივური თერაპია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.

რადიოთერაპიის დეპარტამენტში მკურნალობის მეთოდს ქართველ სპეციალისტებთან ერთად არჩევენ მოწვეული ექსპერტები აშშ–დან (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა) და ესპანეთიდან (Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი).

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!