ინსულტის ცენტრი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დანერგილია ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

ეს (თავის ტვინის ინფარქტი) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა.

ერთმანეთისგან განასხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს. 

იშემიური ინსულტი

იშემიური ფორმა ვითარდება თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის ან/და ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების შედეგად, რომელსაც ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება.

ჰემორაგიული ინსულტი

ჰემორაგიული ფორმა ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას, რის ფონზეც რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები? 

პათოლოგიის პირველადი ნიშნებია:

  • ძალის დაქვეითება კიდურებში;
  • თავბრუსხვევა;
  • სახის ასიმეტრია;
  • მეტყველების დარღვევა;
  • დამბლა;
  • თავის ტკივილი;
  • პირღებინება;
  • ცნობიერების დაქვეითება.
  • მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • სახის მიდამოს, კიდურების დაბუჟება;

რა არის გარდამავალი, ე.წ. მინი, მცირე ინსულტი?

ამ შემთხვევაში სიმპტომები (სიმპტომები ნამდვილ პათოლოგიას ძალიან ჰგავს) აღმოცენებიდან მცირე დროში ქრება. სწორედ აქ უშვებენ შეცდომას პაციენტები ან პაციენტების ახლობლები და ფიქრობენ, რომ სიმპტომები რადგან დროულად ალაგდა საშიში არაფერია. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ ორგანიზმი ვერაგი პათოლოგიის განვითარების რისკზე განგაშს ტეხს.    

რა არის განმეორებითი ინსულტი?

მის განვითარებაში მთავარი როლი საძილე არტერიის ფოლაქებს მიუძღვის, რომელიც ავიწროებს ამ სისხლძარღვს და ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუარესებას იწვევს.

გამომწვევი მიზეზები

პათოლოგია უფრო ხშირად უვითარდებათ 60 წელს გადაცილებულ პირებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ შემდეგი პათოლოგიები:

  1. ათეროსკლეროზული ცვლილება;
  2. მიოკარდიუმის ინფარქტი;
  3. გულის რევმატიული მანკი;
  4. არითმია;
  5. შაქრიანი დიაბეტი.

პათოლოგიის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით.

ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით.

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების, რეგიონში ექსკლუზიური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12.

პათოლოგიის მართვის მიზნით კლინიკაში დანერგილია:

  • მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური  თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფით);
  • თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ასევე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფით);
  • ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
  • განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორეული პრევენცია);
  • ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია;
  • ჰემორაგიული ფორმის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა და სხვა.

იშემიური ფორმის სამკურნალოდ, თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია. მეთოდს პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით ინდივიდუალურად არჩევენ.

რა არის თრომბოლიზისი?

თრომბოლიზისით იშლება თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბი, ხდება სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს პათოლოგიის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას.

რა არის თრომბექტომია?

ენდოვასკულური თრომბექტომია მცირეინვაზიური ჩარევაა. ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება.

სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის ზოგჯერ მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება კომბინირებული მკურნალობა (ანუ თრომბოლიზისი და თრომბექტომია ერთად).

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით – უპირობო ლიდერი დიაგნოსტირებაში

კლინიკაში ამ უმნიშვნელოვანესი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. მწვავე იშემიური ფორმის დროს პერფუზია წარმოადგენს შეუცვლელ კვლევას, რადგან ახორციელებს იშემიის შედეგად დაღუპული და დაღუპვის რისკის ქვეშ მყოფი უჯრედების (ქსოვილების) დიფერენცირებას.

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა.

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით ნიშნავს თავის ტვინის პარენქიმის შეფასებას სისხლმომარაგების და მისი დარღვევის შემთხვევაში, თავის ტვინის ნივთიერების ცვლილებების ხარისხის განსაზღვრას.

ამ მეთოდის საშუალებით დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა. ფერადი რუკა კი შესაძლებელს ხდის აღმოჩენილ იქნას დაზიანების უმცირესი ზომის კერაც კი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არაერთი გაეწერა კლინიკიდან შრომისუნარიანი, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე.

ექიმები

სიახლეები